8 ივლისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. კომისიის წევრები შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტს გადაუგზავნიან. სალომე ზურაბიშვილმა 3 დღის ვადაში კანდიდატურები პარლამენტს უნდა წარუდგინოს. თუკი კანდიდატმა დეპუტატების 100 ხმა ვერ მიიღო, სამი მცდელობის შემდეგ, ის თანამდებობაზე უბრალო უმრავლესობით 6 თვით დაინიშნება.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე For.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხმებიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარე არჩეულ იქნას.
„ცესკოსთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრულია საარჩევნო კოდექსით და ამ კოდექსის თანახმად, თავდაპირველად, კვალიფიციური უმრავლესობით უნდა იქნას არჩეული თავმჯდომარე. თუ აირჩა კვალიფიციური უმრავლესობით, მაშინ ის აირჩევა 5 წლის ვადით.
თუ ცესკოს თავმჯდომარე აბსოლუტური უმრავლესობით ვერ აირჩა, რისი ალბათობაც ძალიან დაბალია, რადგან „ქართულ ოცნებას“ აქვს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა, მხოლოდ საკუთარი ხმებით შეუძლია აირჩიოს თავმჯდომარე, გაცილებით მეტია იმის ალბათობა, რომ თუ შეთანხმება ვერ მოხდა კანდიდატის თაობაზე, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, თავმჯდომარე აირჩეს მხოლოდ 6 თვის ვადით.
თუ ასეც ვერ აირჩა, მაშინ, როგორც ახლა, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს მისი მოადგილე, ვინც დღეს ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას და თავმჯდომარის არჩევის პროცესი თავიდან დაიწყება. შეიძლება ვერ მოხდეს შეთანხმება და კანდიდატი აირჩეს მხოლოდ 6 თვით, მხოლოდ „ქართული ოცნების მიერ“, - თქვა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან.
ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი მიიჩნევს, რომ ცესკოს თავმჯდომარის არჩევა წარმოდგენილი კანდიდატებიდან დიდი ალბათობით ვერ მოხდება. ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს მოუწევს.
მისივე თქმით, ძალიან ცუდი ფაქტია ის, რომ ოდნავ მაინც გამოცდილმა და რეპუტაციის მქონე, ამ პროფესიაში ცნობადმა ადამიანებმა კონკურსში მონაწილეობა საერთოდ არ მიიღეს. ამის მიზეზად ხარატიშვილი ნდობის არარსებობას ასახელებს.
„ინტერვიუებისთვის გუშინ არ მისმენია, მაგრამ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეობის მსურველებს, აბსოლუტურად ჩემთვის უცნობი პირები არიან ერთის გარდა, რომელიც ცესკოს ადმინისტრაციის მოქმედი თავმჯდომარეა. ნაკლებად ცნობილი პიროვნებების გარშემო ძალიან ძნელი იქნება ნდობა გამოცხადდეს, მით უმეტეს, ძნელი იქნება პარლამენტში 100 ხმის მოპოვება. ადმინისტრაციის მოქმედი თავმჯდომარეც, ალბათ, ნდობის თვალსაზრისით არ იქნება გამორჩეული, რადგან ადმინისტრაციას რომ ნდობა ჰქონოდა, ბოლო არჩევნებში თავმჯდომარეს გადადგომა არ მოუწევდა.
შესაბამისად, ძალიან დაბალია ალბათობა იმისა, რომ 100 ხმით, 5-წლიანი ვადით მოხდეს ცესკოს თავმჯდომარის არჩევა. ან 6-თვიანი ვადით იქნება თავმჯდომარე არჩეული, ან იმის დიდი ალბათობაცაა, რომ საერთოდ ვერ მოხდეს თავმჯდომარის არჩევა და ცესკოს თავმჯდომარის მოქმედმა მოადგილემ, რომელიც ახლა მოვალეობის შემსრულებელია, ჩაატაროს არჩევნები.
ნდობა არ არის. ხელისუფლება ისევ ისე მოიქცევა და არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ოდნავ მაინც უკეთესი არჩევნების ჩატარებას მოინდომებს. ამასთან, რეორგანიზაცია ისე გაკეთდა, რომ ყველანაირად ეცდებიან, ვინც არ უნდა იყოს თავმჯდომარე, საქმეში არ ჩაახედონ. მით უმეტეს, თუ გამოცდილება არ აქვს, ადმინისტრაციის საქმიანობაში ასე უცებ ვერც გაერკვევა, საკმაოდ რთული და დიდი მექანიზმია.
ადამიანებმა, რომლებსაც გარკვეულად მაღალი რეპუტაცია აქვთ, უბრალოდ, არ შეიტანეს განაცხადი. ვადებიც მოკლე იყო, ისე უეცრად მოხდა თამარ ჟვანიას გადადგომა, პრაქტიკულად, დაფიქრების საშუალებაც არ ჰქონდათ. თუმცა, ყველასთვის მისაღები და საქმის გამკეთებელი კანდიდატურები ალბათ, ისედაც ცოტანი იქნებოდნენ. ჩემი აზრით, არის 2-3 პიროვნება, ვინც შეიძლებოდა კარგი თავმჯდომარე ყოფილიყო არსებულ სიტუაციაში, მაგრამ სახელებს და გვარებს არ ვიტყვი, რადგან მათ განაცხადებები არ შეუტანიათ“, - თქვა ხარატიშვილმა მედიასთან.
აქვე გეტყვით, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის პოზიციის დასაკავებლად გასაუბრება ვილი პაჭკორიამ, მაია გურამიშვილმა, გიორგი კალანდარიშვილმა, იმედა კლდიაშვილმა, გიორგი სანტურიანმა, ილია ჭანტურაიამ, ლილი ბეგიაშვილმა და ბონდო გასვიანმა გაიარეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პოზიციის დასაკავებლად კონკურსში ემზარ კაკულია, გია ცაცაშვილი, კონსტანტინე ჩიტანავა, თამაზ თაყაძე, ანა მიქელაძე, მარი კაპანაძე, ლელა ტალიური, გულქანი ქურასბედიანი, გიორგი მარსაგიშვილი, ქეთევან მიქელაძე, ინგა მათიაშვილი, მაია ზარიძე, თამარ სართანია, აკაკი ხუსკივაძე, ვალერიან მაისურაძე და არჩილ მდივნიშვილი იღებენ მონაწილეობას.
ინფორმაციისთვის, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა.