„კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალია, „აფეთქებას“ უნდა ველოდოთ შემოდგომაზე“ - მოსალოდნელია თუ არა მორიგი „ლოკდაუნი“

„კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალია, „აფეთქებას“ უნდა ველოდოთ შემოდგომაზე“ - მოსალოდნელია თუ არა მორიგი „ლოკდაუნი“

დღიური მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის ახალმა შემთხვევებმა იმატა. 16 ივლისს კორონავირუსი 1653 პირს დაუდასტურდა. ამასთან, ბავშვებში ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, რასაც სპეციალისტების ნაწილი „დელტა“ სახეობით ხსნიან. ჯამში, საქართველოში ე.წ. ინდური შტამის 72 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის ფონზე, ინფექციონისტები მოსალოდნელ ე.წ. მეოთხე ტალღასა და მორიგ, „ლოკდაუნზე“ ალაპარაკდნენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში For.ge-ს უთხრეს, როდესაც საკოორდიანციო საბჭოს სხდომა იქნება, აღნიშნულის შესახებ მთავრობა, მაშინ გაავრცელებს ინფორმაციას.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე არ ელოდება „ლოკდაუნის“ გამოცხადებას. მისი თქმით, ეს უკვე უკიდურესი ზომა იქნება, რომელიც გაურესებული, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უნდა მოხდეს, რაც შესაძლოა შემოდგომაზე იყოს მოსალოდნელი.

„არ მგონია, „ლოკდაუნი“ გამოცხადდეს. ეს უკიდურესი ზომა არის. რა შეზღუდვაც არის, დახურულ სივრცეში ნიღბის ტარება, ის უნდა აღსრულდეს. ამის აღსრულების კონტროლი გაძლიერდეს და ასევე კომუნიკაცია მოქალაქეებთან, - ამ შემთხვევაში ეს არის ყველაზე ეფექტური, რადგან თითოეული „ლოკდაუნი,“ მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა, „კომენდანტის საათი“ თუ სხვა საქმიანობების შეზღუდვა, ეს არის ყველაზე უკიდურესი ფორმა, როდესაც სხვა გონივრული შეზღუდვები არ იმუშავებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აქამდე საქმე არ მივა.

ეს ტალღები პირობითი თემა არის. პანდემია არსად არ წასულა. ჩვენ არც პირველი ტალღა გვქონია. დავიწყეთ შარშან შემოდგომაზე და ახლა გრძელდება ეს ყველაფერი. უბრალოდ გვქონდა პერიოდი გაზაფხულზე, როდესაც შევძელით შეზღუდვების პირობებში, შემთხვევების მაქსიმალურად შემცირება. ახლა კვლავ აღმავალ მრუდზე ვართ შემთხვევები კუთხით, რადგან მოიხსნა ყველანაირი შეზღუდვა და რაც მთავარია, მოქალაქეები, სამწუხაროდ, არ იცავენ ღია სივრცეში და ხალხმრავალ ადგილებში რეკომენდაციებს, არ ჰქონდეთ სხვებთან კონტაქტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს დაინფიცირება, მით უმეტეს, ახალი „დელტა“ შტამის გავრცელების პირობებში.

რეალურად ეს არის მიზეზი იმისა, რომ ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალია, მაგრამ „აფეთქებას“ უნდა ველოდოთ შემოდგომაზე, რადგან ადამიანები უფრო მეტ დროს ატარებენ დახურულ სივცრეში. ამიტომ, ძალიან მნიშვენლოვანია, რომ მანამდე, ბევრი ადამიანი აიცრას იმისათვის, რომ არ გვქონდეს ასეთი დიდი „აფეთქება,“ რომელსაც მეოთხე ტალღას დავარქმევთ, მეხუთეს, თუ მეცხრეს, მნიშვნელობა არ აქვს. სანამ ჩვენი მოქალაქეები დიდი რაოდენობით აცრას ვერ შევძლებთ, მანამდე ჩვენს სულ მოლოდინში ვიქნებით ამ ტალღების“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე არსებული ეპიდსიტუაციას საყურადღებოს უწოდებს. როგორც მან მედიას განუცხადა, არ არის მოსალოდნელი კიდევ ერთი „ჩაკეტვა,“ რაც, მისი თქმით, საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.

„ეპიდსიტუაცია ძალიან დამაფიქრებელი და საყურადღებოა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე, აღინიშნებოდა ახალი შემთხვევების სერიოზული ზრდა, ზოგიერთი ნატხომისებურ ზრდაზეც მეტყველებდა. დღეს შეინიშნება გარკვეული სტაბილიზაცია, მაგრამ მაინც მაღალ დონეზეა. ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 1300-დან 1800-მდე, რაც ძალიან მაღალი დონეა“, - თქვა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა გამოწვეულია, ქვეყანაში რეგულაციების მოხსნის ფონზე, მოსახლეობის მიერ რეკომენდაციების არდაცვით, თუმცა, როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დღეს ხელახლა „ლოკდაუნის“ გამოცხადება არ განიხილება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა წესებისა და რეკომენდაციების დაცვისაკენ.

თენგიზ ცერცვაძემ ასევე ისაუბრა შეზღუდვების გაუქმებაზე. ცერცვაძის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა სახელმწიფოს და მოქალქეების პოზიციიდან გამართლებული იყო.

„ყველამ ვიცით, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად, გაუქმებულია ყველა შეზღუდვა. ის რეგულაციები, რომელიც დარჩენილია - პირბადის ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, მოსახლეობის მიერ სათანადოდ არ სრულდება. მოსახლეობამ შეზღუდვების გაუქმება აღიქვა, როგორც ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ ყველაფერზე შეიძლება უარი თქვას და მოსახლეობამ ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას. შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ზრდის მცდელობისკენ, ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ, იმისთვის, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, არ უნდა იყოს აღქმული ისე, რომ ყველანაირ რეგულაციაზე უარი ვთქვათ, პირიქით - მკაცრი შეზღუდვების არარსებობის პირობებში, უფრო მკაცრად უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რომელიც დარჩა - ეს არის პირბადის ტარება დახურულ სივრცეში და ხალხმრავალი შეკრებების ადგილზე და ამ ხალხმრავალი შეკრებებისგან მაქსიმალური თავის არიდება.

ძალიან ბევრს აინტერესებს რა ზომების მიღებას გეგმავს სახელმწიფო, ხომ არ აპირებს ისევ შეზღუდვების განახლებას, ან „ლოკდაუნის“ გამოცხადებას? - არა. შეიძლება საჭიროც არის, მაგრამ თუ ავწონ-დავწონით ყველაფერს, მის პოზიტიურ და ნეგატიურ მხარეებს, ჯერჯერობით სახელმწიფო მყარად დგას იმ აზრზე, რომ არანაირი მკაცრი შეზღუდვები და „ლოკდაუნები“ არ განაახლოს, რადგან, როგორც იქნა, ქვეყანამ ამოისუნთქა, აღინიშნება საკმაოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ტურისტული სეზონიც საკმაოდ წარმატებულია. ყველაფრის უკან შებრუნება ძალიან მტკივნეული იქნება ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის და ხალხისთვის. ამიტომ, ქვეყანა გაზრდილი მობილობის პირობებშიც, ჯერჯერობით არ გეგმავს შეზღუდვებს და „ლოკდაუნებს“.

„თუ ვილაპარაკებთ სუფთა ექიმის პოზიციიდან შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, ვიჩქარეთ, მაგრამ თუ ვილაპარაკებთ სახელმწიფოს პოზიციებიდან და მოქალაქეებისთვის ნორმალური ცხოვრების საჭიროების პოზიციებიდან, არ ვიჩქარეთ. მეტი გაგრძელება არ შეიძლებოდა, ვერ გაუძლებდა ამას ქვეყნის ეკონომიკა და მოქალაქეების მოთმინების ფიალაც ივსებოდა. ექიმის პოზიციიდან ეს გამართლებული არ იყო, მაგრამ სახელმწიფოს და მოქალქეების პოზიციიდან გამართლებული იყო. რახან ეს გაკეთდა და შეზღუდვები მოიხსნა, ახლა ნუღარ ვიწუწუნებთ, რა ვქნათ. შეზღუდვების განახლება ჯერ ამ სიტუაციაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მიზანშეწონილად მიმაჩნია, რომ კლინიკური სექტორის მობილიზაცია მოხდეს მაქსიმალურად, კლინიკურმა სექტორმა მიიღოს ეს სერიოზული გამოწვევა და ძირითადი დარტყმა თავის თავზე აიღოს და კლინიკური სექტორი აღმოჩნდ ეს გაზრდილი დატვირთვის ქვეშ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

amo სინოფარმით მესამე აცრა როდის დაიწყება?
3 წლის უკან