"ამაოდ ეცდებით, თქვენ მიმართ მისი ნამდვილი ზრახვა გამოიცნოთ. შეუძლია იყოს მაცდური, გულუხვი, სასტიკი... გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც იმ წუთში აქვს დასახული. მაგნიტივით იზიდავს ყველაფერი, რაც იდუმალებით არის მოცული და ცხრაკლიტულში დევს. ის არასდროს აგებს ოცნების კოშკებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები მაიმუნის წელში დაბადებულ ქალწულს, ეს კი მსახიობ ია სუხიტაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.
- ია, ვიდრე შენს ასტრო-ფსიქოპორტრეტზე ვისაუბრებთ, მინდა, ფილმის - "გაიღიმეთ" შესახებ გკითხო: რუსუდან ჭყონიას ნამუშევარი ვენეციის კინოფესტივალის პარალელურ პროგრამაში მოხვდა. როგორც ვიცი, ჩვენებას თავადაც ესწრებოდი.
- დიახ, ფილმს ვენეციაში საკმაოდ კარგი შეფასებები მოჰყვა. სამწუხაროდ, საქართველოში ფილმები იმ თანხით ვერ ფინანსდება, რომ მაღალბიუჯეტიან ნამუშევრებს გავუწიოთ კონკურენცია. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა წელიწადში 1 ფილმი მაინც, საჭიროებისამებრ დაფინანსდეს. სხვათა შორის, "გაიღიმეთ" გუშინ მეორედ ვნახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მსახიობების გადანაწილებისას რეჟისორმა კარგი გათვლა გააკეთა, მაგრამ ფილმის ხარისხში სიღარიბე იგრძნობა. ვენეციაში "გაიღიმეთ" სამჯერ აჩვენეს. მაყურებელი მოდიოდა და გვეუბნებოდა, - მადლობა ამ ემოციისთვისო. არადა, მერწმუნეთ, ადვილი არ არის, იქაურ მაყურებელს ეს სიტყვები ათქმევინო.
- შენი აზრით, საჭირო თანხით დაფინანსების შემთხვევაში, საქართველოში შესაძლებელია, გადაიღონ ისეთი ფილმი, რომელსაც მაღალი რანგის კინოფესტივალებზე წარადგენენ?
- რა თქმა უნდა, ამის შანსი არსებობს... რატომ მოექცა ჩრდილში "აგვისტოს 5 დღე"? - არ შეიძლება, უცხოელმა ქართველი ადამიანის როლი მოირგოს; იმას, თუ როგორ გვეტკინა ქართველებს 2008 წლის აგვისტოში გული, უცხოელი ვერ გაითავისებს; არ მესმის, რატომ უნდა განასახიეროს უცხოელმა ქართველი პრეზიდენტი? ის ტემპერამენტი, რაც ჩვენს ბუნებაშია, უცხოელს არ აქვს.
- ახლა თუ იღებენ საქართველოში ფილმს, რომელშიც შენც ხარ დაკავებული?
- ახლახან რეჟისორ რუსუდან გლურჯიძისგან მივიღე შემოთავაზება. ის ძალიან საინტერესო სცენარის მიხედვით, ფილმის გადაღებას იწყებს, რომელშიც მთავარ როლს შევასრულებ. სხვათა შორის, სცენარის ავტორიც რუსუდანია. დეტალებს ვერ მოვყვები, მაგრამ იმას გაგიმხელთ, რომ მოქმედება აფხაზეთის ომის შემდეგ, ერთ პატარა, მიტოვებულ სოფელში ვითარდება. ფილმი საინტერესო ამბავზეა აგებული. გადაღებებს მალე დავიწყებთ...
- წარმატებას გისურვებ! ახლა კი ვნახოთ, როგორია შენი ასტრო-ფსიქოპორტრეტი. "ქალწულს ყველაზე მეტად დროის უყაირათოდ ხარჯვა აღიზიანებს".
- მართალია, დროის ფასი ვიცი. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც დროს ფუჭად ხარჯავენ.
- "საზოგადოებაში თავს მოხერხებულად ვერ გრძნობს, რადგან ბუნებით მარტოსულია".
- ჩემს შემთხვევაში, პირიქით უფროა - მარტოობა არ მიყვარს. როგორც ყველა ადამიანს, პერიოდულად განმარტოების სურვილი კი მიჩნდება, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.
- "ის არასდროს აგებს ოცნების კოშკებს".
- იმიტომ, რომ რეალისტი ვარ. მიუწვდომელი ოცნება ბავშვობაშიც კი არ მქონდა, არარეალურზე არასდროს მიოცნებია. გამიმართლა და რუსთაველის თეატრში მოვხვდი, მაგრამ მანამდე ვფიქრობდი იმაზე, აქამდე როგორ მოვსულიყავი. არ მეგულება მსახიობი, რომელსაც ჰოლივუდში მოხვედრის სურვილი არ აქვს. ახლა ვფიქრობ, ვისთან ვითანამშრომლო, რომ ჰოლივუდში მიმიწვიონ (იღიმის).
- "მას ძირითადად, გამხდარი და კარგი აგებულების სხეული, ნათელი თვალები აქვს".
- მართლა? არ ვიცოდი, ჩემი სიგამხდრე ზოდიაქოს ბრალი თუ იყო.
- "იმდენად რეალისტია, რომ ილუზიებს შეყვარებულ მდგომარეობაშიც კი არ აჰყვება".
- არა, შეყვარებული საოცარ სიგიჟეებსაც ჩავდივარ, მერე კი ვფიქრობ, - ეს როგორ გავაკეთე-მეთქი? მე და მიშას არ გვაქვს ტიპური ცოლქმრული ურთიერთობა: ზოგჯერ ერთმანეთისგან ვისვენებთ, მერე გვენატრება და ა.შ.
- მასში ყველაზე მეტად, რა გიყვარს?
- ძალიან კეთილია.
- რა არ მოგწონს?
- არაპუნქტუალურობა.
- ეგოისტი ხარ?
- კი, თანაც - იმდენად, რომ ბევრს დედისერთა ვგონივარ. ეს თვისება ბავშვობიდან მაქვს. პატარა რომ ვიყავი, დედას ხშირად ვეკითხებოდი: მე უფრო გიყვარვარ თუ ჩემი ძმა-მეთქი?
- მეწვრილმანეობა თუ გახასიათებს?
- ეგ თვისებაც მქონდა, მაგრამ დავძლიე.
- "მას არ სურს ვალდებული იყოს ვინმეს წინაშე".
- და არც იმის სურვილი მაქვს, ვინმე ჩემ წინაშე იყოს ვალდებული. თუ რამეს აკეთებ, გულით უნდა გააკეთო; თუ სიკეთეს სამაგიეროს მიღების მოლოდინით აკეთებ, ეს უკვე სიკეთე აღარ არის.
- "მას მაგნიტივით იზიდავს ყველაფერი, რაც იდუმალებით არის მოცული..."
- კი, ეს თვისებაც მაქვს. სირთულეებიც მომწონს. როლი რაც უფრო რთულია, ფანტაზია მით უფრო მეტად მეხსნება და ამ როლზე მუშაობაც უფრო მეტად მსიამოვნებს.
- "ადვილად უმკლავდება ყველაზე რთულ პრობლემასაც კი".
- წინააღმდეგობები არ მთრგუნავს, მაგრამ მღლის. ზოგჯერ ჩემდა უნებურად ვიქმნი პრობლემებს, რომლებსაც მერე თავადვე ვაგვარებ. შეიძლება, ეს მაზოხისტობაა.
- "მას შეუძლია იყოს მაცდური, გულუხვი, სასტიკი - გააჩნია სიტუაციას და მიზანს, რომელიც იმ წუთში აქვს დასახული".
- ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გულუხვი ვარ. არ მიყვარს სიტყვა "მასესხე" და აქედან გამომდინარე, თავს ზედმეტის დახარჯვის უფლებას არ ვაძლევ; ზომიერებას ვიცავ. გულუხვი იმდენად ვარ, რამდენადაც შემიძლია. ყოველთვის ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ და ამის გამო მიშასთან არაერთხელ მიკამათია. ის ძალიან გულუხვია; შეუძლია, მთელი ჰონორარი ერთ დღეში დახარჯოს, მაგრამ როცა თავად სჭირდება, გარშემო მყოფები ნაკლებად ეხმარებიან. ფულის უაზრო ხარჯვა სიბრიყვე მგონია... როცა ვიცი, რომ ადამიანს გარკვეული თანხა სჭირდება, აუცილებლად გავუმართავ ხელს, მაგრამ მქონდა შემთხვევა, პიროვნებამ ისეთი თანხის სესხება მთხოვა, გაოცებული დავრჩი და ვიფიქრე: ეტყობა, ცნობილი რომ ვარ, ხალხს მდიდარი ვგონივარ-მეთქი.
- "ის წარმატებულია თავისი ამბიციური ბუნების გამო".
- ხალხი ამ სიტყვას ცუდად იგებს. ამბიცია სხვა არაფერია, თუ არა - სურვილი. უაზროდ ამბიციური არ უნდა იყო. ვფიქრობ, შრომა თუ არ გიყვარს, წარმატებას ვერ მიაღწევ. თანაც, მტაცებელი უნდა იყო, თორემ სხვა შეგჭამს... რაც ჩაფიქრებული მქონდა, გავაკეთე, ხოლო რაზეც ახლა ვფიქრობ, იმას მომავალში აუცილებლად მივაღწევ! როცა მცირე პრობლემა მექმნება და ვგრძნობ, რომ ვიღაცას ეს უხარია, მაშინ ვრწმუნდები ჩემს უპირატესობაში - ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ მომხდარა. უნიჭო იდიოტი ვერ გაგაღიზიანებს, რადგან მას კონკურენტად არ ჩათვლი. ვიღაცას ვაღიზიანებ? - ეს უკვე კარგია!.. რუსთაველის თეატრში ბევრია ისეთი მსახიობი, ვისაც უაზრო ამბიცია აქვს. არსებობს ასეთი გამოთქმა: "გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე". როცა ერთ ადგილზე დგახარ და მაინც, - ჰოპ, ჰოპს იძახი, კრეტინად ჩაგთვლიან. და კიდევ, არიან ახალგაზრდები, რომლებიც საერთოდ არაფერს აკეთებენ და ჩასაფრებულები არიან, ფეხს როდის წამოვკრავ. ჩემს თვალთვალს ურჩევნიათ, საქმე გააკეთონ.
- რატომ არის თეატრში ყოველთვის ასეთი ინტრიგა?
- თეატრში ინტრიგა ნამდვილად არის, მაგრამ მე მასში ნაკლებად ვერევი, არასდროს არავის ვეჯიბრები...
- "ამაოდ ეცდებით, თქვენ მიმართ მაიმუნის ნამდვილი ზრახვა გამოიცნოთ".
- გააჩნია სიტუაციას. ყველას ყველაფერს ვერ ეტყვი, ზოგჯერ თავშეკავებაა საჭირო. თუმცა, მე მაინც ვთვლი, რომ პირდაპირი ადამიანი ვარ.
- "არც ერთ სხვა ნიშანს არ შეუძლია ხალხთან ისე მარტივად კომუნიკაცია, როგორც მაიმუნს; მას შეუძლია გაგაცინოს მაშინაც კი, როცა ტირილის განწყობაზე ხარ".
- ეს კარგი თვისება მაქვს. შემიძლია, ცუდ ხასიათზე მყოფი ადამიანი მდგომარეობიდან მარტივად გამოვიყვანო.
- "მოსწონს ფლირტი და მარტივად იქცევს სხვის ყურადღებას. სასურველი ადამიანის მოხიბვლა წამში შეუძლია".
- მიშასთან დღემდე ფლირტი მაქვს... აი, მეორე ნაწილში ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები - ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი არ ვარ, ადამიანი წამში რომ მოვხიბლო.
- "მაიმუნისთვის იდეალური სიყვარული მოდის გონების და არა - გულის კარნახით..."
- ჩემი სიყვარული, მიშა მესხის სახით, მოგვიანებით ვიპოვე, მანამდე კი მართლა გონებით რომ მემოქმედა, პირველი ქორწინებისას შეცდომას არ დავუშვებდი. რომ გითხრა, მიშასთან ურთიერთობაში გონება ჩავრთე-მეთქი, ტყუილი იქნება. გრძნობა გაჩნდა და მივიღე.
- წყენის გულში ჩადება იცი?
- ვიცი და ამ თვისებას ვებრძვი. წყენა გარკვეული დროის მანძილზე მიმყვება.
- "ძალიან ცნობისმოყვარეა, ყველა საქმეში ცხვირს ყოფს".
- მსახიობი ცნობისმოყვარე უნდა იყოს. ბევრი იჭერს პოზას და ამბობს: ცნობისმოყვარე არ ვარო, მაგრამ დამიჯერე, ჭორაობა ყველას მაგრად უყვარს. ჰოდა, გამონაკლისი არც მე ვარ. ერთადერთი, რაც მართლა არ მაინტერესებს, ეს ადამიანების პირადი ცხოვრებაა.
- "მხიარულია და ცოტა არ იყოს, მშიშარაც".
- მე ვიტყოდი, რომ მხიარული და სენტიმენტალური ვარ...
- "ბევრი მეგობარი არ ჰყავს".
- მყავს ბევრი კარგი ამხანაგი და ცოტა კარგი მეგობარი. მიშას 200 თუ 300 ძმაკაცი ჰყავს. ამ მხრივ, მისი არ მესმის. 4 წელია, ერთად ვცხოვრობთ და როცა პრობლემა ჰქონდა, 3 ძმაკაცის გარდა, გვერდით არავინ დასდგომია. ჰოდა, ამის გამო სულ ვკამათობთ. 15 მაგარი დაქალი არ მყავს და ვერც თავად ვიქნები ამდენი ადამიანის საუკეთესო მეგობარი.
- შენს კოლეგებთან მეგობრობ?
- რა თქმა უნდა! ერთ ამბავს მოგიყვებით: ძალიან კარგი ბებია მყავდა, რომელიც შვილიშვილებს ხშირად გვეუბნებოდა, - არასდროს არავისი შეგშურდეთ, ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რომ ამ შურით არაფერი მოგემატებათ, მხოლოდ ცუდ ხასიათზე დადგებითო. ეს სიტყვები ბავშვობიდან გონებაში მაქვს ჩარჩენილი. კარგი იქნება, ამას სხვებიც თუ გაითვალისწინებენ.