მთავრობა მომავალი კვირიდან 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაციას აანონსებს

მთავრობა მომავალი კვირიდან 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაციას აანონსებს

ციციშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია for.ge-ს კლინიკაში დაუდასტურეს. გარდაცვლილი 3 კვირის ჩვილი (ალფა) ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული.

ამის გარდა, კლინიკაში კიდევ ორი ჩვილი რჩება მართვით სუნთქვაზე, აქედან ერთი ინდური შტამით (დელტათი) არის ინფიცირებული.

„ციციშვილის კლინიკაში 72 ბავშვი წევს, მათგან მოზრდილებიც არიან. რეანიმაციაში 20 ბავშვი გვიწევს და ორი მართვით სუნთვაზე რჩება. ამ 72 ბავშვიდან ინდური შტამი ერთს აქვს დადასტურებული. ექვენირება სულ ამ ბავშვზე გაკეთდა, სხვა ყველა კოვიდინფიცირებული გვყვავს, უბრალოდ არ ვიცით, რომელი შტამით არიან დაინფიცირებულნი. ამ სამიდან, ორი „ალფა“ შტამით არის ინფიცირებული, ერთი „დელტა“ შტამით და სწრორედ ამ სამი პაციენტიდან გარდაიცვალა ერთი“, - განუცხადა for.ge-ს ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.

როგორც for.ge-მ გაარკვია, კოვიდინფიცირებული ბავშვები ამ ეტაპზე მხოლოდ ციციშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებული.

„იაშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირეულ ბავშვებს არ ვაწვენთ, ამიტომ ჩვენ არ გვყავს“, - გვითხრა იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

ბავშვებში და მოზარდებში მომატებული კოვიდ-19-ის რაოდენობის გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი კვირიდან 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია დაიწყება. მოზარდები „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„უკვე მომავალ კვირაში მინისტრის ბრძანება იქნება ამასთან დაკავშირებით. ბრიტანეთში უკვე 12-დან 15 წლამდე მოზარდებს ცრიან, ისევე როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, იტალიასა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. მაგრამ უფრო ადრეულ ასაკში არსად დაწყებულა ვაქცინაცია და იგივე 12-15 წელიც უმრავლეს ქვეყნებში ჯერ არ დაწყებულა, ჩვენ დაველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროპის წამლის სააგენტოს რეკომენდაციებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მოზარდების აცრას ინფექციონისტები და ჯანდაცვის ექსპერტებიც მიესალმებიან.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში მოზარდებს უკვე 12 წლიდან „ფაიზერის“ ვაქცინით ცრიან, ამიტომ მისთვის მისაღებია, რომ საქართველოშიც დაიწყოს 16 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია.

„მსოფლიოში ცნობილი ფაქტია, რომ „დელტა“ (ინდური შტამი) მოზარდებში და ბავშვებში ძალიან სწრაფად ვრცელდება და ასევე, „დელტა“ შტამმა საქართველოშიც დაიწყო გავრცელება. შესაბამისად, გარკვეული წილი ინფიცირებულების ბავშვებზე მოდის. ამაში განსაკუთრებული არაფერია და მოსალოდნელიც იყო.

რაც შეეხება საქართველოში მოზარდების ვაქცინაციას, ვაქცინაციის საბჭომ ეს თემა განიხილა. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში მოზარდების აცრის პრეცენდენტი არსებობს, ჩემი აზრით, ამ საკითხზე მსჯელობა მიზანშეწონილია. ჩვენთა არსებული ვაქცინებით, მოზარდების აცრა მხოლოდ „ფაიზერით“ არის დაშვებული. რაც შეეხება უკუჩვენებებს, რაც დიდებში შესაძლოა იყოს უკუჩვენება, ანალოგიურად არის ბავშებიც“, - განუცხადა for.ge-ს ალექსანდრე გოგინავამ.

კოლეგას ეთანხმება ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძეც. როგორც მან for.ge-თან საუბრისას განაცხადა, მოზარდების აცრა აქამდეც უნდა დაწყებულიყო.

„ვირუსისგან დაცვის საშუალება მხოლოდ აცრა რჩება, მით უმეტეს, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა, ამიტომ აცრებს მივესალმები კი არა, აუცილებელიც არის.

როდესაც საუბარი ბავშვებზეა, პირველ რიგში, ისე და ისევ მშობლების პასუხისმგებლობა დგება, რადგან ბავშვი მაინც ისე აქტიურად არ მოძრაობს, როგორც მშობლები. პირველ რიგში მშობელმა არ უნდა მიიტანოს ვირუსი, განსაკუთრებით კი ახლდაბადებულებზე მაქვს საუბარი. რა თქმა უნა, მოზრდილი ბავშვები მთელი დღე ქუჩაში არ უნდა იყვნენ. ჩემს ირგვლივ ვუკვირდები რაც ხდება და ღამის 2 საათამდე ჟივილ-ხივილია ხოლმე, შესაბამისად კონტაქტებიც აქტიურდება. ბავშვების დისტანცირება უნდა მოხდეს. პირველ რიგში, ისევ და ისევ უფროსები უნდა აიცრან, რათა დაიცვან საკუთარი შვილები“, - გვითხრა ირაკლი ხმალაძემ.

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ 12 წლიდან აცრაც კი შესაძლებელია. ამის მაგალითად ექსპერტს ამერიკის შეერთებული შტატები მოჰყავს.

„უპირველეს ყოვლისა გარდაცვლილის ოჯახს ვუსამძიმრებ. ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ბავშვის გარდაცვალებას ვიგებთ. იქამდე მიჩვეული ვიყავით, რომ დღეში 11-20 ადამიანი იღუპება ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა რომელი შტამით გარდაიცვლება ადამიანი, რადგან ვიდრე ვირუსი იქნება, იქამდე ახალ-ახალი შტამები ყოველთვის გამოჩნდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე ავცრათ. დღეს, ის ყველა ვაქცინა, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია, სიკვდილისგან და მძიმე ფორმიგან იცავს. 100%-იანი გარანტიაა, რომ აცრილ ადამიანს კოვიდი მძიმე ფორმაში არ დაემართება, საუბარი მაქვს ორივე დოზით აცრაზე. აქედან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი უნდა იყოს გაკეთებული იმაზე, რომ მშობლები ავიცრათ, რადან ბავშვებში ძირითადად გადადება არა ბაღებში და სკოლებში ხდება, არამედ მშობლებისგან. ამაზე მეტყველებს იმ პაციენტების მონაცემები, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, სამედიცინო დაწესებულებებში არიან მოთავსებულები. ამიტომ, მხარს ვუჭერ 16 წლამდე მოზარდების აცრასაც. სკოლის დაწყებამდე, ბევრი ბავშვი უნდა გვყავდეს აცრილი. ასევე, უნდა ვიფიქროთ ასაკის დაწევაზეც და 12-წლამდე ბავშვების აცრაც უნდა დავუშვათ. ამას აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები. აშშ-ში 12 წლამდე ბავშვებს „ფაიზერით“ ცრიან და ამის უსაფრთხოებაზე კვლევები არსებობს“, - გვითხრა აკაკი ზოიძემ.