საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხრიდან ყველა მედიასაშუალებასთან იყო კომუნიკაცია.
კუჭავას თქმით, მათ მიეცათ საშუალება, წარმოედგინათ სია, ვისთვისაც სურდათ საშვის დაშვება.
„ეს არის ფაქტი, ამას ვერ გაექცევით. ნებისმიერ ჟურნალისტზე, თუ ჯგუფის წევრზე, ვისზეც მოვიდა მოთხოვნა, ყველაზეა საშვი დაშვებული. სტუმრებთან დაკავშირებით საშვის დაშვება დღეს არ იქნება, რომ არ განმეორდეს იგივე, როცა თქვენ, მათ შორის, პარლამენტის წევრები 12 ივლისს, წინა რიგგარეშე სხდომაზე შეეცადეთ, სხდომა ჩაშლილიყო. ამის უფლებას ვერ მოგცემთ, დღეს აუცილებლად გაიმართება მინისტრის მოსმენა და თქვენც მიიღებთ ამ სხდომაში მონაწილეობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არცერთ ჟურნალისტზე არ ყოფილა შეზღუდვა, მედიის წარმომადგენლებმა რა სიაც მოგვაწოდეს, ყველაზე იქნა საშვი დაშვებული. ევროკავშირის სტანდარტებია სასესიო დარბაზში შემოჭრა და სხდომის ჩაშლა? თქვენ გქონდათ კომუნიკაცია ევროპარლამენტარებთან? მე მქონდა და გაოგნებულები იყვნენ იმ საქციელით, სხდომის ჩაშლას რაც ეხებოდა. სადმე, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში წარმოგიდგენიათ, დარბაზში რომ შევარდნილიყვნენ? მალე ვარეგისტრირებთ კანონპროექტს, მკაცრად იქნება დარეგულირებული ნებისმიერი სახით დროშის ხელყოფა“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში ჟურნალისტებს არ უშვებენ. „ერთადერთი, მე მოვითხოვე ჟურნალისტების სია, რომელიც გადაცემული იყო მათ შორის „ლელოს“ და ჩვენ მიერ. ჟურნალისტებს არ უშვებენ, პარლამენტი გადააქციეს ყაზარმად, ამიტომ მე მოვთხოვე პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოვიდეს ჩემთან ერთად გარეთ და შეხედოს ჟურნალისტებს, უშვებენ თუ არა და, როგორც ყოველთვის, საერთოდ არაფერი სათქმელი არ ჰქონდათ და ამიტომ დაასრულეს სხდომა მალე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.