გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე საქართველოში ქართული ვაქცინის წარმოებაზე ალაპარაკდა და აღნიშნა, რომ იწყებენ ეროვნული ვაქცინის წარმოებაზე მუშაობას. რა პერსპექტივა აქვს ქართული ვაქცინის წარმოებას და სად მოინახება გასაღების ბაზარი ჩვენი ვაქცინისთვის?
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ, ზოგადად, ვაქცინის დამზადებას დიდი რესურსი სჭირდება, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. რამდენად აქვს ამის მზაობა საქართველოს, ამასთან დაკავშირებით ალექსანდრე გოგინავა ცოტა სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა, თუკი რეალურად დავისახეთ ამის განხორციელება, შეიძლება მიზანს მივაღწიოთ.
„ამ ეტაპზე არა მგონია, საქართველოში ამის რესურსი იყოს. თქვენ გეგულებათ ჩვენნაირი პატარა ქვეყანა, რომელიც ვაქცინების ამზადებს ამ ეტაპზე? გასაღების ბაზარზე გატანა, ალბათ, გაგვიჭირდება და ეს უფრო შიდა მოხმარებისთვის იქნება განსაზღვრული. ჩინური ტიპის ვაქცინის დამზადება საქართველოსნაირ ქვეყანას ცოტა გაუჭირდება, აღარაფერს ვამბობ „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერზე“. თეორიულად ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ პრაქტიკულად რამდენად მოხერხდება, ამის თქმა რთულია“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ for.ge-სთან საუბრისას.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ იდეაში ქართული ვაქცინის წარმოება შესაძლებელია, თუმცა ეს დღეს და ხვალ ვერ მოხდება.
„ჩვენ რომ ქართული ვაქცინისთვის მზადება დაგვეწყო 6 თვის წინ, შესაძლოა, რაღაცისთვის მიგვეღწია. დაახლოებით 18-24 თვეში ამ საქმის ნელ-ნელა აწყობა შეიძლება. ოღონდ ამას სერიოზული მზადება სჭირდება. ამ პირობებში, ამ ვითარებაში და ამ კლანურ-ნეპოტისტურ მმართველობაში, ასეთი მენეჯმენტის უნარების მქონე ადამიანების ხელში ეს წარმოუდგენელია. ამისთვის საჭიროა მთავრობა გამოიცვალოს, პასუხისმგებელი პირები გამოიცვალონ და გატარდეს რეალური რეფორმები“, - გვითხრა სერგო ჩიხლაძემ.
პულმონოლოგ დავით ნანობაშვილის აზრით, გააჩნია, რომელი ვაქცინის წარმოებას დავიწყებთ. თუ იმ ტიპის ვაქცინის წარმოებას ვაპირებთ, რასაც ჩინეთი აწარმოებს, აბსოლუტურად მარტივია მისი წარმოება. ხოლო, თუ „ფაიზერის“ ვაქცინაზეა საუბარი, ამას ტექნოლოგიურად საქართველო ვერ შეძლებს, მთელი საქართველო რომ გავყიდოთ, ამის ფინანსები არ გვექნება. „ასტრაზენეკაც“ დაახლოებით იმავე ტექნოლოგიითაა, ოღონდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ადენოვირუსში დევს, ხოლო „ფაიზერის“ ვაქცინა ცილოვან კაფსულაშია, ანუ კიდევ უფრო მაღალი დონისაა.
რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, დავით ნანობაშვილის თქმით, ეს ჩვეულებრივი დახოცილი ვირუსია, ეს ვაქცინა მარტივად კეთდება, ქათმის კვერცხს იყენებენ ერთ-ერთ ეტაპზე და სირთულეს არ წარმოადგენს.
„ჩინური ვაქცინის მსგავსის წარმოება ჩვენთვის პრობლემა არაა. თუ ასეთი ვაქცინის წარმოება ჩაფიქრებულია, არ გეგონოთ, ამას ქართველების ფულით გააკეთებენ. ეტყობა, ვიღაც გვეხმარება და გვთავაზობს საამისო თანხებს. როგორც ჩანს, მოთხოვნაც არის და აზრიც აქვს ამის გაკეთებას. ამას თავისი სპეციალისტები ჰყავს, დაითვლიან და, თუ მომგებიანია, ვაქცინას შექმნიან. თუმცა აქ სხვა რამეშია პრობლემა, ვაქცინის წარმოება რად გვინდა, როცა ვაქცინა გვაქვს და ხალხი არ იცრება?! მთავარია, ვაკონტროლოთ მთავრობა, რომ აღსრულების პროცესი მკაცრი იყოს. თორემ ბათუმში შევდივარ მაღაზიაში, გამყიდველს ნიღაბი არ უკეთია, მოვითხოვ, გაიკეთოს ნიღაბი, მიბღვერს და იკეთებს ნიღაბს. ერთი ადამიანი ვერ მოვთხოვ მთელ საქართველოს ნიღბის გაკეთებას, ამ საქმეში ჟურნალისტებიც უნდა ჩაერთონ, შევიდნენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, გადაიღონ სიუჟეტები და, თუ არ დაჯარიმდებიან უნიღბო ადამიანები, ვანახოთ მაინც ტელევიზიით ის ხალხი, ვინც პირბადეს არ იკეთებს“, - გვითხრა დავით ნანობაშვილმა.