„ჩვენ მივიღეთ უშუალო და შეუზღუდავი დემოკრატია - დემოსი იყო ქუჩაში, ის ამყარებდა თავის ძალას“

„ჩვენ მივიღეთ უშუალო და შეუზღუდავი დემოკრატია - დემოსი იყო ქუჩაში, ის ამყარებდა თავის ძალას“

„5 ივლისს რაც მოხდა, სტიქია იყო, ყველაფერი თავისთავად მოხდა. პარადოქსული ვითარება გამოვიდა, ჩვენ მივიღეთ უშუალო და შეუზღუდავი დემოკრატია ქუჩაში, დემოსი ამყარებდა თავის ძალას“, -აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი.

ლგბტ თემის მხარდამჭერები თავად „ამხელენ“ ეკლესიას, ნაცვლად იმისა, საკუთარ თავს ჰკითხონ, რის საფასურად „იცავენ“ უმცირესობების უფლებებს და მარხვის პერიოდში რა განსაცდელის წინაშე აყენებენ მორწმუნე ადამიანებს. როგორ უნდა მოქცეულიყო ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, როცა მათ ძალად ახვევენ მათთვის არაბუნებრივ „ღირებულებებს“?

-ქრისტიანულად ეს ასეა, თუ ვინმე სცოდავს, უნდა ამხილო, თუ არ გასჭრა ამან, მერე მოყვასთან, თავის ახლობელთან ერთად უნდა ამხილო, თუ კიდევ არ გასჭრა, მოძღვართან ერთად ამხილო. თუ მაინც არაფერი არ მუშაობს, მაშინ უნდა დაანებო თავი და მოეპყრა, როგორც წარმართს, ანუ ადამიანს, რომელზე პასუხისმგებლობაც აღარ გაქვს, რადგან იცი, მას ვეღარაფერს უშველი, ვერაფრით დაეხმარები, ის თავის ცოდვაში გააგრძელებს ყოფნას, მისი ბედი მის ხელთაა და შენ აღარ შეგიძლია მასზე ზემოქმედება. ეს არის ქრისტიანული მიდგომა, დაეხმარო ადამიანს ცოდვიდან გამოსვლაში, ქრისტიანებმა ერთმანეთზე უნდა იზრუნონ და იხსნან ერთმანეთი. ძალადობით ამას ვერ მივაღწევთ.

ამ დღეებში რა გამოჩნდა, რომ ევროპის ფასეულობები სხვა არის? ამიტომაც ჩამოგლიჯეს ევროკავშირის დროშა, რომელიც შემდეგ აღმართა კახა კუჭავამ, ხოლო ზნეობრივი“ რუსეთის ფასეულობა სულ სხვა არის? სხვათა შორის, ეს ის რუსეთია, სადაც ჩასული ევროპელები შეძრწუნებულნი იყვნენ რუს გლეხობასა და მთლიან საზოგადოებაში არსებული ღია მამათმავლობის გამო, ეს ის რუსეთია, რომლის ისტორიოგრაფიაშიც სოდომური ცოდვის მიმდევართა დასჯის შესახებ ცნობები არ მოიპოვება, მაშინ, როცა მამათმავლებს ინგლისში, ჰოლანდიასა და გერმანიაში კოცონზე წვავდნენ.

- ეს უბედურებები ყველგან არის, მაგრამ საქართველოში რაც მოხდა, საჭიროა ამის გააზრება. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში აგრესიით გამოირჩეოდნენ, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მათ ჟურნალისტები შერჩათ ხელში, სინამდვილეში, ეს ადამიანები იყვნენ უფლებააყრილები დიდი ხნის განმავლობაში, მათ აზრს არავინ ითვალისწინებდა. რატომ იყო აგრესია მედიის მიმართ? რადგან მათი აზრი, ანუ მორწმუნეთა აზრი არ ჩანდა მედიაში და ეს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობაა. ეს არის, პრაქტიკულად, ქართული დემოსი, ქართველი ხალხი. 5 ივლისს გამოსული ადამიანები უმრავლესობის ნებას ასახავდნენ. ისინი იდგნენ ქუჩაში, ყოველგვარი პარტიების და პოლიტიკური ლიდერების გარეშე.

აღმოჩნდა, რომ ქართული დემოსი კვლავაც კონსერვატიულია?

- რა თქმა უნდა. ეს დემოსი არათუ კონსერვატული, არამედ ანტილიბერალურია, მათ დემარში მოაწყეს ე.წ. ღირსების მარშის წინააღმდეგ. ეს დემარში იმდენად აგრესიული იყო, რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, ეს იყო ანტილიბერალური ამბოხის ერთგვარი პრელუდია. თუკი პოლიტიკური ელიტა, ქართველი ერის გონიერი და სინდისიერი ნაწილი აქედან დასკვნებს არ გამოიტანს, ეს ამბოხი გარდაუვალია - ადრე თუ გვიან, ეს მაინც მოხდება. ეს ისეთი ძალაა, თუ მან სტიქიური ხასიათი მიიღო, თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან განდევნილმა, იზოლირებულმა ამ მასამ ხმა ამოიღო და ხელიც გამოიღო, მერე მტრისას, ეს სტიქია ყველას და ყველაფერს განურჩევლად წალეკავს. ასეთ დროს გარჩევა აღარ არის, ვინ მტყუანია და ვინ მართალი.

უკვე მერამდენე მცდელობაა, აქცენტი გადაიტანონ ეკლესიასა და მღვდლებზე. რეალურად, ამ საქმეს დირიჟორი სჭირდებოდა?

- რასაკვირველია, ეკლესიამ მოუწოდა მრევლს, რაც ბუნებრივიც იყო. ეკლესიის პოზიცია გასაგები იყო. იქ იყვნენ გარკვეული პოლიტიკური ლიდერები, ოღონდ არა მსხვილი პოლიტიკური ლიდერები, ფალავანდიშვილის მსგავსები, რომელთაც თითქოს მაინცდამაინც დიდი გავლენა ხალხში არ აქვთ. ეკლესიის დაძახილი ყველამ გულთან მიიტანა, შეურაცხყოფად მიიღეს „პრაიდი“ და ე.წ. ღირსების მარში. თანაც, „ღირსების მარში“ რომ ჰქვია, ეს განსაკუთრებული შეურაცხყოფაა. როგორც აღვნიშნე, დაძახილზე გამოვიდა ეს ხალხი, მაგრამ, ვინც დაუძახა, მათ მასების მართვა ვეღარ მოახერხეს. ეკლესიამ ვეღარ მოახერხა მათი მართვა. ფალავანდიშვილი კი თვითონაც აგრესიულობით გამოირჩევა, მასების მართვა მას არ შეუძლია. რაც მოხდა, სტიქია იყო, ყველაფერი თავისთავად მოხდა. პარადოქსული ვითარება გამოვიდა, ჩვენ მივიღეთ უშუალო და შეუზღუდავი დემოკრატია ქუჩაში. დემოსი იყო ქუჩაში, ის ამყარებდა თავის ძალას. ამდენად, თუ წესები და კანონები არ მუშაობს, არ მოქმედებს, პროცესები მძიმე შედეგით მთავრდება. ეს იყო რეაქცია ამ „პრაიდზე“. მედიის მიმართ აგრესიაც უკვე გასაგებია, ეს მედია მედიატორი აღარ არის ხალხსა და ხელისუფლებას შორის, არამედ პოლიტიკური პატრონის ინტერესებს ასახავს, ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევს და ტალახს ისვრის. ამიტომაც ცალკეული მედიის წარმომადგენლები აღიქმებიან ლიბერალურ-დემოკრატიული საზოგადოების ყველაზე სამარცხვინო ნაწილად, რომელიც იქცა ხალხის საფრთხობელად.

არის მცდელობა, ევროკავშირის დროშის ჩამოხევა ღარიბაშვილს დაუკავშირონ.

- ეს სისულელეა, არავითარი ძალაუფლება ამ მასაზე მთავრობას არ ჰქონდა. რაც შეეხება ევროკავშირს, დემოსის მიერ მცდარად არის გაგებული და აღქმული ევროკავშირის მნიშვნელობა. ძალიან გაზვიადებულია, თითქოს ევროკავშირი დგას ლგბტ პროპაგანდის უკან. თუმცა ამას ობიექტური მიზეზებიც აქვს, ევროკავშირის წარმომადგენლები მკვეთრ დამოკიდებულებას გამოხატავენ თავიანთი კლიენტელის მხარდაჭერისას, ვგულისხმობ არასამთავრობო ორგანიზაციებს. პოლიტიკურ პარტიებთან დამოკიდებულებაშიც არცთუ ისე მართლები არიან ევროკავშირის წარმომადგენლები და მათი რიტორიკა. ამიტომ მათ აქცენტები უნდა შეცვალონ.

გასაგებია, რომ მცირერიცხოვან ერებში თვითგადარჩენის ინსტინქტია ჩართული, ცხადია, პატარა ერებს არ მოეწონებათ „პრაიდები“ და ე.წ. ღირსების მარშები, მაგრამ საქართველოში მოღვაწე ელჩები რატომ არ ატყობინებენ თავიანთ პატრონებს დასავლეთში, რომ ჩვენს ხალხს სხვა ღირებულებები აქვს, ძალაუნებურად რატომ გვიშვებენ რუსეთისკენ?

- საქმე ისაა, რომ ლიბერალურ-დემოკრატიული მეინსტრიმი დომინანტურია მთელ ევროკავშირში, ძალაუფლება მათ ხელშია, ისინი ძალაუფლებას იმით იმყარებენ, რომ სწორედ ასეთი თემების დამცველებად გვევლინებიან. პირველ რიგში, ეს ეხება უმცირესობებს, მათ შორის, მოიაზრება ლგბტ პირთა უფლებებიც. მაგრამ არსებობს სხვანაირი ევროპაც, ავიღოთ უნგრეთის მაგალითი, სადაც კანონი მიიღეს, რომლითაც იკრძალება მსგავსი რამის პროპაგანდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ევროკავშირი ემუქრება უნგრეთს. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ევროკავშირი ერთგვაროვანია. ამიტომ ევროპელებმა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე კი არ უნდა გააკეთონ მთავარი აქცენტი, არამედ იმაზე, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება, რომ დანარჩენი საზოგადოების უფლებებიც იყოს დაცული. რაც უფრო მეტად ეცდებიან თავშეუკავებელი, მოუზომავი და არადელიკატური ფორმით ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების მხარდაჭერას, უფრო და უფრო გაძლიერდება ანტილიბერალური და ანტიდასავლური განწყობები ჩვენს საზოგადოებაში. ის, რაც საქართველოში მოხდა 5 ივლისს, ეს არ არის უნიკალური შემთხვევა ევროკავშირისთვის, გაცილებით უფრო ფართომასშტაბიანი და არანაკლებ აგრესიული იყო საფრანგეთში მილიონიანი მარში. როცა ერთსქესიანთა ქორწინებასა და მათ მიერ ბავშვთა აყვანის უფლებებზე იყო საუბარი, მთელი საფრანგეთი ქუჩაში გამოვიდა. ამის მოწინააღმდეგენი საფრანგეთშიც არიან, გერმანიაშიც, ავსტრიაშიც. ცხადია, საქართველოშიც იქნებიან. ასე რომ, რაიმე უნიკალური აქ არ მომხდარა.

თუკი ლგბტ თემის გაიდეალებით მსოფლიო თვითლიკვიდაციისკენ მიემართება, იქნებ, ქართველებს არ აქვთ სურვილი, ჩაყვნენ ამ თვითლიკვიდაციაში მსოფლიოს?

- ასე აპოკალიპტურად არ ვუყურებ, რომ თვითგანადგურებისკენ მიექანება მსოფლიო, ეს არის ცივილიზაციის ეტაპი, რომელიც უნდა გადაილახოს. უმცირესობების დაცვა და მათი უფლებები არ არის არაქრისტიანული და არასამართლიანი, ეს სამართლიანია, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისე, რომ უმცირესობების უფლებები კონფლიქტში მოვიდეს უმრავლესობის ღირსებასთან.