„ასე მიზანმიმართულად სექსუალურ ორიენტაციას როცა აიგივებ საგარეო ორიენტაციასთან, როცა პირდაპირ ავლებ ხაზს, „პრაიდი“ თუ არ ჩატარდა, ნატოსა და ევროკავშირში არავინ მიგვიღებსო, როცა ტურისტის დაჭრას უკავშირებ „პრაიდის“ ღონისძიებას, ჯანმრთელ ტურისტს აცხადებ გარდაცვლილად იმიტომ, რომ ბევრმა გაიგოს მსოფლიოში, თურმე საქართველოში ტურისტებს კლავენ, ეს არის მიზანმიმართულად დაგეგმილი პოლიტიკა სწორედ იმის გამო, რომ საქართველომ ღიად განაცხადა, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე.
სახელმწიფო უმართავი პროცესის წინაშე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ხელისუფლებამ ნაკლები რაოდენობის პოლიციელი გამოიყვანა და პოლიციელებს არ ჰქონდათ დავალება მიცემული. შეიძლებოდა თუ არა პროცესების უკეთესად მართვა ხელისუფლების მხრიდან?
- 5 ივლისს დილის საათებში რაც ვნახეთ, ეს ყველასთვის მიუღებელი და გაუგონარი ძალადობა იყო. სამწუხაროდ, პოლიციას მაშინ არ ჰქონდა რესურსი იმ წუთშივე ეფექტურად აღეკვეთა დაპირისპირება. თუმცა ამას ჰქონდა ობიექტური მიზეზები, დილის საათებში არავინ არ ელოდა მოვლენების ასეთ განვითარებას, იმ დროისთვის არ არსებობდა დაპირისპირებული მხარეები, არ არსებობდა არანაირი აქცია ან კონტრაქცია, კონკრეტული ადამიანები მივიდნენ პარლამენტის შენობის წინ და დაარბიეს ზუსტად იმ პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო სექტორის იმ ნაწილთან გაიგივებული კარვები, რომლებიც მერე ღიად უჭერდნენ მხარს ლგბტ თემს. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალადობა. როგორც აღმოჩნდა, მერე ამ ადამიანებმა იძალადეს მედიაზეც, თუმცა პოლიციამ რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მოახერხა მათი შეკავება, თუნდაც იმავე „სირცხვილიას“ ოფისთან, ასევე, სხვაგან, განსაკუთრებით, 6 ივლისს კი ყველამ იხილა, როგორ იმოქმედა პოლიციამ, როცა უკვე დაანონსებული იყო კონკრეტული თარიღები, კონკრეტული ადგილები, კონკრეტული საათები.
მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ მოატყუეს საზოგადოება, თითქოს ეს იქნებოდა დუმილის აქცია მედიის მხარდასაჭერად, რეალურად ჩვენ ვიხილეთ „პრაიდი“. ამან კიდევ უფრო მეტად გაამწვავა სიტუაცია, თუმცა 6 ივლისს უკვე მომზადებული აღმოჩნდა პოლიცია იმის გამო, რომ წინასწარ იცოდა მათი გრაფიკი. ამიტომ უპასუხისმგებლობაა პოლიციის დადანაშაულება იმაში, რომ მოქალაქეები ვინმეს აცემინეს, მით უმეტეს, უპასუხისმგებლობაა ხელისუფლების ან ეკლესიის დადანაშაულება ამაში. რეალურად, ყველაზე მეტი ზიანი ამ პროცესებით მიიღო როგორც სახელმწიფომ, ისე ეკლესიამ იმის გამო, რაც ვიხილეთ 5-ში დილის საათებში. ჩემი აზრით, სწორედ ღიად პრორუსულმა და ვითომ პროდასავლურმა ოპოზიციამ ითამაშა რუსული თამაში, დააზიანა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები დასავლეთში, ღიად დააზიანა ჩვენი ეკლესიის ავტორიტეტი ქვეყნის შიგნით და გარეთ. მით უფრო, მაშინ, როცა დღეს სამეზობლო საკითხებში ევროკომისარი გვეწვია და დაახვედრეს ორდღიანი ასეთი მოვლენები ქვეყანაში. მოხდა სექსუალური ორიენტაციის საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირება.
ევროკავშირის კომისარმა ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, რომ „ბარბარიზმი იწყება დროშების დაწვით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დროშა თავისი ხელით თავის ადგილას დააბრუნა“. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში კარგად არიან ინფორმირებულნი, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურები დგანან ამ პროვოკაციული ქმედების-დროშის ჩამოხევის მიღმა?
- ცხადია, ვიღაც ვანდალი დროშას დაწვავს თუ არა, ამით ევროპელები ჩვენს ორიენტაციაში არ დაეჭვდებიან. ან კიდევ სექსუალური ორიენტაციის გამო ჩვენი ქვეყნის საგარეო ორიენტაციის პრობლემებზე არ დაიწყებენ საუბარს. ეს შეუძლებელია, დააბრალონ იმ ხელისუფლებას, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, გვაქვს უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა. თავად ევროპარლამენტარების თუ ევროლიდერების განცხადებები მოვისმინეთ, ასევე, გვესმის, რა განცხადებები კეთდება ევროკავშირში, ამერიკაში, თუნდაც რა დახმარების პაკეტით ჩამოვიდა ევროკომისარი საქართველოში. გგონიათ, ძალიან კარგად არ იციან, ვინ პროდასავლურია და ვინ არა? უბრალოდ, ეს იყო კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც განხორციელდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, რაც მთავარია, თავად ლგბტ თემის წინააღმდეგ, რადგან ამ მოვლენებმა კიდევ უფრო გაზარდა მიუღებლობა, აგრესია ამ ჯგუფის მიმართ. ამ ჯგუფის ინტერესები არც მანამდე აინტერესებდა ვინმეს, არც ახლა. განსაკუთრებით, წლეულს აგრესიული იყო სამოქალაქო სექტორის ნაწილი, მედიის ნაწილი, ვგულისხმობ აგრესიულ კამპანიას იმისთვის, რომ როგორმე „პრაიდი“ ჩატარებულიყო. თუ წინა წლების განმავლობაში ისინი თანახმა იყვნენ, საერთოდ არ ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება, ან შეეცვალათ ლოკაცია, წელს ყველაფერი გააკეთეს ამ საქმის ბოლომდე მისაყვანად. ოპოზიცია ადანაშაულებს ხელისუფლებას დაგვიანებული რეაგირებისთვის, ამ დროს თვითონ გვიან საღამომდე არ გამოჩენილა ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი იმ იმედით, იქნებ, მეტი უბედურება მომხდარიყო ქვეყანაში და ამით ეხეირათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ოპოზიციამ მოატყუა საზოგადოება, როდესაც თქვა, რომ თითქოს დაშავებული ჟურნალისტების მხარდამჭერ აქციას ატარებდნენ, სინამდვილეში, „პრაიდი“ მოაწყეს. ამან გამოიწვია სწორედ ის დაპირისპირება, რომელიც ვიხილეთ.
ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ „პრაიდთან“ დაკავშირებით რაც მოხდა, ეს იყო ხელისუფლების უუნარობის გამოხატულება, ჩამოშლილი სახელმწიფო, რომელიც ვერ იცავდა ვერც კონსტიტუციას და ვერც ფიზიკური ძალადობისგან ვერ დაიცვა მოქალაქეები. თავად გახარიას პრემიერობისას როგორ აღიკვეთებოდა ეს ძალადობა?
- გახარიას შეფასებები, რომელიც ღამის კლუბებში შევარდნის, პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანის და 20 ივნისთან დაკავშირებული კითხვების ავტორია, სასაცილოა. ბევრი ხარვეზია წმინდა პროფესიულად მასთან დაკავშირებული. ეს არის კაცი, რომელიც კანონის უზენაესობის აღსრულების გამო, უბრალოდ, გაიქცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. სამარცხვინოა, რომ ეს ადამიანი ასე ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას და ასე გავეშებული ებრძვის იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც პოლიტიკაში მოიყვანა. როგორც ჩანს, რეალობაა ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ მისი CV სააკაშვილს მიუტანეს. მან და მისი გუნდის წევრმა მეზვრიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რომ იმ სისტემის და იმ სამინისტროს დისკრედიტაცია მოეხდინათ, უუნარო და უსუსურად მოეხსენიებინათ, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდნენ. საბოლოო ჯამში, „პრაიდის“ მთელი სცენარი მიმართული იყო ევროინტეგრაციის კურსის დისკრედიტაციისკენ. როცა ასე მიზანმიმართულად სექსუალურ ორიენტაციას აიგივებ საგარეო ორიენტაციასთან, როცა პირდაპირ ავლებ ხაზს, თუ „პრაიდი“ არ ჩატარდა, ნატოსა და ევროკავშირში არავინ მიგვიღებს, როცა ტურისტის დაჭრას უკავშირებ „პრაიდის“ ღონისძიებას, ჯანმრთელ ტურისტს აცხადებ გარდაცვლილად იმიტომ, რომ ბევრმა გაიგოს მსოფლიოში, თურმე საქართველოში ტურისტებს კლავენ, ეს არის მიზანმიმართულად დაგეგმილი პოლიტიკა სწორედ იმის გამო, რომ საქართველომ ღიად განაცხადა 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
ევროკავშირის დროშის ორგზის ჩამოხევა, ანტიდასავლური განწყობით აპელირება, ამ ყველაფრის უკან რუსული სპეცსამსახურები ხომ არ დგანან? ამავდროულად, ხომ არ ფიქრობთ, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებიც კარგად იყვნენ დატრენინგებული გარკვეული ძალების მიერ? ვინ მოიგო ამ სცენარით?
- საბოლოოდ ვინ დარჩა მოგებული და ვინ წაგებული? - მოგებული დარჩა რუსეთი, რადგან პროდასავლურობასა და საგარეო ორიენტაციასთან გაივლო სექსუალური ორიენტაცია, კიდევ უფრო გაიზარდა ანტიდასავლური განწყობები, კონკრეტულად ლგბტ თემის მიუღებლობა საზოგადოებაში. დაზიანდა სახელმწიფო ინტერესი, თან თითქოს ეს გაკეთდა ეკლესიის სახელით, სინამდვილეში, ამას საპატრიარქოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ღიად პრორუსული ძალებისა და ვითომ პროდასავლური ოპოზიციის საშუალებით რუსეთმა ამ ორი დღის განმავლობაში შედეგს ნაწილობრივ მიაღწია. აყურებინა მთელ მსოფლიოს, როგორი ძალადობა ხდება ჩვენს ქვეყანაში, თითქოს ლგბტ თემის ინტერესები დაუცველია. სინამდვილეში, ამ დღეებში ყველაზე მეტად ლგბტ თემი დაზარალდა, განა იმით, რომ „პრაიდი“ ვერ ჩაატარეს და ნახევრად „პრაიდი“ ჩაატარეს, ვითომ მდუმარე აქციით, არამედ იმით დაზარალდნენ, რომ მათ მიმართ მიუღებლობა კიდევ მეტად გაძლიერდა საზოგადოებაში. გარდა ამისა, დაზიანდა „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია, თუმცა „ქართული ოცნება“ მიხედავს ამ საკითხს. ეს პროცესები გამოიყენა ყველამ, ვისაც უნდა ამ ქვეყნის მტრობა, გამოიყენა ოპოზიციამ, რომელიც 5-ში გაიტრუნა და მერე აღმოჩნდა, თურმე მედიაზე შესტკიოდათ გული და 6 ივლისს უკვე მედიის სახელით, ფაქტობრივად, უზრუნველყვეს „პრაიდის“ ჩატარება, რითაც უმწვავესი პროცესები განავითარეს. ფაქტობრივად, სამოქალაქო დაპირისპირებას გადარჩა ჩვენი სახელმწიფო, რაც სწორედ პოლიციის დამსახურებაა. კიდევ უფრო დიდი მასშტაბის დაპირისპირება იქნებოდა, 5 ივლისს „პრაიდი“ რომ ჩატარებულიყო დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას.
ამ მოვლენას საწინააღმდეგოდ შევხედოთ, ხომ შეიძლება, ოპოზიცია და პრორუსული ძალები გეგმავდნენ ერთს, მაგრამ გამოვიდა მეორე? კერძოდ, ოპოზიციური ძალები დაუპირისპირდნენ ეკლესიას, ეს როგორ აისახება მათ რეიტინგზე წინასაარჩევნო ჭრილში? ხომ არ გაძლიერდება „ქართული ოცნების“ შესაძლებლობა ელექტორატის თვალში, რადგან ამომრჩევლის უმეტესობა მართლმადიდებელია და ლგბტ თემს არ თანაუგრძნობს?
- თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ „პრაიდს“ და პრორუსულ ძალებს აწყობდათ „ქართული ოცნების“ გაძლიერება, ეს ასე არ არის, რადგან ორივე პროცესის შემოქმედები, ორივე მხრიდან, იყვნენ ღიად პრორუსული ძალები და ვითომ პროდასავლური ძალები, რომლებმაც წყალი სწორედ რუსეთის პოლიტიკაზე დაასხეს ამ დღეების განმავლობაში. ხელისუფლება მოიქცა ადეკვატურად, შესაბამისი განცხადებები გააკეთა, მათ შორის, პრევენციის მიზნით, სამი დღის განმავლობაში ყველა ღონისძიება ჩაატარეს „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ლგბტ წარმომადგენლებმა და არც ერთი ღერი თმა არავის ჩამოვარდნია. ეს ყველაფერი უკავშირდება არჩევნებს და არჩევნებში იმ მიზანს, რომ 43% ვერ გადალახოს „ქართულმა ოცნებამ“. დასავლეთი და საქართველოს მოსახლეობა არ აჰყვა „ნაცმოძრაობის“ სცენარს, თითქოს არჩევნები გაყალბდა, ამიტომაც სექსუალურ ორიენტაციასა და საქართველოს საგარეო ორიენტაციას შორის ტოლობის ნიშანი დასვეს. ევროკომისარმა დღეს პირდაპირ აღნიშნა, ყველამ უნდა მოაწეროს ხელი შარლ მიშელის დოკუმენტს და კარგია, რომ პარლამენტში ვხედავ პოლიტიკურ პარტიებსო. სწორედ ამის წინააღმდეგ იყო მიმართული ამ დღეებში განვითარებული დაპირისპირება, რომ დასავლეთში გაჩნდეს განცდა, თითქოს ჩვენს ქვეყანაში უმცირესობების უფლებები სათანადოდ არაა დაცული და არ არის უზრუნველყოფილი ადამიანების კონსტიტუციური უფლებები. ასეთი აქციები, კონტრაქციები სხვა ქვეყნებშიცაა, ამერიკაშიც ადამიანები შეეწირნენ ამას, იქ „პრაიდის“ ჩატარებამდე მანქანა შევარდა. იქ რატომ არ დაიცვა პოლიციამ ლგბტ თემი და, რატომ არ გამოვიდნენ „რესპუბლიკელები“ და ბაიდენი გადადგესო რატომ არ მოითხოვეს?! ნახეთ, რა ხდება ევროპაში, აქცია და კონტრაქცია, როგორია კანონმდებლობა თუნდაც იმავე უნგრეთთან მიმართებით, ნახეთ, ნატოს წევრ თურქეთში როგორ ხდება მსგავსი პროცესების მართვა.