ქართული კლუბის განცხადება: 5 ივლისის ანტი-ლიბერალური აგრესიული დემარშის შესახებ

ქართული კლუბის განცხადება: 5 ივლისის ანტი-ლიბერალური აგრესიული დემარშის შესახებ

5 ივლისს სექსუალური უმცირესობების „ღირსების მარშად“ წოდებული დემონსტრაციის ნაცვლად საქართველოში შედგა მძაფრი და აგრესიული შეფერილობის სტიქიური რეაქცია, რაც ანტი-ლიბერალური ამბოხის ერთგვარ პრელუდიადაც შეიძლება შეფასდეს.

რეალურად, ეს გახლდათ ქართველთა უდიდესი უმრავლესობის, სწორედაც - დემოსის, ნების სტქიურად გამოხატველი მკვეთრი დემარში ე.წ. ლიბერალური-დემოკრატიის წინააღმდეგ, რაც, უთუოდ ე.წ. პრაიდის ორგანიზატორი, როგორც მათ ხალხი უწოდებს - „ლიბერასტი“ სამოქალაქო თუ პოლიტიკური ძალების მიერ მათი ე.წ. ღირსების მარშით იქნა პროვოცირებული.

დემოსი, რომელიც წლების განმავლობაში გაწირეს გაოგნებული მაყურებლისა თუ დადუმებული მსმენელის, უქმი როლისათვის, რეალურად განდევნეს და ხშირად იზოლაციაშიც მოაქციეს ე.წ. წარმომადგენლობითი დემოკრატიის, სინამდვილეში ანტი-ხალხური, ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად წარმოებული, მკვეთრად დესტრუქციული პოლიტიკური პროცესებისგან, 5 ივლისს, ამ ე.წ. ღირსების მარშით ღრმად შეურაცხყოფილი და უკიდურესად დამცირებული, ფაქტიურად იძულებული გახადეს ხმა ამოეღო, ხელი უბიძგეს - ქუჩაში გამოსულიყო და საკუთარი თავი თავადვე გამოეხატა. დემოსის თვით-გამოხატულება არა ოდენ აღშფოთება, არამედ - უკვე რისხვა აღმოჩნდა. კარგად გამოჩნდა, თუკი დათრგუნული ხალხი, რომელსაც არ უსმენენ, არა მხოლოდ ხმას ამოიღებს, არამედ ხელსაც გამოიღებს, დაემსგავსება დაუმორჩილებელ, ბობოქარ სტიქიას, რომელსაც ყველასი და ყველაფრის წალეკვა შეუძლია.

ნიშანდობლივია, რომ 5 ივლისს ჩვენ ვიხილეთ უშუალო და შეუზღუდავი, შეუკავებელი, კალაპოტიდან ამოვარდნილი, მაგრამ სწორედაც - დემოკრატია, როცა დემოსმა საკუთარი მრისხანებით მოსალოდნელი დიქტატურის სუსხიც გვაგრძნობინა. მისი აგრესია გახლდათ მკაფიო უწყება, რომ თუკი არ გაუგონებენ და არ შეისმენენ, გვიანღა იქნება „თითზე კბენანი.“

არც ის იყო შემთხვევითი, რომ დემოსის აგრესიის ტალღა - უწინარესად, მედიას დაატყდა თავს: მედია, განსხვავებით იმ პოლიტიკანთა დეგრადირებული ფენისგან, რომელმაც ვერ გაბედა იქ გამოჩენა, ფიზიკურად აღმოჩნდა ამ დემარშის შუაგულში. საუბედუროდ აღმოჩნდა, რომ ხალხის თვალში მედია, პოლიტიკანთა დეგრადირებულ კლასთან ერთად, საბოლოო ჯამში, გადაიქცა ე.წ. ლიბერალური დემოკრატიის იმგვარ „ფლაგმანად“, ისეთ უწმინდურობათა და საფრთხობელად, რაც ყოველგვარ მანკიერებას - უსჯულო ფარისევლობას, სიცრუეს, დაუნდობლობასა და შეუწყნარებლობას განასახიერებს. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ მედია გახდა უმართავი, სტიქიური და განურჩეველი, ყოვლად გაუმართლებელი და უთუოდ, დასაგმობი აგრესიის ობიექტი.

სწორედ ეს, დემოსის წიაღში დაგროვილი მრისხანება, რამაც უმართავ და სტიქიურ, განურჩეველ აგრესიაში ჰპოვა თვით-გამოხატვა, კიდევ უფრო მეტად გვიქდის არსებულ პოიტიკურ თუ სოციალურ განხეთქილებათა გაღრმავებას, პროცესების რადიკალიზაციას, ესკალაციის „აღმავალ სპირალს“, რამაც შესაძლოა, სამომავლოდ უფრო მასშტაბური ამბოხის საბედისწერო საფრთხემდე მიგვიყვანოს, რისი თავიდან აცილებაც ყველას ერთად გვმართებს.

ქართული კლუბი აცნობიერებს რა ამ საშიშროებას, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქართველობას, ყველა კეთილი ნების გონიერ ქართველს, ეროვნული კონსოლიდაციისკენ, რისი საფუძველიც უნდა გახდეს ნეგატიურიდან პოზიტიური თავისუფლების დამკვიდრებისკენ მიმართული, ერის მყარ, საერთო ნიადაგზე დგომის ისეთი დღის წესრიგის შექმნა, რაც ეროვნულ ენერგიას სწორი კალაპოტით გასაქანს მისცემს და ამით აღკვეთს მოვლენათა დესტრუქციულ განვითარებას, გამოგვიყვანს ესკალაციის ამ საბედისწერო „სპირალიდან“.

5 ივლისის მოვლენებეიდან სწორი დასკვნების გამოტანის, შესაბამისად - ეროვნული კონსოლიდაციის დღის წესრიგის შესაქმნელად, ქართულ კლუბს აუცილებლად მიაჩნია, გათვალისწინებული იქნას შემდეგი:

  1. ქართული კლუბს სწამს, რომ საქართველო ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილია და, ამიტომ ჩვენთვის ძვირფასია ევროპული ქრისტიანული ცივილიზაციის ფასეულობანი.
  2. თანამედროვე ევროპაში მომრავლდა რადიკალური ლიბერალური და მემარცხენე მოძრაობანი, რომლებიც არა თუ მხოლოდ საფრთხეს უქმნიან, არამედ თავს ესხმიან და ანადგურებენ მრავალსაუკუნოვან ევროპულ ქრისტიანულ კულტურას. ამიტომაც გაიშალა ევროპაში მძლავრი კონსერვატიული მოძრაობა, რომ არ დაუშვას მსოფლიოს უდიდესი კულტურის დამცრობა და განადგურება.
  3. ჩვენ მყარად ვიცით, რომ ჰომოსექსულაიზმი არ არის ევროპული ქრისტიანული კულტურისა და ცივილიზაციის ფასეულობა. ესაა უძველესი ცოდვა, რაც დაგმობილია ქრისტიანული წმიდა წიგნების, წმიდა მამათა და ეკლესიის მიერ. მართალია, ევროპის ქვეყნებში ჰომოსექსუალიზმმა და ლგბტ მოძრაობამ სოციალური სტატუსი და ბევრგან დომინანტური გავლენაც მოიპოვა, მაგრამ ამას მოჰყვა მძლავრი რეაქცია ევროპის მრავალ ქვეყნაში, რაც დღითი-დღე ძლიერდება.
  4. ჩვენ არ გვსურს ლგბტ პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ეს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია, ხოლო ამ აბსოლუტური უმრავლესობის ნების იგნორირება აჩენს სწორედაც 5 ივლისის სტიქიური აგრესიის განმეორების უდიდეს რისკს;
  5. საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონია და მისი დაცვა ყველას ვალია. კონსტიტუციის დარღვევა დანაშაულია და დასჯადია. ამიტომ პირები, ვინც სათავეში უდგებიან თუნდაც აღშფოთებული მასების მოძრაობას, ვალდებულნი არიან იზრუნონ აქციის მშვიდობიანად ჩატარებისთვის, სხვა შემთხვევაში მეამბოხეებად და სახელმწიფო დამნაშავეებად ჩაითვლებიან.
  6. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება სწორად უნდა აანალიზებდეს ქუჩის აქციების მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ 5 ივლისს პოლიცია არასკმარისად ადეკვატური იყო ძალადობის მიმართ, რაც აღშფოთებულმა მასამ თავს დაატეხა ჟურნალისტებს. პოლიციამ შესაბამისად იმოქმედა 6 ივლისს, რაც დასტურია, რომ 5 ივლისსაც იგივე შეეძლოთ. ამიტომ გარკვეული პასუხისმგებლობა 5 ივლისის ძალადობაზე ხელისუფლებასაც ეკისრება და სამომავლოდ მსგავსი არ უნდა განმეორდეს. გვინდა გვჯეროდეს, რომ ყველა მოძალადე კანონის შესაბამისად დაისჯება.
  7. ჩვენ საქართველოს ქრისტიანული სამოციქულო ეკლესიის წიღში ვცხოვრობთ და ეკლესიის სახელისა და ღირსების დაცვა ჩვენი ვალია. უწინარეს ყოვლისა, ეს ვალია სასულიერო პირებისა და განსაკუთრებით - მაღალი იერარქებისა, რომლებიც ზოგჯერ, როგორც ეს ვნახეთ 5 ივლისს, არც თუ შესაფერისად იქცევიან.
  8. პოზიტიური თავისუფლება და მისი დამკვიდრება იმთავითვე გულისხმობს კონსტიტუციით გარანტირებული ყოველი უფლებისა თუ თავისუფლების, უწინარესად - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, რაც დღეს განსაკუთრებულად აქტუალურია, უდიდესი პასუხისმგებლობით გააზრებასა და გამომდინარე, ყოველი სუბიექტის, ვინც ამ თავისუფლებით სარგებლობს, შესაბამისი ვალდებულებებით დატვირთვასაც, ეს ნიშნავს, სულ ცოტა, ორი მიმართულებით კონსერვატიული შინაარსის რეფორმებს, კერძოდ:

ა) ყურად უნდა ვიღოთ ეკლესიის მოწოდება, რომ საქართველოს კანონმდებლობამ უფრო მყარად, ვიდრე ეს დღეს არის, უზრუნველყოს, რათა სიტყვისა და გამოხატვის კონსტიტუციით გარანტირებულმა თავისუფლებამ ზიანი არ მიაყენოს ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს იგი, ღირსებასა და პატივს, მით უმეტეს - ასე აშკარად, დაუფარავად და დემონსტრაციულად, როგორც ეს მოხდებოდა ე.წ. ღირსების მარშით, ვერასდროს შეურაცხყოს საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის ეროვნული და/ან რელიგიური გრძნობები;

ბ) მედია თავისუფლება, ასევე კანონმდებლობის მიერ მოაზრებული უნდა იქნეს უპირატესად - პოზიტიური და არა ოდენ ნეგატიური მნიშვნელობით: მედია უფრო მკაცრად, ვიდრე ეს დღეს არის კანონმდებლობით, პასუხს უნდა აგებდეს განზრახ, ანგარებითი მიზნებით გავრცელებული სიცრუისთვის, სხვისი ღირსებისა და პატივის შემლახავი, რეპუტაციის დამაზარალებელი ანდა თუნდაც კანონით დაცული კონფიდენციალური ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებით მიყენებული ზიანისთვისაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი იგი ეწევა ისეთ მტრულ პროპაგანდას, რითიც აღვივებს შუღლს, ძირს უთხრის ერთაშორის თუ სამოქალაქო მშვიდობას, ქვეყნის უსაფრთხოებას, მოუწოდებს ხელისუფლების მიმართ დაუმორჩილებლობის ან სულაც ამბოხებისკენ, უნდა დაეკისროს არა მხოლოდ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლებრივი, უფრო მძიმე პასუხისმგებლობაც. ჟურნალისტობა, ისევე როგორც მაგ. თუნდაც პოლიტიკოსობა, რასაკვირველია, არ შეიძლება და არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის პრივილეგიას და მედია-თავისუფლების ყოველგვარი მსგავსი ინტერპრეტირების რისკი კანონმდებლობამ მკაფიოდ და მკაცრად უნდა აღკვეთოს.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პირველ ყოვლისა - საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, იმ პოლიტიკურ, სამოქალაქო თუ საერთაშორისო ძალებს, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი, გაითვალისწინონ 5 ივლისის გაკვეთილები და ერთად ვიზრუნოთ, რათა საქართველოსთვის შეიქმნას ეროვნული კონსოლიდაციის ის პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც თავიდან აგვაცილებს მოვლენათა შესაძლო დრამატულ განვითარებას, ქართველთა ენერგიას წარმართავს საჭირო კალაპოტით და შეაკავებს საშიში დესტრუქციის სპირალს, გამორიცხავს 5 ივლისს დემოსტრირებული მძაფრი და აგრესიული დემარშის მასშტაბურ ამბოხად განვითარების ყოველგვარ რისკს.

სერმინე გეთანხმებით, სასურველია და აუცილებელი "ქართველთა კლუბი" ტელესივრცეში გამოჩნდეს.
3 წლის უკან
სერმინე გეთანხმებით, სასურველია და აუცილებელი "ქართველთა კლუბი" ტელესივრცეში გამოჩნდეს.
3 წლის უკან