5 ივლისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ყოველდღიურად აკავებენ კონტრაქციის მონაწილეებს, რის შესახებაც ჩვენს საზოგადოებაში არაერთგვაროვანი განწყობაა.
„თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულების ადვოკატი მიიჩნევს, რომ დაკავებულები გმირები არიან და უნდა გათავისუფლდნენ. ადვოკატი ითხოვს, სასამართლო ამ ადამიანების მიმართ ლოიალური იყოს, რადგან მათ ჩამოხსნეს ლგბტ დროშა და მის ნაცვლად საქართველოს დროშა აღმართეს. ამის მიუხედავად, „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ.
როგორც ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, ისე სხვა შემთხვევებშიც დაკავებული პირები სულიერი ცხოვრებით ცხოვრობენ და ეკლესიის მრევლს განეკუთვნებიან. ისინი ამბობენ, რომ ოჯახში რამდენიმე შვილს ზრდიან საქართველოსთვის და მათი ღირებულებები შეუთავსებელია ლგბტ-ეობასთან.
ჩვენი ქვეყნის მორწმუნე საზოგადოების უდიდესი უმრავლესობაც მიიჩნევს, რომ დაკავებული მორწმუნეები გარემოების მსხვერპლნი არიან და აგრესიულ გამოხდომებს თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გააჩნია. ასე მოხდა ლგბტ დროშის ჩამოხსნისა და საქართველოს დროშის აღმართვის შემთხვევაშიც.
აღსანიშნავია, რომ შსს-ს მხრიდან ლგბტ ღონისძიების ორგანიზატორებს არაერთხელ განემარტათ, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, კონტრაქციის დემონსტრანტების მობილიზაციისა და სავარაუდო რაოდენობის მხედველობაში მიღებით, მათ მიერ დაგეგმილი დასკვნითი ღონისძიების ჩატარება დიდი რისკის შემცველი იქნებოდა, გარდაუვალი იქნებოდა ფართომასშტაბიანი დაპირისპირება და ანგარიშსწორება. ამის მიუხედავად, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა ალტერნატიულ ტერიტორიაზე უარი განაცხადეს და მხოლოდ რუსთაველის გამზირზე გადაწყვიტეს ღონისძიების გამართვა. ამ პროვოკაციას კი მართლმადიდებლები წამოეგნენ.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, მხოლოდ მართლმადიდებლების მიმართ უნდა დაიწყოს კანონის აღსრულება, თუ ლგბტ თემის უკან მდგომთა მიმართაც დაისვას კითხვები, რომლებიც გაფრთხილებულნი იყვნენ, არ გასულიყვნენ რუსთაველის გამზირზე? რას იტყვის ასეთ შემთხვევაში დასავლეთი?
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ხელისუფლების პოზიცია, რას იტყვის დასავლეთი?! უფლებადამცველის აზრით, ჩვენთვის აპრიორი უნდა იყოს ის, რაც ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია. პირიქით, რას იტყვიან დასავლეთში, აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი, თუკი ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.
„ჩემი აზრით, აუცილებელია დამნაშავეთა დასჯა, მით უმეტეს, ისეთ დამნაშავეთა დასჯა, რომლებიც ახდენენ სახელმწიფოს რყევას, ჩამოშლის მიზნით. ასეთი ადამიანები მხილებულნი უნდა იყვნენ სამართლებრივი გზით და არა ისე, როგორც სააკაშვილი სჯიდა, როცა ქუჩებში უდანაშაულო ადამიანებს ცხრილავდა, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეებიც არ იყო აღძრული. უნდა იქნეს გამოძიებული მიზეზ-შედეგობრივი დამოკიდებულება იმ მოვლენებთან, რასაც ჩვენ ვუყურებთ უკვე წლების განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, გამოძიებული უნდა იქნეს, რა უდევს ამ ყველაფერს საფუძვლად და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. მთელი მათი პოლიტიკა, რაც ისინი არიან ოპოზიციაში, მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს რყევისკენ, მისი ჩამოშლის მიზნით. მნიშვნელოვანია, დასავლეთს დავანახოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება იბრძვის ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისთვის და ნებისმიერ ჩვენს პარტნიორს, თუ ის ნამდვილადაა ჩვენი პარტნიორი და კოლონიალური მმართველის როლში არაა, უნდა აინტერესებდეს ძლიერი, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო“, - გვითხრა ნანა კაკაბაძემ.
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ ამ დღეების განმავლობაში მთელი ამოცანა იყო, მაქსიმალურად დაეზიანებინათ სახელმწიფო და ეკლესია. მისი თქმით, პოლიტიკურმა სპექტრმა იკადრა ტყუილი, როცა ღიად გააიგივა თავი ლგბტ თემთან, ღიად წავიდა პროვოკაციაზე და მედიის მხარდასაჭერად დაბარებული აქტივისტები თუ პოლიტიკოსები სინამდვილეში, „პრაიდზე“ მიიყვანა.
„სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მერე წერდნენ კიდეც, ჩვენ მედიის მხარდასაჭერ აქციაზე მივედით და, სინამდვილეში, „პრაიდზე“ აღმოვჩნდითო. ეს იმის მაპროვოცირებელი იყო, 6 ივლისს უფრო მეტად დაძაბულიყო სიტუაცია. ისინი ითხოვდნენ სპეცნაზის შეყვანას, რომ კიდევ უფრო გაძლიერებულიყო დაპირისპირება მეორე მხარესა და პოლიციას შორის. პროვოკაციული ქმედებები მათ სწორედ იმისთვის დაგეგმეს, რაც შეიძლება, მეტად დაზარალებულიყო ჩვენი ქვეყნის ინტერესები და მეტი უბედურება დატრიალებულიყო ამ ქვეყანაში. ცხადია, რადიკალური ოპოზიცია და სხვადასხვა პოლიტიკური, თუ ინტერესთა ჯგუფები ამით მეტ სარგებელს მიიღებდნენ. ის კი არ არის პრობლემა, როგორ ებრძვის რადიკალური ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“, არამედ პრობლემა ისაა, როგორ ებრძვიან ისინი ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეკლესიას. ყველა მათგანმა იცოდა, რომ ევროკომისარი 4-მილიარდიანი დახმარების პაკეტით ჩამოდიოდა და ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, თავი მოეჭრათ საქართველოსთვის, ევროკავშირის დროშები დაეწვათ და ცოცხალი ტურისტი გარდაცვლილად გამოეცხადებინათ, რომ შეკვეთები გაუქმებულიყო და ამით ეზარალა ქვეყანას“,-აცხადებს ლადო ბოჟაძე.
მისივე პროგნოზით, ამ ორი დღის უმძიმეს შედეგებს ჩვენ კიდევ წლების განმავლობაში მოვიმკით ისევე, როგორც 20 ივნისს ყველაფერი გააკეთეს სახელმწიფოს დასასუსტებლად, რომლის ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ შედეგებსაც დღემდე ვიმკით. თუმცა ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში არავინ არავის მისცემს სახელმწიფოსა და ეკლესიის დისკრედიტაციის უფლებას.