ქვეყანაში, ამ ეტაპზე კორონავირუსის ახალი სახეობის, „დელტა“ შტამის 72 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, კოვიდ-19-ის შემთხვევების მიმდინარეობა ბავშვებში საყურადღებოა. თამარ გაბუნიას თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მოზარდებისთვის გამოყოფილი საწოლფონდი სწრაფად შეივსო.
„დაახლოებით 200 საწოლი, რომელიც თბილისში იყო მობილიზებული, სრულად შეივსო, გამომდინარე იქედან, რომ გასული ერთი კვირის განმავლობაში, საჭირო გახდა ბავშვების ჰოსპიტალიზაცია. აქედან გამომდინარე მიმდინარეობა არის საყურადღებო. ახალი შტამების ცირკულაციის პირობებში, განსაკუთრებით „დელტა“ შტამი მაქვს მხედველობაში, უკვე 72 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. რა თქმა უნდა, რისკია იმისა, რომ ბავშვებში შემთხვევების მომატება იზრდება“, - განაცხადა მინისტრის ამოდგილემ.
ბავშვებში ინფიცირების მაღალ მაჩვენებელზე საუბრობს ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, თუმცა, როგორც მან აღნიშნა, დღეს ქვეყანაში საწოლფონდების დეფიციტი არ შეინიშნება.
ზოგადად, ბავშვებში ინფიცირების ზრდის ტენდენცია გვაქვს, ამიტომაც მოვუწოდებთ მშობლებს, ყველა ავიცრათ, რათა ბავშვებს ინფექცია არ გადავდოთ. ზრდის ტენდენცია არის და ეს ეტყობა ჰოსპიტალური დატვირთვის მაჩვენებლებს, მაგრამ ის, რომ ყველა „დელტა“ შტამია, ნამდვილად არაა.
ზოგიერთ ქვეყანაში უკვე იყენებენ „ფაიზერს“ 12-დან 15 წლის ასაკში, ეს არის: შტატები, კანადა, იტალია, ბრიტანეთი, მაგრამ ჯერჯერობით, ისინი მცირე რაოდენობით არიან. ამ საკითხს განიხილავს ევროპის წამლის სააგენტო და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, საქართველო შეუერთდება. ამ ეტაპზე, ივლისსა და აგვისტოში, ეს არ იქნება.
ქვეყანაში საწოლფონდები საკმარისია ჯერჯერობით, პრობლემა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, ჩვენ 14 ათასამდე აქტიური შემთხვევა გვაქვს, საწოლფონდი საკმარისია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ ე.წ. „დელტა“ შტამის გავრცელების მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე მაგალითად, ბრიტანულის. ამასთან, როგორც მან For.ge-სთან თქვა, „დელტა“ შტამს უფრო მძიმე კლინიკური ნიშნები ახასიათებს.
„პირველ რიგში, ალბათ, „დელტა“ შტამის ბრალიც არის. ძალიან ბევრი თავისუფლება მისცა ადამიანმა თავის თავს. რაც შეეხება პატარა ბავშვებს, ეს უკვე მშობლების ბრალია, ბავშვებსაც დაატარებენ ხალხმრავალ ადგილებში, თვითონაც შეიძლება მიუტანონ ინფექცია ბავშვებს. 70-ჯერ მეტია „დელტა“ შტამის გადამდებლობა, შესაბამისად, მარტივად ხდება ადამიანების დაინფიცირება.
ბავშვის ორგანიზმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და იმუნური სისტემა საკმაოდ სერიოზული ინფექციის წინაშე მაინცდამაინც დიდი გამძლეობით არ ხასიათდება. ასევე, ბავშვთა ორგანიზმს უჭირს გაუმკლავდეს ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ იმუნიტეტს.
როდესაც გადადებულია ინფექცია, პასაჟირება ხდება, ვირუსი ბევრად უფრო ძლიერია გადადების შემთხვევაში. ვისაც გადაედება, იმასთან ბევრად მძიმედ მიმდინარეობს. როდესაც ბავშვზე ხდება გადადება, ის უკვე რამდენიმე ორგანიზმმოვლილი ვირუსია და შესაბამისად, უფრო ადვილად ერევა იმუნურ სისტემას.
ჩვეულებრივად, მძიმე რესპირაციული ინფექციის სახით მიდის. ისიც უნდა ითქვას, რომ ბრიტანული შტამი ბევრად უფრო ნაკლებად დამთრგუნველად მოქმედებდა ბავშვებში, მაგრამ „დელტა“ შტამის შემთხვევაში ცოტა სხვანაირად არის საქმე“, - თქვა ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა აღნიშნავს, რომ „დელტა“ შტამს უფრო მძიმე გამომხატველობა ახასიათებს.
„დელტა შტამს ახასიათებს უფრო სწრაფი გავრცელება, შესაბამისად, ბავშვებში ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა. „დელტა“ შტამის შემთხვევაში უფრო მეტად არის გამოხატული ყელის და თავის ტკვილი.
თუ ბავშვს აღენიშნება ცხვირიდან გამონადენი, ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, აუცილებელია, რომ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, თუ გახანგრძლივდა ეს ყველაფერი, მიმართონ ექიმს. რაც შეეხება სიმძიმეს, „დელტა“ შტამის შემთხვევაში უფრო მეტად მძიმეა, რაც ასევე უფრო გამოხატულია ბავშვებსა და მოზარდებში“, - აღნიშნა გოგინავამ For.ge-სთან.
ამირან გამყრელიძე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას შეზღუდვების შემსუბუქებითა და რეკომენდაციების დაუცველობით ხსნის. მისივე თქმით, ყველა ძირითადი მაჩვენებელი, სიკვდილიანობის გარდა, გაუარესებულია.
„ყველა მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს ეპიდსიტუაციას გაუარესებულია: დღეს 1663 ახალი შემთხვევა გვაქვს. სამწუხაროდ, ბოლო 7 და 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი აცდა უკვე 4%-იან თამასას. ერთადერთი, სიკვდილიანობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, გარკვეულ დღეებში არის ერთნიშნა, დღეს კი სამწუხაროდ, 13 შემთხვევა გვაქვს.
ეპიდსიტუაციის გაუარესება დაკავშირებულია შემსუბუქებებთან და იმ წესების დაუცველობასთან, რაც ჯერჯერობით არსებობს. კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას და მოვუწოდებ, დავიცვათ ყველა წესი, რასაც ხშირად ვაჟღერებთ. სამწუხაროდ, რასაც ვაკვირდებით, ნიღაბს უკვე დახურულ სივრცეშიც აღარ ატარებენ. დაუშვებელია ეს, ნიღაბი გახლავთ ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის საშუალება ვაქცინასთან ერთად. ნიღაბი დახურულ სივრცეში აუცილებლად და სადაც 5 ადამიანზე მეტი ვიკრიბებით, აუცილებელია ნიღბის ტარება. მეორე, აუცილებელია დისტანცია დავიცვათ. მესამე, დეზინფექცია, მივეჩვიეთ ამას და ხელებს ხშირად ვიბანთ და კარგია. მაგრამ მთავარი, მეოთხე, თავი ავარიდოთ ყველანაირ თავყრილობას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.