ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია თანამდებობას ტოვებს. მართალია, ეს ფაქტი თავად უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ შარლ მიშელის დოკუმენტის მიღებით შექმნილ ახალ რეალობას მიაწერა, მაგრამ ის ფაქტი, რომ დოკუმენტით ადმინისტრაციის ცვლილება გათვალისწინებული არ იყო, ამაზე არაფერს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ჟვანიას გადადგომას ველური ყიჟინით შეხვდა და საკუთარ წარმატებას მიაწერა, ეს კი, პოლიტიკურ უმეცრებასთან ერთად, მის პოპულისტურ ბუნებას უსვამს ხაზს, რაც ყოველთვის იყო და დარჩება ხალხთან გულწრფელი ურთიერთობის შემაფერხებელ ფაქტორად. დიდი დაკვირვება სულაც არ უნდა იმის მიხვედრას, რომ ხელისუფლებამ ჟვანიას გადადგომით ფრთხილად, მაგრამ უკვე დაიწყო საკუთარი ალიბის შექმნა მომავალი არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე. ნებისმიერი პრიმიტიული გათვლებითაც კი ჩანს, რომ ხელისუფლება მომავალ არჩევნებში 43%-იან ბარიერს გაყალბების გარეშე უბრალოდ ვერ გადალახავს, ამისთვის მარტო ვაქცინაციის პროცესის ჩავარდნა კმარა, რომ აღარაფერი ვთქვათ გაძვირებულ ცხოვრებასა თუ ხელისუფლების წევრების განადგურებულ რეპუტაციაზე. და მაინც, საინტერესოა, რატომ ცვლის ცენტრალური კომისიის თავმჯდომარეს „ოცნება“ დღეს და არა მაგალითად - სამი ოთხი თვით ადრე? ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად პარლამენტს ხმების 2-3 სჭირდება. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებს, ამ შემთხვევაში 76 დეპუტატის ხმა საკმარისი იქნება და ცესკოს ახალი თავმჯდომარე, პოსტს დროებით, ექვსი თვის ვადით დაიკავებს. ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებს „ოცნების“ სასურველი კანდიდატი ჩაატარებს, სახელისუფლებო გუნდს კი თავის გასამართლებელი უცხოელ პარტნიორებთან ნამდვილად ექნება - მათ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის ყველა მეთოდი გამოყენებული ექნებათ, „ოცნების“ დადანაშაულება კი, უკმაყოფილო ოპოზიციას აშკარად გაუჭირდება. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მომავალი არჩევვნების ბედს, მოსამართლეების დანიშვნა გადაწყვეტს.
სოსო ცინცაძე: ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ პირობებში, მოვლენებს სულ სხვანაირად უნდა შევხედოთ. დავუშვათ, არჩევნები ჩატარდა და მოვიდა ცუდი მთავრობა. მაგალითად ტრამპმა, ამერიკაში დიდი ვერაფერი გააფუჭა, იმიტომ, რომ იქ არის ინსტიტუტები ძლიერი. პირდაპირი შედარება რომ ავიღოთ, სასამართლოების როლზე, ტრამპს ბოლო მოუღო სასამართლოებმა, თანაც მისმა დანიშნულმა მოსამართლეებმა. ამ მოსამართლეებმა შემდგომში, ტრამპის საჩივრები დახია და გადაყარა. ანუ, იყო ობიექტური სასამართლო. ტრამპის დანიშნულ ხალხს გამოჰქონდა მისი საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. სასამართლო წყვეტს ყველაფერს და არა საარჩევნო კანონი. რა თქმა უნდა, კარგია საარჩევნო კანონი, მაგრამ მთავარი არის სასამართლო, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. ამიტომ, მთავარი არის არა ის, ჟვანიას ადგილზე ვინ იჯდება, არამედ როგორი იქნება სასამართლო. როგორც ჩანს, მმართველი პარტია ბარტყებს უყრის ოპოზიციას, რომ მთავარი ომი მოიგოს. პატარ-პატარა ბრძოლებს აგებს, მაგრამ მთავარი ომი იქნება მოსამართლეებზე, ყველაზე მნიშვნელოვანია როგორ დამთავრდება ეს ეპოპეა. სიმართლე გითხრათ, მე არ მეგონა თუ მთელი ცივილიზებული მსოფლიო ერთიანი ფრონტით შეუტევდა „ოცნებას“ ამ ცხრა მოსამართლეზე.
და, ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება საერთაშორისო დონეზე, რა შთაბეჭდილებას ვტოვებთ თუნდაც რიგითი ადამიანების თვალში ჩვენი პოლიტიკური კულტურით, განვითარების დონით, რაც ამ პროცესებიდან ჩანს და აქვე „ოცნების“ პოზიციაც, რომ ყველას წინააღმდეგ მიდის?
- კი, „ოცნებამ“ უკვე სიტყვაც შეუბრუნა ჩვენს მოკავშირეებს, რასაც ადრე ვერ ბედავდა. სააკაშვილიც კი ვერ ბედავდა ამას. მიშას როდესაც უთხრეს, რომ არჩევნები წააგო და უნდა წასულიყო, წავიდა კიდეც. მიშა სიტყვას ვერ უბრუნებდა, მაგრამ დღეს, ეს უკვე საშიში მდგომარეობაა, ეს ცუდია, დღეს არ შეასრულეს რჩევა, ხვალ, ზეგ და პროდასავლური შეიძლება ისე შეიცვალოს პრორუსულით, რომ ჩვენ ვერც კი გავიგოთ.
პრორუსულით შეცვლის ნიშნები იკვეთება?
- პროდასავლურის ალტერნატივა რა არის? სამწუხაროდ, მესამე ხომ არ არსებობს? მესამე იქნებოდა ქვეყნის სრული დამოუკიდებლობა, არც პრორუსული და არც პროდასავლური, მაგრამ საქართველო ვერასოდეს ვერ იქნება ასეთი დამოუკიდებელი. საქართველოს ისტორიას გადაავლეთ თვალი და ნახავთ, რამდენი წელი იყო ისეთი, როდესაც საქართველოს ბედი თბილისში წყდებოდა. საქართველოს ბედი ყოველთვის წყდებოდა ისპაჰანში, თეირანში და მერე პეტერბურგში. ამიტომ, ალტერნატივა აქ არის პრორუსული. რაც უფრო დაშორდება „ოცნება“ დასავლეთს, ეს არის ვირტუალურად ნაბიჯის გადადგმა პრორუსულისაკენ. სხვა ალტერნატივა ჩვენ არ გვაქვს და ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. იმაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს, რომ საქართველოს შეეძლოს იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი, რომ ჩვენს ბედს არ წყვეტდეს არც ვაშინგტონი და არც მოსკოვი, მაგრამ ხომ ვხედავთ რა მდგომარეობაა.
ვთანხმდებით, რომ საქართველოს ბედი არ წყდება საქართველოში და ამას ვერ წყვეტს ხალხი, მაგრამ ამდენი დარღვევების და წინააღმდეგობების შემდეგ ხომ არ დაფიქრდება დასავლეთი ხელისუფლების ცვლილებაზე? ძალიან მარტივია, როდესაც შენ დიდ ფულად თუ ინტელექტუალურ რესურსს ჩადებ და წლების მერე შედეგი არის ნული, ცვლილებები, ალბათ, გარდაუვალი აუცილებლობა ხდება?
- მაშინ დასავლეთმა კატეგორიულად უნდა გადაწყვიტოს. ჩვენთან არ უნდათ შეისწავლონ რა არის დღევანდელი დასავლეთი და ამბობენ, რომ დასავლეთი აიძულებს. დასავლეთი ბევრს წარმოუდგენია ბუშის დროინდელი ამერიკა, როდესაც თავისუფლების მოედანზე, ბუში რეგიონში დემოკრატიის შუქურად საქართველოს აცხადებდა, ისევ ის ვაშინგტონი გონიათ ახლაც. ჩვენთან ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ ვაშინგტონის მოწინააღმდეგეების რეესტრში, ხანგრძლივ სტრატეგიულ გათვლაში, ძალზე არასასურველი ჩანაცვლება მოხდა, რომ რუსეთი პრაქტიკულად უკვე ჩაანაცვლა ჩინეთმა. ეს მთლიანად ცვლის ამერიკის ინტერესებსაც. კი, ამერიკა ყოველთვის დარჩება დემოკრატიის დამცველად, მაგრამ მასაც აქვს თავისი წითელი ხაზი. ბუშის პერიოდში, მთავარი გამოწვევა იყო რუსეთი და კავკასიის რეგიონში, ჩვენი გაძლიერება რუსეთის გავლენების დასუსტებას მოასწავებდა, დღეს ამერიკის ინტერესია უკვე რუსეთთან სტაბილიზაცია, რაც ძალიან არ მომწონს. ბაიდენი უკვე ამბობს, რომ მათ რუსეთთან უნდათ სტაბილური, განმჭვრეტი ურთიერთობა. სტაბილიზაცია ყოველთვის ხდება თავისუფლების ხარჯზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ ქართული დემოკრატია აღარ იქნება ისეთი ფასეულობა ვაშინგტონისთვის, როგორიც იყო ბუშის დროს. როდესაც ბუში ჩამოვიდა ამიერკავკასიაში, ჩვენ ეს შესაბამისად ვერ შევაფასეთ რამხელა მნიშვნელობის ამბავი მოხდა. ნახეთ, როგორ შემცირდა საქართველოსადმი ინტერესი, დინამიკაში რომ განვიხილოთ ეს, თვალი გადავავლოთ უცხოელი დიპლომატების ვიზიტებს. ეს არის ბარომეტრი, რაც უფრო ხშირად ჩამოდის აქ რომელიმე დიდი სახელმწიფოს მინისტრი, ეს ნიშნავს, რომ არის მოლაპარაკებები, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, მაგრამ შედეგი შემდგომში ჩნდება. ამიტომ, დღეს ჩვენთვის მთავარი საკითხია, გაიტანს თუ არა „ოცნება“ იმ თავის ცხრა მოსამართლის კანდიდატურას. მომავალ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება სასამართლოების როლი. ახლა მოსამართლეებს მონებს უძახიან. კი, მე არ ვარ ამისი მომხრე, მაგრამ, გააზატებული მონა ისევ მონად რჩება, ის ვერასოდეს იქცევა თავისუფალ ადამიანად. მურუსიძეს და მისთანებს, რაც არ უნდა თავისუფლება მისცე, ისინი შინაგანად ვერ განთავისუფლდებიან. ამას ჩვენ ვერ ვუხსნით ამერიკელებს და ევროპელებს, ისინი ამბობენ, რომ ისინი ხელუხლებელნი არიან, რომ არ შეგვიძლია მათი მოხსნა, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან, მაგრამ არა - ისინი არ არიან დამოუკიდებელნი. ისინი გენეტიკურად არ არიან დამოუკიდებელნი. ადამიანმა ჯერ საკუთარ თავში უნდა ჩაკლას მორჩილი. მთავარი არ არის თავისუფლება, მთავარია თანასწორობა. ამიტომ, ჩვენი მოსამართლეები ვერასოდეს ვერ იგრძნობენ თავს იმათ თანასწორად, ვინც ისინი აირჩია. ეს მშვენივრად იცის „ოცნებამ“ და ივანიშვილმაც. მართალია, ესენი გაუნათლებლები არიან, ბავშვობაში ჰემინგუეი და ტოლსტოი არ წაუკითხავთ, მაგრამ მშვენივრად იციან ხელისუფლება როგორ შეინარჩუნონ. ამიტომაც ვამბობ, რომ გადამწყვეტი ბრძოლა იქნება მოსამართლეების დანიშვნა. ისინი, ალბათ, ვერც გრძნობენ რა ისტორიული მისია შეხვდათ. ესენი როგორც კი გახდებიან მოსამართლეები, მოგჭამა ჭირი საქართველოში დამოუკიდებელმა სასამართლომ. რაც არ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და ძალით გადააყენო ისინი, ეს დემოკრატია უკვე აღარ არის, ამას შენ არავინ არ მოგიწონებს. ამიტომ, ჟვანია იქნებოდა თუ არა თანამდებობაზე, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. რაც მთავარია, რაზე დგას ჩვენთან დემოკრატია, თვითონ ხალხი, ხალხს უნდა დემოკრატია? დღეს ხდება ფასეულობების და ღირებულებების ინფლაცია. ამიტომ, დღეს არის ის გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც განსაზღვრავს ომის შედეგს. არ არის ეს მიღებული ნორმა, რომ უცხო ქვეყნის ელჩი მიგითითებდეს კატეგორიულად, რა უნდა გააკეთო, მაგრამ აქ უკვე დემოკრატიის ყოფნა-არყოფნის საკითხია. ამერიკას მორალური უფლებაც აქვს ჩაერიოს, რადგანაც ამერიკას ძალიან ძვირად უღირს საქართველოში დემოკრატიის ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაწყვეტა. თითქოს უხერხულიც კია, როდესაც გეუბნება, რომ შენ თუ ამას არ გააკეთებ, მე ფულს არ მოგცემ, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. როგორ გინდა ახლა ოხანაშვილს და სხვებს დააჯერო, რომ დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა მათთვისვეა უკეთესი? ხომ ხედავთ ათწლიან გეგმას სახავენ და ამ ათ წელიწადში სამი, ოთხი არჩევნები მაინც არის მოსალოდნელი, ესეც ფსიქოლოგიური მომენტია, რომ აი, ჩვენ ათი წელი ვიქნებით. სამწუხაროდ, ჩვენ მივედით იქამდე, რომ საქართველოში დემოკრატიის ყოფნა-არყოფნის ბედი მთლიანად დასავლეთზეა დამოკიდებული და არა ჩვენს პოლიტიკურ ელიტაზე.
სააკაშვილის განცხადებები საქართველოში ჩამოსვლაზე ჩვენ არაერთი მოგვისმენია და კიდევ მოვისმინეთ, ახლა უკვე თითქოს უფრო დამაჯერებლად და გადაწყვეტილად ამბობს, ჩამოვა და დააკავებენ, წავა ამ პროვოკაციაზე სააკაშვილი?
- ეს ფსიქოლოგიური შეტევა უფროა ამომრჩეველზე. კი, სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს საქართველოში, შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს, მოეღოს კორუფციას ბოლო, აღარ გვეყოლება ცალ-ცალი კალოშით მოსული მილიონერი მინისტრები და მოადგილეები. ახლა, სააკაშვილმა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გაიტანა უკრაინის რადაში, ასე რეფორმა ჯერ არ გასულა, მაგრამ სააკაშვილის პირობებში მე ვერ წარმომიდგენია კოალიციური მთავრობა. გარდა ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რაზეა წამსვლელი „ოცნება“ ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, სად არის „ოცნებისთვის“ წითელი ხაზი და საერთოდ, არსებობს „ოცნებისთვის“ ეს წითელი ხაზი?