„TV პირველის“ ოპერატორი, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოპოზიციონერი ლიდერები მთელ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდსა და პრემიერ-მინისტრს აკისრებენ, ხელისუფლება კი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
აქვე შეგახსენებთ, რომ „TV პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს სცემეს, როცა კონკრეტული ჯგუფების მოძრაობა „სირცხვილიას“ შენობაში შეჭრას იღებდა. ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია, რომელიც ლექსო ლაშქარავასთან ერთად მუშაობდა, ყვება, რომ მას რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ლექსო ლაშქარავას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რომელმაც ოპერატორის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დაადგინოს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირმა ზავრადაშვილი For.ge-სთან ამბობს, რომ ყველა, ვინც ლექსო ლაშქარავაზე იძალადა და ამასთან თავიდანვე, პროცესების პროვოცირება მოახდინა, უნდა დაისაჯოს. თუმცა, მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაზე ხელისუფლების პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
„ვეძებ, ვინ არის დამნაშავე, რომ ვიპოვო. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, არ ვიცი, რას ვუზამდი იმას, ვინც ეს ჩაიდინა. უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა, 5 ივლისიდან დღემდე, რა გზა არის გავლილი. თუ ვინმე დამნაშავეა ამ ბიჭის სიკვდილში, ყველა უნდა დაისაჯოს, ყველამ სასტიკად და მკაცრად უნდა აგოს პასუხი.
ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას ყველა ადამიანი, ეს აპრიორია, მაგრამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა აქ რა შუაშია?!
რაც შეეხება 5 ივლისს, ვინც ამ სიტუაციის პროვოცირება მოახდინა, ვინც ოპერატორი სცემა, ყველა დასასჯელია. უამრავჯერ იყვნენ გაფრთხილებულები „პრაიდის“ ორგანიზატორები, რომ ადამიანების დიდი ნაწილი ნეგატიურად იყო განწყობილი და მისი ჩატარება საფრთხის შემცველი იყო, თუმცა, ეს არავინ გაითვალისწინა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ასეთი ტრაგედია დატრიალდა. როდესაც გაფრთხილებენ, რომ ეს არის საფრთხის შემცველი და ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ შეიძლება სიტუაცია იყოს უკონტროლო, ეს უნდა გაეთვალისწინებინათ.
ადამიანი, რომელიც ძალადობის მომხრეა, არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად, მაგრამ დავაცადოთ და დასრულდეს გამოძიება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამ ახალგზარდა კაცის სიკვდილის მიზეზის დადგენა“, - თქვა ირმა ზავრადაშვილი For.ge-სთან.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე არსებულ ვითარებაზე მთელ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
„პირდაპირი პასუხისმგებლობაა მთავრობის, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი, მთელი მთავრობა, რადგან ღარიბაშვილი იყო პროვოკატორი და ძალადობის წამხალისებელი, ხოლო ვახტანგ გომელაურმა ვერ გაართვა თავი თავის მოვალეობას.
ოპერატორს და ჟურნალისტს 20 ადამიანი სცემდა, შედეგად მხოლოდ 5 ადამიანია დაკავებული. ხელისუფლება დამნაშავეებს აფარებს ხელს, როდესაც არც ერთი ლიდერი და სასულიერო პირი არ არის დაკავებული. იგი პირდაპირ ამბობდა, რომ მას სცემდა სასულიერო პირი და მონაწილეობდა დარბევაში. პასუხისმგებლობა ეკისრება საპატრიარქოსაც.
ეს არის უზნეო ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს მოიგონებს ახლა, რით იმართლოს თავი და აბსურდული ვერსიების გაჟღერებას დაიწყებს. მკვლელი არის საქართველოს მთავრობა, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი მოქალაქეები“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ For.ge-სთან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 5 ივლისს სასტიკად ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას „ფეისბუქპოსტით“ გამოეხმაურა და დაწერა:
„უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, „TV პირველის“ კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი აცხადებს, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს.
„მე არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი წუხილი ამის გამო. ადამიანები ყოველდღე იღუპებიან, გარდაცვალება ამ ცხოვრებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული, ისევე, როგორც დაბადება. ჩვენ ვართ წუთისოფლის მგზავრები, მაგრამ არავის აქვს უფლება, ხელყოს მეორე ადამიანის სიცოცხლე, რადგან შენ არ მიგიცია მისთვის. ადამიანები, რომლებიც მეორე ადამიანის მკვლელობაში არიან გარეული, კითხვა ჩნდება - ვის სწირავენ მსხვერპლს, ღმერთს თუ ეშმაკს? ამაზე კარგად უნდა ვიფიქროთ ქრისტიანებმა.
მანამდეც განვაცხადე, რომ იდეა, რის დემონსტრირებასაც ცდილობდა ის ორგანიზაცია, რომელმაც გადაწყვიტა ამ დღეს თავისი პარადის ჩატარება, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ასევე კატეგორიულად მიუღებელია ის ფორმა, რომლითაც უპირისპირდები ამ მოვლენას. სხეულზე ვგრძნობ ტკივილს ყველა იმ მოქნეული ჯოხისა თუ გასროლილი ქვისა, თუ იმ წიხლებისა, თუ იმ შეფურთხებებისა“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
თვითონ რომ ბრეჟნევივით დღე და ღამე ეკრანზე იყვნენ შემოდებული და პროპაგანდას უწევდნენ პრაიდის ჩატარებას ("მეგობარი ქვეყნების" ელჩებთან ერთად), ეს კი არ ყოფილა ამ დრამატული მოვლენების პროვოცირება, არამედ ღარიბაშვილის განცხადება -
არ მიმაჩნია მიზანშეწონილად პრაიდის ჩატარებაო!.. (ანუ, მეშინია, ფიზიკურ
დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს და რამე არ მოხდესო!).
პრემიერის მხრიდან სიფრთხილის გამოჩენა ყოფილა,თურმე, წაქეზება: - მიდით, დასცხეთ ჟურნალისტებს, პასუხს არავინ მოგთხოვთო!..
პრემიერს მიუცია ქვა მკვლელისთვის, - ჩაარტყი ლაშქარავასო!.. (დავით ბაქრაძის პოეტური მეტაფორა).
არ გვაინტერესებს ექსპერტიზის შედეგები!.. არ გვაინტერესებს, რას გამოაცხადებენ სიკვდილის მიზეზად, - ეს ბიჭი ხელისუფლებამ მოკლა და ხელისუფლება უნდა გადადგესო!..
. . . . .
ელაპარაკე კედელს!