1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ისტორიული სიტყვების წარმომთქმელი მერაბ კოსტავა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქართველებისთვის ამ საკრალურ ადგილას დღეს უკვე ლგბტ პირთა მარათონი გაიმართებოდა, რასაც ამით შეურაცხყოფილი მართლმადიდებლების გაღიზიანება მოჰყვებოდა.
ერთ დროს დიადი იდეალებისთვის იბრძოდნენ ქართველები ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ლიდერობით, სწორედ რუსთაველის გამზირზე პროტესტებსა და მიტინგებში ჩაისახა ქართველი ერის თვითგამორკვევის პროცესი, ამ მთავარ გამზირზე გამოვლინდა, რომ საბჭოეთის მონობაში ჩაკლული სული ბოლომდე ჩაკლული არ ყოფილა და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობისთვის ინახავდა ძალებს…
ახლა კი ეს ადგილი ლგბტ პირთა თავშეყრის ადგილად იქცა, სადაც უმცირესობები ხან ლგბტ დროშას შლიან, ხან ფერად კვამლს უშვებენ, ხან ჰომოფობიურ აქციას აწყობენ და ლგბტ დროშიან დრონს გადააფრენენ, ხანაც მართლმადიდებლების გრძნობებზე თამაშისას ცემა-ტყეპის მიზეზად გვევლინებიან.
ცალკეული ადამიანები თვლიან, რომ ასე დამცრობილი რუსთაველის გამზირი არასდროს ყოფილა. ამდენად, თუკი ამ გამზირზე ლგბტ აქციები უნდა გაიმართოს, ხომ არ სჯობს, ეს ადგილი ხელშეუხებლად იქცეს, საერთოდ აიკრძალოს მიტინგების გამართვა და ლგბტ-ეები და პროტესტის მოსურნე სხვა ჯგუფები სხვადასხვა ტერიტორიებზე გადანაწილდნენ?!
სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსთაველის გამზირზე ცალკეული ადამიანების დგომა საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტს იწვევს. წლების წინ, როცა ნაცებმა ამავე გამზირზე საპროტესტო აქცია დაგეგმეს, პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირი „მეცოცხეებს“ არ მიიღებდა, ეს იგივე იყო, სერგო ორჯონიკიძე ტაბახმელა-კოჯორში ასულიყო და იუნკერების დახოცვის ადგილას მიტინგი გაემართა.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ 70-იანი წლებში, როცა იგი დისიდენტურ მოძრაობაში მონაწილეობდა, გამოხატვის თავისუფლებად ითვლებოდა არა ის, რომ საზოგადოების ერთი ჯგუფი მეორეს უპირისპირდებოდა, არამედ გამოხატვის თავისუფლება ნიშნავდა ინდივიდის დაპირისპირებას ხელისუფლებასთან, სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. ლგბტ თემს კი პრობლემა სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან კი არ აქვთ, ამ ადამიანებს პრობლემა აქვთ საზოგადოებასთან.
„ჩვენ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ვატარებდით მიტინგებსა და მანიფესტაციებს, ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, მაგრამ ხდებოდა, ეს იყო გამოხატვის თავისუფლება, რომელიც პოლიტიკური შინაარსის მოთხოვნებს მოიცავდა და არა ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. 70-იან წლებში ვინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების აქტუალიზება მოხდებოდა ქუჩაში, ვერც დისიდენტები, ვერც უფლებადამცველები ამას ვერ წარმოვიდგენდით. რას ნიშნავს, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები წამოაყენო რუსთაველის გამზირზე და ეგზიბიციონიზმის პროპაგანდა მოახდინო ქუჩებში, რაც მოხდა „პრაიდამდე“ ლისზე, როცა აბსოლუტურად დანაშაულებრივი გამოფენა მოაწყეს. როგორ შეიძლება ეგზიბიციონიზმის ასეთ პროპაგანდას სახელმწიფო საერთოდ უშვებდეს? რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს შეუზღუდავი, მაგრამ სექსუალური მოთხოვნილებების, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების აქტუალიზება და პროპაგანდა მიუღებელია ჯანმრთელი საზოგადოებისთვის“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე.
მისივე თქმით, ნებისმიერ სექსზე ლაპარაკი, ეს იქნება ჰეტეროსექსუალიზმი, თუ ჰომოსექსუალიზმი და ამის ასეთი ფორმით წარმოჩინება მიუღებელია. სხვა არის, თუ ვინმემ ფიზიკურად იძალადა ლგბტ პირებზე, თუ მათი უფლებები დაირღვა საყოველთაოდ აღიარებულ ფარგლებში, მაგრამ ეგზიბიციონიზმის პროპაგანდირება და სექსუალური მოთხოვნილებების პროპაგანდა კანონით უნდა იყოს შეზღუდული.
ნანა კაკაბაძის აზრით, თუ დღემდე სახელმწიფო არ გამოიძიებს იმას, რაც მოხდა ლისზე და დამნაშავეების დასჯას არ მოახდენს, ეს მხოლოდ სახელმწიფოს უსუსურობას დაადასტურებს.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ, ან ნებისმიერ ადგილას, რაც ჩვენს კონსტიტუციაშიც ასახულია. ამას ვინმეს ნებართვა არ სჭირდება, შეკრების თავისუფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული და ამის შეზღუდვა ძირითადი უფლებების შეზღუდვა იქნებოდა. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ეს ერთგვარ საკრალურ ადგილად იქცა, სადაც გარკვეული ჯგუფები, თუ მთლიანად ქართველი ერი საკუთარ ნებას გამოხატავდა და გამოხატავს.
„რუსთაველის გამზირზე საპროტესტოდ გასვლა უკვე მყარ ტრადიციად ჩამოყალიბდა. ამის გაუქმება ჩვენი ისტორიის მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა. ჩვენს თაობას თუ ჰქონდა იმის საშუალება, რომ ეს უფლება გამოეხატა, მომავალმა თაობებმა რა დააშავეს, რომ ეს უფლება წავართვათ? თუმცა ისიც ცალსახაა, რომ ასეთი რადიკალიზაცია არ უნდა დავუშვათ, ამ დღეებში დავინახეთ, რამდენად აგრესიულია დემოსი. ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ანტილიბერალური ამბოხის ზღვარზეა. ეს რომ არ მოხდეს, ამ გაკვეთილიდან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. ექსტრემალურად მოვლენების განვითარება ყველამ ერთად უნდა აღვკვეთოთ. ყველაზე გამორჩეული როლი ამ საქმეში აქვს ქართველი ერის გონიერ და სინდისიერ ნაწილს, ელიტას, აქ არ იგულისხმება სოციალურად დაწინაურებული ხალხი, არამედ ინტელექტუალური ნაწილი, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ვისაც პატივს სცემენ გარშემომყოფები. ამ საქმეში საპატრიარქოს უზარმაზარი როლი აკისრია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებს, რომ ეს პროცესები პოზიტიურ რელსებზე გადაიყვანოს, ურთიერთგანადგურების გზით არ წავიდეთ“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.