ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავაზე: ამ ეტაპზე ცალსახად ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა

ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავაზე: ამ ეტაპზე ცალსახად ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა

„იმედის კვირა“ დამოუკიდებელ ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძეს შეხვდა, რომელიც ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიებაში „ტვ პირველის“ დაკვეთით არის ჩართული. მისი თქმით, 5 ივლისს მიღებული ტრავმა ოპერატორის სიკვდილს ვერ გამოიწვევდა.

„ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით სხეულში გამოვლინდა ხუთიოდე ნარკოტიკული ზემოქმედების მატარებელი ნივთიერებები. შესაბამისად, იმის გამო, რომ ცალსახად ამ ეტაპზე ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. მაპროვოცირებელი შესაძლოა თუ არა ყოფილიყო ეს ტრავმა დამდგარი შედეგის ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფონზე - ამ თვალსაზრისით გვჭირდება სწორედ პირველ რიგში ლაბორატორიული მონაცემების ნახვა, თუ რა ცვლილებებია მიკროსკოპულად შინაგან ორგანოებში და ამ მონაცემების მიღებისა და ანალიზის შემდგომ მაღალი ალბათობით დაგვჭირდება ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტების ჩართულობა. რამეთუ ამ ეტაპზე, ბუნებრივია, ვერანაირ კატეგორიულ პასუხს მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ტრავმასა და დამდგარ შედეგს შორის ვერ ვისაუბრებ. როდესაც სრულად და ბოლომდე მივიღებთ შედეგებს, ამ ექსპერტიზაში მონაწილეობა უნდა მივაღებინოთ გამოცდილ, ცნობილ და ავტორიტეტულ ვიწრო პროფილის კლინიცისტებს. კერძოდ, ნარკოტიკების აღმოჩენასთან მიმართებაში გვაინტერესებს ნარკოტიკების ოდენობა, კონცენტრაცია“, - განაცხადა გეჯაძემ.

ლექსო ლაშქარავა, 11 ივლისს, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ერთი კვირის წინ, ოპერატორს „თბილისი პარაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.