კელი დეგნანი: აშშ მოხარულია, აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი - სამსახურებს

კელი დეგნანი: აშშ მოხარულია, აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა - ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი - სამსახურებს

„ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, აჩუქოს საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ქართველი ხალხის დასახმარებლად. დღეს შევხვდი ეკატერინე ტიკარაძეს, რათა გვემსჯელა ლოჯისტიკურ საკითხებზე, რაც საკმაოდ კომპლექსურია“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ჯადაცვის სამინისტროში, უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდეგ.

მან ხაზი გაუსვა ვაქცინაციის აუცილებლობას და იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი ამ შესაძლებლბას გამოიყენებს.

„ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს საქართველომ ვაქცინა და ასევე, დავეხმაროთ ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაში იმისათვის, რომ მოსახლეობა აიცრას. თითოეული ჩვენგანის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია. როგორც მსოფლიოს მაგალითზე ვიხილეთ, ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი - სამსახურებს. მნიშვნელოვანია მოსახლეობამ გამოიყენოს ეს შანსი და იმედი მაქვს, როგორც კი ჩამოვა ვაქცინა, ქართველები გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას და აიცრებიან“, - აღნიშნა დიპლომატმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 388 329 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 366 250, გარდაიცვალა 5 566 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.