მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 185 მილიონს გადააჭარბა. რაც შეეხება საქართველოს, 7 ივლისის მონაცემებით, კოვიდ-19-ის 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შედარებით არასტაბილურ ეპიდემილოგიურ მდგომარეობას სპეციალისტების ნაწილი ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების მოხსნითა და ხალხმარავლი შეკრებებით ხსნის, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ დედამიწას ახალი პრობლება გაუჩნდა „დელტა“ შტამის, იგივე ე.წ. ინდური სახეობის სახით, რომელიც ჩინურ და ბრიტანულ შტამზე ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება.
„ინდური“ შტამი საქართველოში პირველად 27 მაისს დაფიქსირდა და დღეს, მათი საერთო რაოდენობა 52-ს შეადგენს. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების რისკები სერიოზულია, ვინაიდან მთლიანად ევროპაში ე.წ. ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას.
ამირან გამყრელიძის თქმითვე, პროგნოზის მიხედვით, აგვისტოს შუა რიცხვებში „დელტა“ ვარიანტი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს. სწორედ ამიტომ, მან მოსახლეობას სიფრთხილის დაცვისა და აუცილებელი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.
„რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური რისკები სერიოზულია. მოგეხსენებათ, კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა ახალი შტამების ხარჯზეა. გასულ კვირაში „დელტა“ ვარიანტის, ეგრეთ წოდებული ინდური შტამის დამატებით 25 შემთხვევა დადასტურდა. მთლიანად ევროპაში ინდური შტამის ცირკულაცია თანდათან ანაცვლებს ბრიტანული შტამის ცირკულაციას. როგორც არის პროგნოზი, დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებში ინდური შტამი თითქმის სრულად ჩაანაცვლებს ბრიტანულს.
ამიტომ, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყველგან, დახურულ შენობებში და ღია სივრცეში, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება, ატაროთ პირბადე. ასევე რეკომენდებულია, რომ ძალიან თუ არ შეგაწუხებთ, გარე სივრცეშიც ატაროთ პირბადე. მაგალითად, მე გარეთაც ვატარებ, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაცვის საშუალებაა. ასევე, უარი უნდა ვთქვათ დიდ თავშეყრებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე თვლის, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, „თბილისი პრაიდის“ კვირეული და თავყრილობები, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას გამოიწვევს.
„თუკი ახალი შემთხვევები კვლავ მოიმატებს და დინამიკაში დაფიქსირდება, რეგულაციების შემოღების აუცილებლობა, ალბათ, კვლავ დადგება დღის წესრიგში. მატება შეკრებების ბრალია და ნუ დაგვავიწყდება, რა ხდებოდა ბოლო დღების განმავლობაში რუსთაველზე, - „თბილისი პრაიდის“ ამბები და ა.შ.
ბევრი შემთხვევა ამ შეკრებების შედეგად ფიქსირდებოდა ყოველთვის, რა გასაკვირია, რომ დინამიკაში ეს რიცხვიც მოიმატებს. იმ ჩხუბში ვინ უყურებდა პირბადეს და სოციალურ დისტანციას. როდესაც პანდემიაა ქვეყანაში, რა დროს ასეთი მანიფესტაციებია?! - ვფიქრობ, უნდა აიკრძალოს ასეთი სახის, პოლიტიკური თუ აპოლიტიკური შეკრებები, სანამ არ დასრულდება პანდემია.
ამ შეკრებებზე ძალიან დიდი შანსია, რომ გაიზარდოს ახალი შემთხვევები. რა თქმა უნდა, შარშანდელი სცენარი მოსალოდნელია. ჯერ არ ვიცით, რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ამ შეკრებების შედეგად, მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდება, დიდ პრობლემების წინაშე დავდგებით. ნუ გვავიწყდება, რომ აცრა არ იცავს ბოლომდე ადამიანებს“, - თქვა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ შარშანდელი სცენარი, როდესაც პანდემიის ე.წ. მეორე ტალღა იყო და კორონავირუსის ახალი შემთხვევების ერთგვარი „აფეთქება“ მოხდა, წელს არ განმეორდება, თუმცა, გოგინავა საზოგადოებას მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, ქვეყანაში „დელტა“ შტამის შემთხვევები იმატებს.
„კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა რამდენიმე ფაქტორის გამო მოიმატა: დიდი ალბათობით, „დელტა“ შტამის საქართველოში შემოსვლამ ეპიდივთარების გაუარესება გამოიწვია. ამასთან, რეგულაციების მოხსნის შედეგად, ეს ნებისმიერ დროს ასე ხდება - მდგომარეობა შედარებთ გაუარესდა. ახლა არ შეინიშნება საგანგაშო გაუარესება, ასეთი მატება არ არის საშიში, თუმცა, პროგნოზულად ცუდია, რადგან თუკი გლობალურად შევხედავთ ეპიდსიტუაციას და რეგიონის ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამწუხაროდ, ჩვენთან კვლავ გაუარესება შესაძლებელია.
ზაფხულში ძალიან რთულია რეგულაციების დაცვა მოსახლეობის მხრიდან, ამიტომ რთული გადაწყვეტილება ექნება მისაღები მთავრობას - ერთი მხრივ, რეგულაციების გარეშე ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია ძალიან გართულდება, მეორე მხრივ რეგულაციები იწვევს საზოგადოებაში პროტესტს და ეკონომიკაში ზარალს. რაღაცნაურად უნდა მოხდეს ოქროს შუალედის პოვნა, რომ გატარდეს მსუბუქი რეგულაციები და მოსახლეობამ ამ რეგულაციების მიმართ დიდი პროტესტი არ გამოთქვას, სხვა შემთხვევაში ეპიდემიოლიოგიური მდგომარეობის გაუარესებას მივიღებთ.
შარშანდელი სცენარი შეიძლება არ განმეორდეს, თუმცა, შესაძლოა, იყოს მსგავსი. როგორც შარშან, ასევე წელსაც, რეკომენდაციები არ სრულდება, მოსახლეობა არ იცავს წესებს და დამატებით, რეგულაციები არ არის, ამ დროს ვირუსი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება“, - თქვა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.