გუშინ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ბრაზილიისა და იტალიის ეროვნული გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად დაუპირისპირდნენ.
სამხრეთ ამერიკისა და ევროპის კონტინენტის წარმომადგენლების მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა.
„სკუადრა აძურას“ რიგებში თავი კლუბი „მილანის“ მუქკანიანმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ გამოიჩინა. შეხვედრის მეორე ნახევარში „ბალომ“ შორეული დარტყმით წონასწორობა აღადგინა.
მატჩის შემდეგ გამოცემა „Goal.com” კლუბი „სანტოსისა“ და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელ ნეიმარს ესაუბრა.
„ვარსკვლავთბიჭუნამ“ მეტოქე გუნდიდან მარიო ბალოტელი გამოყო და მისი მისამართით ქება არ დაიშურა.
„ბალოტელის ასპარეზობას დიდი ხანია თვალს ვადევნებ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ამბობენ რომ რთული პიროვნება ბრძანდება, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ.
მთავარია, რომ ბალოტელი მწვანე მინდორზე სასწაულებს სჩადის და გულშემატკივრებს დიდ სიხარულს ანიჭებს.“ - განაცხადა ნეიმარმა.