„თითქმის 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ქუჩაში უკონტროლო, მოძალადე ჯგუფები, შეირაღებული თუ მის გარეშე, არ მინახავს. ეს იყო 90-იან წლებში, როცა არაფორმალური გაერთიანებები ავტომატებით დადიოდნენ მთელ ქალაქში და საქართველოში განუკითხაობა იყო. ეს ვნახეთ 5 ივლისსაც. იარაღი რომ არ ყოფილა, აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს, მაგრამ თუ პროცესი ასე გაგრძელდა, მალე გაჩნდება იარაღიც. უაღრესად სახიფათო პროცესია, - ჩვენი საზოგადოება მიდის ისევ სამოქალაქო დაპირისპირებამდე“, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებს.
5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ სხვადასხვა ჯგუფების მასშტაბური აგრესიის გამო გაუქმდა. დილას, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ „ღირსების მარშის“ რუსთაველის გამზირზე ჩატარებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამასთან, ორგანიზებული ჯგუფები თბილისის სხვადასხვა ნაწილში თავს ესხმოდნენ მედიის წარმომადგენლებს. ღარიბაშვილის განცხადება ძალადობის ერთგვარი მაპროვოცირებელი ხომ არ გახდა, როგორ ფიქრობთ?
- პრემიერ-მინისტრმა იმ განცხადებით, რომელიც გააკეთა, უბრალოდ, უარი თქვა თავისი მოვალეობის შესრულებაზე. არა მარტო პრემიერ-მინისტრმა, მთელმა ხელისუფლებამ თქვა უარი ხელისუფლების განხორციელებაზე. სრულიად გაუგებარია, პრემიერ-მინისტრმა როგორ უნდა გააკეთოს ასეთი განცხადება!
ხელისუფლებას ამით სურს თქვას, მას სურვილი რომ გასჩენოდა, ვერ შეძლებდა იმ რესურსის მოძებნას, რომლითაც თავიდან აირიდება იმ უბედურებას, რაც რუსთაველზე ხდებოდა. თუკი ინფორმაცია ჰქონდათ, მოეწვიათ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და გამოეცხადებინათ საგანგებო მდგომარეობა, თუმცა, ხელისუფლებას ამის სურვილი არ ჰქონდა. ეს ჩანს არა მხოლოდ იქიდან, რომ რუსთაველზე ძალადობა მოხდა, იქიდანაც ვნახეთ, ვის მიმართ განხორციელდა ეს ძალადობა. არა „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების, არამედ ეს იყო პირდაპირ მიმართული მედიის წინააღმდეგ.
არ ვარ ქართული მედიით აღფთოვანებული, მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების ხარისხი რა არის, გასაგებია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მედიის და ჟურნალისტების წინააღმდეგ უნდა განხორციელდეს ისეთი ვანდალური დამოკიდებულება, რაც გუშინ იყო. ეს გახლდათ პირდაპირი გაფრთხილება, დაშინება მედიის და მისი წარმომადგენლების, რომ ხვალ და ზეგ თუ რამე იქნება, მედიამ უარი თქვას გაშუქებაზე. თუ მედია მას არ გააშუქებს, ეს იქნება მიმალული ცნობა და კიდევ უფრო მეტ თავხედობას გამოიჩნენ მოძალადე პირები.
რამდენი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ეკლესიამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საპატრიარქო პირდაპირ მონაწილეობდა ამ ყველაფერში. თუ საპატრიარქოს მხოლოდ ის უნდოდა, რომ ელოცა, რატომ მაინცდამაინც ქაშუეთის ეკლესიაში უნდა მომხდარიყო ეს?! სხვა ტაძრები არ არის თუ რა! მოძალადეთა იმ ჯგუფის და საპატრიარქოს მართვა ერთი ცენტრიდან ხდებოდა და ეს საქართველოს ხელისუფლება იყო.
ვინც პროცესებს დაკვირვებია და ახსოვს, როდესაც ხელისუფლებაში იწყება კრიზისი, იწყება ძალადობა მოსახლეობაზე. ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს. გავიხსენოთ, რა ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს 2008 წლიდან 2012 წლამდე. მაშინ პასუხისმგებლობა მაინც აიღო ხელისუფლებამ და ვიცოდით, რომ ეს სააკაშვილმა გააკეთა. დღეს კი ხელისუფლება ცდილობს, შეწუხებული სახით აკეთოს განცხადებები და რეალურად, სხვათა ხელით მართოს და არბიოს თავისუფალი მედია თუ თავისუფალი აზრი საქართველოში. სამწუხაროდ, ვითარება ისე მიდის, რომ პროცესი შეიძლება მივიდეს სამოქალაქო დაპირისპირებამდე, რაც ვიცით, ვის აძლევს ხელს.
თქვენ აღნიშნეთ - „ხელისუფლებამ უარი თქვა თავისი მოვალეობის შესრულებაზე“, რასაც ის სცენარი მოჰყვა, რაც რუსთაველის გამზირზე ვიხილეთ. საპატრაირქოს განცხადება ხომ არ იყო ამის მაპროვოცირებელი, როგორ ფიქრობთ? ვიცით, რომ ეკლესია ერთ-ერთი გავლენიანი ინსტიტუტია საქართველოში და წინარსაარჩევნოდ „ქართულმა ოცნებამ“ უბრალოდ, არ გაიფუჭა საქმე საპატრიარქოსა და მის მომხრეებთან.
- როდესაც ხელისუფლებას სჭირდება, მშვენივრად აკონტროლებს საპატრიარქოს. გამორიცხულია ეს. ხელისუფლებამ საპატრიარქოს განცხადების გამო კი არ დაიხია უკან, პირიქით - საპატრიარქოს მონაწილეობა თავად უზრუნველყო ამ პროცესებში, რომ შემდეგ ეს აზრი გაჩენილიყო, თითქოს საპატრიარქოს გავლენის გამო და იმის გამო, რომ მან ამომრჩეველი არ დაკარგოს. საპატრიარქოს გავლენა ნამდვილად აქვს, მაგრამ არც ისეთი, რომ არჩევნებისთვის გადამწყვეტი შედეგი მოიტანოს. ეს არის ძალიან მცირე პროცენტი, ვინც საპატრიარქოს მოწოდებას ემორჩილება და იმის მიხედვით აძლევს ხმას.
საერთოდ, ვის სჭირდება ეს დაპირისპირება, რაც ხდება დღეს საქართველოში? - ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ მხოლოდ ერთ მხარეზე. ჩვენი უბედურება ისაა, რომ ნებისმიერ ასეთ დაპირისპირებაში ყოველთვის არსებობს მესამე ხელი. განა „პრაიდის“ მომწყობებმა არ იციან, რომ საქართველოში საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ამ „პრაიდის“ წინააღმდეგაა განწყობილი?
ანუ, ფიქრობთ, რომ „თბილისი პრაიდის“ უკან მესამე ძალა დგას, რომელსაც გარკვეული გავლენები აქვს?
- რთული სათქმელია, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც ლგბტ-ს უფლებები ნაკლებად ანაღვლებთ და სხვა რაღაცებით არიან დაკავებული, რომ ის პროცესები მოხდეს, რაც მოხდა. ასეთი სცენარები მუდმივად ვითარდებოდა საქართველოში. ჩვენ საშინაო საქმეებში გარდა დასავლეთისა, ბრწყინვალედ რომ ერევა რუსეთი და იგი საქართველოდან არ წასულა, ეს ვინმესთვის დამალულია?!
წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ რეიტინგზე 5 ივლისის მოვლენები როგორ აისახება?
- პრობლემა ჩვენ სხვა გვაქვს, არჩევანი არ აქვს ხალხს. ოპოზიციაში არის ძალა, რომელიც იგივეს აკეთებდა, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს. პრობლემა ის კი არაა, რომ წარსულში აკეთებდა, არამედ ის, რომ ხვალ რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, დიდი ალბათობით, იგივეს გააკეთებს. არ გამოჩნდა მესამე ძალა, რომელიც ამ ორი ძალის მიღმა იქნებოდა...
გიორგი გახარია არ შეიძლება მივიჩნიოთ მესამე, ალტერნატიულ ძალად?
- პოტენციალი ჰქონდა, მაგრამ იმდენი შეცდომა დაუშვა, რა გითხრათ!
5 ივლისის მოვლენები შესაძლოა თუ არა მივიჩნიოთ „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისად? ბევრი მიიჩნევს ამას ხელისუფლების მარცხად...
- რომ იყოს რეალური ალტერნატივა, ოდნავ მაინც მისაღები მოსახლეობისთვის, „ქართული ოცნება“ წააგებდა. ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება „ქართული ოცნებისთვის“ ცუდ შედეგს მოიტანს. საქართველოში არც ერთ ხელისუფალს არ აქვს და არც ექნება იმის რესურსი, რომ დიქტატურა დაამყაროს, ეს ასეთი მარტივი არაა.