უნგრეთი ის ქვეყანაა, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მოქმედებს, მაგრამ ქვეყანამ კიდევ უფრო გაამკაცრა თავისი კანონმდებლობა. მაგალითად, სკოლებში და საჯარო სივრცეში ყოველგვარი მინიშნება ლგბტ+ თემის პროპაგანდაზე, დასჯადი გახადა, რაც თავისთავად ცხადია, რადიკალურად განსხვავდება ევროკავშირში არსებული დომინანტური შეხედულებებისგან. ამიტომ მტკიცება, რომ ევროკავშირში ყველა ერთნაირად ფიქრობს, სწორი არ არის, თუნდაც უნგრეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მაგალითიდან გამომდინარე.
5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიოს შეფასებით, ეს რომ აღარ განმეორდეს, დროა ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის ცნება. როგორც მეუფე ამბობს, რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ.
„დღეს ჩვენს ერს აქვს განსაცდელებს შორის ერთ–ერთი ყველაზე მძიმე დრო. რისი მცდელობაც იყო და ვხედავთ, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაში, ეს არის მცნებების აღრევა. ცდილობენ, სოდომურ ცოდვას უწოდონ სიკეთე და ღირსება. ამას ჩვენი ერი და ეკლესია ვერასდროს შეეგუება.
ეს არის დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ერი დააშორონ ღმერთს, ჩვენს ტრადიციებს, ეკლესიას და მოხდეს მისი გადაგვარება. ამიტომ ვართ დღეს ასე გაერთიანებულნი. თუ უმცროსი თაობა დაიჯერებს ამას, ეს არის საწინდარი ერის გადაშენების და მოსპობის. ამ ცოდვის გამო არაერთი დიდი ერია გადაშენებული და ძლევამოსილი ადამიანი დაღუპულა. ვევედრებით უფალს, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს არასოდეს არ მოხდეს“, – აცხადებს მეუფე შიო.
საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრეს განცხადებით, რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ქართველი ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. როგორც მეუფე შიო ამბობს, საქართველოს ეკლესია ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ეხმარება, მაგრამ ვერასდროს შეეგუება ცოდვის ნორმად გამოცხადებას.
„ჩვენ ოცი საუკუნეა ამ სიწმინდისთვის თავს ვდებდით და ასე გაგრძელდება. ვწუხვართ, რომ იყო გადაცდომები, არაკორექტული ქმედებები და დაზიანდა რამდენიმე ადამიანი. ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას, მაგრამ ვაფრთხილებდით ამ ღონისძიების მონაწილეებს.
ჩვენ ეკლესიის სწავლებით, ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს ვეხმარებით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით ცოდვის ნორმად გამოცხადებას. ეს რომ აღარ განმეორდეს, რაც დღეს ვიხილეთ და თავიდან ავიცილოთ ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ, არის დრო, რომ საზოგადოებამ ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა ეს კანონმდებლობაში აისახოს. აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნება. ღმერთმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება, რისი საწინდარიც არის სიწმინდის შენარჩუნება“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელს მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომლითაც დაცულია საქართველოში ყველა ადამიანის უფლება, მათი პიროვნული უსაფრთხოება, სამსახურეობრივი, სოციალური ინტეგრაცია და ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და მისი უფლებების დაცვისთვის, განურჩევლად მისი ორიენტაციისა.
„ჩვენ ეს საკითხი სისტემურად საკანონმდებლო დონეზე მოვაგვარეთ, საკანონმდებლო დონეზე მოვაგვარეთ ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი, ოჯახის დეფინიცია. ეს ყველაფერი კონსტიტუციაში და საკანონმდებლო დონეზე გვაქვს მოწესრიგებული“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როგორც არავითარი გამართლება არ აქვს ძალადობას, ასევე არავითარი გამართლება არ აქვს ეკლესიის მტრობას. მისი თქმით, ეკლესიის მტრობა არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე, კობახიძე ფიქრობს, რომ საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას.
„ვინც უპირისპირდება საკუთარ ქვეყანას, ეკლესიას, რელიგიურ გრძნობებს, გარკვეულ დოგმებსა და შეხედულებებს, ისინი არიან აგრესორები ჩვენს ქვეყანაში. ესენი არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, რომლებიც მუდმივად აფრქვევენ აგრესიასა და ძალადობას. ისინი ცდილობენ საზოგადოებაში აგრესიის კერების გაღვივებას, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი.
ეს არის ის აგრესია, რომელსაც ყველა უნდა დაუპირისპირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში სიმშვიდე ამ საზოგადოებაში ვერ დაისადგურებს. ვიდრე ასეთი ძალები არიან აქტუალურები ჩვენს პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მანამდე ქვეყანას არ ექნება სრული სიმშვიდე. აქედან გამომდინარე, საზოგადოება აუცილებლად უნდა გაერთიანდეს იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც ებრძვიან ქვეყანას, სახელმწიფოსა და ეკლესიას. ეს არის პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შენი გამოხატვის თავისუფლებით, სხვისი უფლებები არ უნდა დაირღვეს, მით უფრო, როცა საქმე ეხება რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნებას. როგორ აისახება კანონმდებლობაში ეს საკითხი, ამ ეტაპზე უცნობია. თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე საჭიროა მუშაობა, რადგან ეს არის რთული საკითხი. რაც შეეხება უნგრეთის მაგალითს, თეოლოგის განცხადებით, ამ ქვეყანამ მიიღო ძალიან კონკრეტული კანონი, კერძოდ, აიკრძალა არასრულწლოვანებში ლგბტ საკითხებზე საუბარი.
„არ მომყავს რუსეთის გამოცდილება. იმიტომ, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩვენ არავის არ მოგვწონს და არც რუსეთში არ მოსწონთ. რუსეთში არის ეს კანონი, მაგრამ მაგალითად ნამდვილად არ მოვიყვანდი. თუმცა, მკვეთრად ლიბერალური პოლიტიკის წინააღმდეგ არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა, ეს იქნება უნგრეთი, პოლონეთი, თუ ამერიკის ზოგიერთი შტატი, სადაც იცვლება კანონმდებლობა იმისათვის, რომ არასრულწლოვნები მოარიდონ ამ საკითხებს. ამიტომ, საჭიროა ამაზე ფიქრი.
მე, პირადად მიმაჩნია, რომ რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა კანონში არ უნდა იყოს და ეს ჩემი მოსაზრებაა. არ უნდა იყოს იმიტომ, რომ თუ ამ საკითხს კანონში შევიტანთ, მაშინ იმ წუთში დადგება საკითხი, ვინ უნდა გადაწყვიტოს რას ნიშნავს რელიგიური გრძნობის შეურაცხყოფა – ეს უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ სასამართლოს სახით. მე არ ვარ მომხრე იმისა, რომ სასამართლომ გადაწყვიტოს შეურაცხმყოფელია თუ არა ვიღაცის უფლებები. როგორც ქრისტიანს, მიმაჩნია, რომ არავის არ შეუძლია ჩემი ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფა. ვერავინ ვერ შეურაცხყოფს ღმერთს და ვერავინ ვერ შურაცხყოფს ჩემს რელიგიურ გრძობას. მე ასე მიმაჩნია“, – აცხადებს ლევან აბაშიძე.
ისეთი საკითხები, როგორიც არის ლგბტ თემის პროპაგანდა, ან რა არის სქესი და, რომ სქესი თურმე მთლიანად სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანს თვითონ შეუძლია აირჩიოს სქესი, თეოლოგის განცხადებით, ამ მიმართულებით შეგვიძლია დავაყენოთ საკითხი, რომ არასრულწოვანები მოვარიდოთ მსგავს პროპაგანდას.
„შეიძლება ამაზე ფიქრი და საუბარი. სრულწლოვანების შემთხვევაში ვერ ჩავერევით. ქვეყანაში არსებობს აზრის გამოხატვის და მოსმენის თავისუფლება, ამიტომ ადამიანი თავის თავზე აგებს პასუხს. მე მიცხოვრია გერმანიაში, ვიცნობ კანონმდებლობას. იქ იცით როგორ არის? დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში არავინ არავის არაფერს არ უკძალავს. შენ შეგიძლია გამოხვიდე და ლანძღო ეკლესია, მაგრამ არსებობს ყვითელი პრესა და არსებობს სერიოზული პრესა, რომელიც არ აყენებს შეურაცხყოფას კათოლიკებს, რელიგიას. იმიტომ, რომ ეს არის ზრდილობა და ადამიანის ღირსება. ამიტომ, ჩვენთანაც უნდა დამკვიდრდეს, რომ ვინც ამას აკეთებს, ის საზოგადოებიდან უნდა იყოს გარიყული.
მაგალითად, ნაცისტური პროპაგანდა ავიღოთ. ამერიკაში შენ შეგიძლია თქვა, რომ ჰიტლერი იყო სწორი, რომ ჰოლოკოსტი არ ყოფილა, ებრაელები არ დაუხოცია. ამას ვერავინ ვერ დაგიშლის. ციხეში არ ჩაგსვავენ, მაგრამ ხელს არავინ არ ჩამოგართმევს და აი, ამაშია საქმე. მაგრამ ეს რომ გერმანიაში თქვა, ჩაგსვამენ ციხეში. ის, რაც იკადრა „გირჩმა“ - ჯაფარიძემ, ის პოლიტიკური მარგინალი უნდა გახდეს, მას ხელი არ უნდა ჩამოართვა, ხმა არავინ არ უნდა მისცეს. აი, ასე უნდა მოექცე და არა ის, რომ ციხეში ჩავსვათ. მე უფრო ამის მომხრე ვარ.
სხვანაირად არ გამოვა, ევროპაში იყო ამაზე დავა და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მკრეხელობას ჩვენ ვერ დავსჯითო. იმიტომ, რომ თუ მკრეხელობაზე იქნება ციხე, მაშინ სახელმწიფო წყვეტს რა არის მკრეხელობა და რა არა. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიის საქმეები უნდა გადავცეთ სახელმწიფოს, რაც თავისთავად შეიძლება უფრო დიდ საშიშროებას შეიცავდეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლევან აბაშიძემ.
ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის შეფასებით, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ანტიდისკრიმინაციულ კანონში უნდა შევიდეს კორექტირებები, რომელიც შეუძლებელს გახდის ლგბტ თემის აგრესიული დღის წესრიგის დამკვიდრებას ქვეყანში, მეორე – საქართველო უნდა გამოვიდეს სტამბოლის კონვენციიდან, ისევე როგორც ეს გააკეთა თურქეთმა, იგივეს აკეთებს უნგრეთი და ეს საკითხი განიხილება პოლონეთში, ვინაიდან მთელი რიგი მუხლებია, რომელიც ხელს უწყობს ლგბტ+ აგრესიულ დამკვიდრებას საზოგადოებაში.
„რა თქმა უნდა, დაუშვებელია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ამის გაკეთება იოლი არ არის, მაგრამ უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით ასეთი არანორმალურ სიტუაციის მომსწრე და მონაწილე, რომელიც უზარმაზარ ზიანს აყენებს ქვეყანას. ამიტომ, ეს აუცილებლად გასაკეთებელია, მაგრამ რამდენად არის შესაძლებელი, იმ გეოპოლიტიკური გავლენების გათვალისწინებით, რომელიც ვრცელდება საქართველოზე, ძნელი სათქმელია“, – ამბობს სოსო მანჯავიძე.
მისი თქმით, კაცობრიობის ისტორიაში არ არსებულა ისეთი ღრმად კონსპირირებული, კონცენტრირებული გლობალური ბოროტება, როგორიც არის თანამედროვე ლიბერალიზმი. როგორც ანალიტიკოსი ამბობს, თავისი არსით ის ძალიან ჰგავს კიბოს, რომელიც მეტასტაზირებს და ანადგურებს ორგანიზმს, რომელიც მას კვებავს და საკუთარ თავსაც ისპობს ამით.
„ამ ბოროტების მთავარი ინსტრუმენტი, შხამი, რომლითაც ის ჯანმრთელ ქსოვილებს სპობს და ანადგურებს, არის გენდერული თეორია თავისი ლგბტქ+ მეტასტაზებით. ამიტომ, ვინც არ ეწინააღმდეგება ამ ბოროტებას და აქცენტი ბოროტებასთან ბრძოლის ფორმების მიუღებლობაზე გადააქვს, ან თვითონ დგას ამ სიკვდილის აგენტურის სამსახურში, ან სასარგებლო იდიოტებს წარმოადგენს მათთვის. შესაბამისად, მოვახდინოთ საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომელიც თვითონ არის ძალიან სერიოზული ზეწოლის ობიექტი. შანტაჟის უამრავი ინსტურმენტი გააჩნია ამ საერთაშორისო ქსელს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ინტეგრირებულად. ერთი მხრივ გამოვხატოთ ჩვენი ნება და ვინც ამის მომხრეა, ამას ვებრძოლოთ. ამავე დროს დავამყაროთ კავშირი იმ ძალებთან დასავლეთში, ჩრდილოეთში, თუ სამხრეთში, ვინც ებრძვის ამ მსოფლიო ბოროტებას. იმიტომ, რომ მთელი მისი არსებობის მანძილზე უფრო დიდი მტერი კაცობრიობას არ ყოლია, ვიდრე აღნიშნული იდეოლოგია არის“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
კონსტიტუციონალისტი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა არ უნდა იქნას მოაზრებული ისე, რომ სხვის უფლებების მასხრად აგდების და შეურაცხყოფის ხარჯზე მოხდეს შენი უფლებების დაცვა.
„რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით საჭიროა ფიქრი, მაგრამ ეს საკმაოდ დელიკატური თემაა, ვინ და როგორ უნდა შეაფასოს, რაში გამოიხატება ამ ღირსების დამცირება. ეს თემა არის მნიშვნელოვანი, ამიტომ ამაზე ფიქრი აუცილებელი და საჭიროა. მე, მეუფე შიოს ინიციატივას მხარს დავუჭერდი უეჭველად. კონტინენტურ ევროპაში მსგავსი ნორმები ბევრი ტრადიციული ქვეყნისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, საბერძნეთი, სადაც ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული, მის წინააღმდეგ წასვლა კანონით არის დასჯადი“, – ამბობს კონსტიტუციონალისტი.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი და ის ამბობს, რომ იგივე სექსუალური უმცირესობების კუთვნილების გამო ვინმეს დაჩაგვრა არ შეიძლება, რაც ზარდიაშვილის შეფასებით, სამართლიანია, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს იმას, რაც მოხდა 5 ივლისს.
„ამ ლიბერალური პოლიტიკური ორგანიზაციების და სამოქალაქო სექტორის მიერ სწორედაც რომ არასწორი მიმართულებით იქნა გამოყენებული ანტიდისკრიმინაციული კანონი. და რა ხდება? – ისინი საკუთარი ბატონობის მოპოვებას ცდილობენ სწორედ ამ გზით. თითქოსდა უმცირესობების უფლებებს იცავენ და სინამდვილეში უმრავლესობაზე გაბატონება სურთ. ეს ხდება აშკარა პროვოკაციის, გამოწვევის, უმრავლესობის რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ხარჯზე, რასაც ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვა 5 ივლისს.
ეს უნდა გაითვალისწინოს ყველა მხარემ და მათ შორის ამ ლიბერალური მიმართულების პარტიებმაც და უნდა მიხვდნენ, რომ თუ ეს ვითარება არ შეიცვალა, ჩვენ მივიღებთ ანტილიბერალურ ამბოხებას, რომელიც იქნება ისეთი სტიქია, რომელიც ყველას და ყველაფერს წალეკავს, განურჩეველი აგრესია იქნება ყველას და ყველაფრის მიმართ, რაც ჟურნალისტების მაგალითზე კარგად გამოჩნდა. პროფესია ჟურნალისტი გადაიქცა ერთგვარ საფრთხობელად. რა თქმა უნდა, თქვენ პირადად არაფერ შუაში არ ხართ და არ გეხებათ ეს კრიტიკა, მაგრამ საუბედუროდ, ჟურნალისტებს ეჭვის თავლით უყურებენ. ზუსტადაც რომ, ეს შექმნა ამ ლიბერალისტურმა მედიამ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.