„საქართველომ უნდა გაბედოს და კანონმდებლობაში რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის ცნება შეიტანოს“

„საქართველომ უნდა გაბედოს და კანონმდებლობაში რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის ცნება შეიტანოს“

მეუფე შიოს მოსაზრებით, იმისთვის, რომ აღარ განმეორდეს, რაც „პრაიდზე“ ვიხილეთ და ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, დროა, დავიწყოთ ფიქრი, რათა კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის ცნება.

მეუფის განმარტებით, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში ხდება ცნებების აღრევა, ცდილობენ, სოდომურ ცოდვას სიკეთე და ღირსება უწოდონ. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება და რამდენჯერაც იქნება მსგავსი ღონისძიების ჩატარების მცდელობა, ერი ყოველთვის გამთლიანდება მის წინააღმდეგ.

გაბედავს თუ არა ჩვენი ხელისუფლება კანონმდებლობაში ასახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის ცნება?! თუ დასავლეთის რეკომენდაციებს დაელოდება ამ მიმართულებით?

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ფიქრობს, რომ კანონმდებლობაში უნდა აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის ცნება. ამ მხრივ სერიოზული სამუშაო აქვს ჩასატარებელი არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ აქ უნდა იყვნენ ჩართულნი უფლებადამცველებიც, რომ მართლაც არ მოხდეს ზღვარის გადალახვა და, ერთი მხრივ, დაცულ იქნას ლგბტ ჯგუფის უფლებები, მეორე მხრივ, არ უნდა იყოს იმის საშუალება, რომ ვიღაცის პირადი ცხოვრება ვინმემ ბიზნესისთვის ან ქვეყნის რყევისთვის გამოიყენოს.

„ამ საქმეში დასავლელი ექსპერტები უნდა ჩაერთვნენ. კანონმდებლობაში უნდა აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის ცნება. პირადად მეც შემიძლია მოვიძიო და პარლამენტსაც შეუძლია მოიძიოს, დემოკრატიულ ქვეყნებში ეს საკითხი როგორ რეგულირდება, თუნდაც იმავე ევროპულ ქვეყნებში როგორ არის ეს დემოკრატიულად და სწორად დარეგულირებული. ეს რეგულაციები ჩვენს ქვეყანაშიც უნდა შემოვიდეს, ვინაიდან „პრაიდების“ თემა გახდა ძალიან აქტუალური მას მერე, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციურ ძალად იქცა. ჩემთვის ეს ტერმინი (ოპოზიციური ძალა) „ნაციონალებთან“ მიმართებით აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან ეს არის კრიმინალური ძალა, რომელმაც ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის აზრით, კანონმდებლობაში უნდა აისახოს ეროვნული და ზნეობრივი გრძნობების შეურაცხყოფის ცნება. თუ აუცილებელია, ამას უნდა დაემატოს მედიის რეგულაციაც, რადგან მედია იმიტომ ჰქვია, რომ მან არ უნდა დაკარგოს მედიატორის ფუნქცია ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ამ დროს ჩვენი მედიის ნაწილი თავის ფუნქციას არ ასრულებს და, პირიქით, ხალხის გასაბითურებლადაა მოვლენილი და დაქირავებული პოლიტიკური პატრონების ხელში, რომლებიც ერთმანეთსაც აბითურებენ და, საბოლო ჯამში, აბითურებენ ხალხსაც.

„ამ დღეებში კარგად გამოჩნდა, როგორ „უყვარს“ ხალხს ცალკეული მედიასაშუალებები. საჭიროა გარკვეული რეგულაციები ფეიკნიუსების, რადიკალური პროპაგანდის, ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ამას სჭირდება ამდენი ხალხის, მდუმარე უმრავლესობის პოზიციების გახმიანება და გაზიარება. ერთი კვირის განმავლობაში ეს ხალხი იხვეწებოდა, ნუ ჩავატარებთ „პრაიდს“, ვითარება დაიძაბებაო, მაგრამ არავინ უსმინა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, გაბედავს თუ არა ჩვენი ხელისუფლება დასავლეთის შიშით ასეთი კანონმდებლობა შექმნას, განმარტავს, რომ დასავლეთი სწორედ იმიტომ არის მიმზიდველი, რომ მის მიმართ შიში არ უნდა არსებობდეს.

ანალიტიკოსის განმარტებით, შიში არსებობდა საბჭოთა რუსული იმპერიის მიმართ და დღემდე არსებობს, რადგან საბჭოთა იმპერია განასახიერებდა ძალადობას, ხელების გადაგრეხვის და ჩექმის პოლიტიკას, დასავლეთი კი ასეთი არ არის.

„თუნდაც უნგრეთში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, იქ არ არის ძალა, რომელიც მთელ ევროკავშირში დომინანტურია ლგბტ თემის დაცვის თვალსაზრისით, ამიტომ უნგრეთში სახელმწიფო კანონი მიიღეს, რომელიც სკოლებში კრძალავს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ლგბტ პროპაგანდისთვის. მართალია, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის რეპლიკა იყო, რომ ასეთი უნგრეთის ადგილი ევროკავშირში არ არისო, მიუხედავად ამისა, უნგრეთს საკუთარ პოზიციას ვერავინ აცვლევინებს. შიშით მოქმედება დასავლეთის მიმართ წარმოუდგენელია. ეს დასავლეთის დისკრედიტაციაცაა და შეშინებული ადამიანების დისკრედიტაციაც. ამიტომ საქართველომაც უნდა გაბედოს კანონმდებლობაში ასეთი ჩანაწერის შეტანა. მით უმეტეს, ასეთი პრეცენდენტები არის ცივილიზებულ მსოფლიოში. სხვათა შორის, ფეიკნიუსების წინააღმდეგი კანონმდებლობა თვითონ ევროკავშირში მოქმედებს. ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სანქცირებაც უცხო არ არის ევროპისთვის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი და განმარტავს, რომ ეს არ უნდა მოხდეს ხელოვნური დისკრიმინაციის და ვინმეს უფლებების ხელოვნურად შეზღუდვის ხარჯზე.

მისივე აზრით, თვითონ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის აგრესია ლგბტ-ეების წინააღმდეგ კი არ იყო მიმართული, არამედ ლგბტ-ეების ორგანიზატორების და მედიის წინააღმდეგ, რომლებიც ამ თემით თავს იმდიდრებენ და ცდილობენ ხალხზე გაბატონდნენ.

 

Aburjga Tasmanieli ბატონო კახელო, საეტაპო სიტყვებს ამბობთ! თქვენთან ვართ! ახლა ოცნებას შანსი აქვს გააკეთოს არჩევანი საკუთარ ხალხთან არის თუ პოლიტკონიუნქტურას მოუხარა ქედი და საქართველოს ტოვებს ევროკავშირის და აშშ-ს კოლონიის სტატუსში!
3 წლის უკან