თბილისში, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ პარალელულად, საპატრიარქოსა და ლგბტ-ის მოწინააღმდეგეების კონტრაქცია გამართა. სწორედ ამ აქციის დროს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებისას, მედიის 55-მდე წარმომადგენელი დაშავდა.
5 ივნისის „თბილისი მოვლენების შემდეგ, საქართველო უცხოური მედიის ყურადღების ეპიცენტში კვლავ აღმოჩნდა. ამჟამად მათი ყურადღება ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებამ მიიპყრო.
ქართველი ოპერატორი „ღირსები მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე თავდასხმის შემდეგ გარდაიცვალა“ - ამ სათაურით ეხმაურება „ბიბისი“ „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს
„5 ივლისს თბილისში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, „ტვ პირველის“ ოპერატორმა, ლექსო ლაშქარავამ სახის მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც ის საავადმყფოში იქნა გადაყვაილი. თუმცა, იგი საავადმყოფოდან რამდენიმე დღეში გაწერეს. კვირას კი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს...
ლაშქარავას თავს დაესხნენ ანტი-ლგბტ მომიტინგეები, რომლებიც პროტესტს გამოხატავდნენ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ. ის იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის იყო, ვისაც ლგბტ-ის მოწინააღდეგეები თავს დაესხნენ.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ ეტაპზე ცნობილი არაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ოპერატორის გარდაცვალების გამო სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი ლაშქარავას გარდაცვალება შეაფასა, როგორც „წარმოუდგენელი ტრაგედია“. ამის მიუხედავად, მას გადადგომისკენ მოუწოდებენ. ჟურნალისტთა კორპუსი მას, მთავრობასთან ერთად, ბრალს სდებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი კამპანიის ორგანიზებაში.
კვირას საღამოსვე საქართველოს პარლამენტის წინ ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. რეპორტიორებმა დაგმეს გასული კვირის თავდასხმები და აღნიშნეს, რომ ჟურნალისტებმა მიიღეს ტრავმები, თავის ტვინის შერყევები და ხელების მოტეხილობა.
მედიის წარმომადგენლებმა ხელისუფლება „დანაშაულებრივ პასიურობაში“ დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ჟურნალისტების დაცვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასულ კვირას „თბილისი პრაიდის“ წევრებს მოუწოდა უარი ეთქვათ „ღირსების მარშის“ მსვლელობაზე, რადგან მათ უსაფრთხოებას ვერ დაიცავდნენ. ასევე პრემიერმა, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება „მიუღებელია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის“.
საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ლგბტ აქტივისტებს, ასევე მოუწოდა საზოგადოებას ლოცვისკენ და „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ღონისძიების ჩაშლისკენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში ანტი-ლგბტ მსვლელობა პირველად არ ხდება. პირველად არ ხდება ძალადობა ანტი-ლგბტ მსვლელობაზე. 2019 წელს, როდესაც ლგბტ ფილმის პრემიერა იყო, ანტი-ლგბტ-ებმა საპროტესტო აქცია გამართეს“, - ასე ეხმაურება „ბიბისი“ ქართველი ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს.
„საქართველოში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაცემი ჟურნალისტი გარდაიცვალა“, - ამ სათაურით იწყებს მასალას „ვაშინგტონ პოსტი“
საქართველოს პარლამენტის წინ კვირას საღამოს რამდენიმე ათასმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. აქცია ჟურნალისტთა კორპუსმა გამართა. ისინი ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვდნენ.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, მისმა დედამ გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა იყო ერთ–ერთი იმ რამდენიმე ათეული ჟურნალისტიდან, რომელსაც გასულ ორშაბათს თავს დაესხნენ ლგბტ მსვლელობის მოწინააღმდეგეები.
ლაშქარავას კოლეგის მირანდა ბაღათურიას თქმით, ლექსოს 20 კაცი ურტყამდა. მოგვიანებით ადგილობრივმა ტელეარხებმა აჩვენეს თუ როგორი დაზიანებები აღენიშნებოდა ოპერატორს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ლექსომ მრავლობითი დაზიანება მიიღო და მას ოპერაციის გაკეთება მოუწია, მაგრამ ხუთშაბათს საავადმყოფოდან გაწერეს.
პოლიციამ ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ხოლო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპერატორის გარდაცვალება „ტრაგედიად“ შეაფასეს“, - წერს „ვაშინგტონპოსტი“
„ქართველები ლგბტ-ს პროტესტს უცხადებენ, მათ საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ჟურნალისტი კი გარდაიცვალა“- ამ სათაურით აქვეყნებს „როიტერი“ მასალას
„გასულ თბილისში ლგბტ აქტივისტებზე თავდასხმის დროს ჟურნალისტები სცემეს, მათ შორის იყო გარდაცვლილი ლექსო ლაშქარავაც. „ტვ პირველის“ ოპერატორი გარდაცვლილი საკუთარმა დედამ იპოვა.
გარდაცვლილი ოპერატორის კოლეგები, კვირას საღამოსვე ქვეყნის პარლამენტი შენობის წინ შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, გადადგომისკენ მოუწოდებდნენ“, - წერს „როიტერი“.
„ლგბტ-ის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ჟურნალისტი გარდაიცვალა“, - ამ სათაურთ აქვეყნებს ლაშა ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მასალას „დოიჩე ველი“
„ქართველი ოპერატორი, რომელიც ანტი-ლგბტ-ებმა სასტიკად სცემეს, სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ლაშქარავა დამოუკიდებელ ტელეკომპანია „პირველში“ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც მას წინა ორშაბათს ძალადობრივი ბრბო თავს დაესხა, სახის ძვლების მოტეხილობები მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას ოპერაციის გაკეთება მოუწია, მაგრამ ხუთშაბათს საავადმყოფოდან გაწერეს. ამ ეტაპზე არც ადგილობრივი მედიისთვის და არც ხელისუფლებისთვის ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ცნობილი არაა.
როგორც კი ოპერატორის გარდაცვალება ცნობილი გახდა, ათასობით ადამიანი პარლამენტთან შეიკრიბა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა, რადგან ლაშქარავას გარდაცვალებაში მას ადანაშაულებენ.
ასევე, ცნობილი ქართველი ჟურნალისტები ღარიბაშვილის მთავრობას ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი კამპანიის ორგანიზებაში ადანაშაულებენ“, - წერს „დოიჩე ველი“
შეგახსენებთ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. მათ საწინააღმდეგოდ კი საპირისპირო აქცია გაიმართა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლების მიმართ იძალადეს, დაშავდა 53 ჟურნალისტი, მათ შორის ოპერატორები და ფოტოგრაფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტები დაზარალებულად ცნო. ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შსს-მ რამდენიმე პირი დააკავა.