„რა გვიყო ომმა!“  – კამანის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა

„რა გვიყო ომმა!“  – კამანის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა

სოხუმიდან ჩრდილოეთ–აღმოსავლეთის მიმართულებით მოასფალტებულ გზას რომ გაუყვებით, შვიდი კილომეტრის გავლის შემდეგ მიადგებით მწვანე ნარგავებში ჩაფლულ სოფელ კამანს, რომელსაც მორწმუნეები ეთაყვანოებოდნენ გამორჩეული სიწმინდისა და მოწამეთა წმინდა ნაწილების სიმრავლის გამო, რომლითაც მდიდარი იყო კოლხეთის მიწის ეს პატარა მონაკვეთი – სოფელი კამანი.

კამანის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. 1993 წლის 5 ივლისს, სოხუმიდან 15 კილომეტრში, ულამაზეს სოფელ კამანში, იოანე ოქროპირის სახელობის კამანის ტაძრის ეზოში აფხაზმა და დაქირავებულმა „ბოევიკებმა“ დახვრიტეს ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ–მონაზონი მამა ანდრია და ამ ტაძრის მშენებელი, ეროვნებით აფხაზი იური ანუა, რომელიც ტაძრიდან გაიყვანეს, უძველეს სიწმიდესთან – წმ. ვასილისკოს წყაროსთან სასტიკად აწამეს, შემდეგ ესროლეს და ცხედარი დაწვეს.

„კამანი – პატარა იერუსალიმი“ – ეს სიტყვები სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს ილია მეორეს ეკუთვნის. კამანი მართმადიდებლურ სამყაროში პირველი საუკუნეებიდან გახდა ცნობილი. იგი მოუხილავთ მაცხოვრის მოწაფეებს ანდრია პირველწოდებულს, სიმონ კანანელსა და ბართლომეს. სწორედ კამანში გადამალეს იოანე ნათლისმცემლის თავი მესამედ, კამანში მოხდა ღვთისმშობლის გამოცხადება, კამანში უძველეს დროში დაარსდა დედათა მონასტერი განთქმული თავისი მკაცრი ტიპიკონით. არსებობს წმინდა მამების შემდეგი წინასწარმეტყველება:

„კამანის დედათა მონასტერი აღდგება. კამანი მართლმადიდებლობის ღერძია, მეორედ მოსვლის ჟამს იგი უეჭველად გაბრწყინდება. უფალი იესო ქრისტე რჩეულთ, თავის ბერ–მონაზვნებს, მთელი სამყაროს მართლმადიდებლებს კამანში დიდი ზარ-ზეიმით მოუხმობს“, – ვკითხულობთ წმინდა მამების წერილში.

სეპარატისტებმა 1993 წლის 5 ივლისს დაიწყეს შტურმი სოფელ ახალშენის, კამანის და შრომის მიმართულებით. კამანი საკმაოდ გამაგრებული სოფელი იყო ადგილობრივების მიერ. დანაყოფი რომელიც სოფელს იცავდა, ადგილობრივი მოხალისეებისაგან შედგებოდა, რომლის მეთაური იყო ზაზა პაკელიანი. დანაყოფს ეხმარებოდა ბატალიონ ბაგრატიონის ოცეულიც.

აფხაზურმა რაზმებმა, რომელთა შემადგენლობაში იყვნენ დაქირავებული ბოევიკები, ძირითადად ჩეჩნები და კაზაკები, 2 ივლისს ტამიშში დესანტის გადმოსხმის და 5 ივლისს, გუმისთაზე შეტევის შემდეგ, დაიკავეს მაღალმთიანი სოფელი კამანი. 5 ივლისის ფართომასშტაბიანი შემოტევა კამანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან რუსულმა დესანტმა სოფელ ახალშენსა და ზეგანის მთაზე შეტევა განახორციელა. დაიკავეს ახალშენი, ასევე დესანტი გადმოსხეს ზეგანზე. ქართულმა მხარემ ერთი ვერტმფრენი იმ დროს ჩამოაგდეს, როცა დესანტი მიწაზე ეშვებოდა. ამ დესანტიდან უკან გამობრუნებული ერთ–ერთი მებრძოლი კამანელებმა ტყვედ აიყვანეს.

სწორედ მისგან შეიტყვეს, რომ ზემო ეშერაში განლაგებული იყო გენერალ ლებედის სპეცდანიშნულების 1500 კაციანი რაზმი, რომელიც მეორე დღეს, 5 ივლისს, სამად დაიყოფოდა და მასშტაბური იერიშით აიღებდა კამანს, შემდეგ შრომას და იქ დაიკავებდა პოზიციებს. შრომის აღებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მისი რელიეფიდან გამომდინარე მაღლობზე იყო, სწორედ შრომის აღების შემდეგ, სოხუმის აღება უფრო ადვილი ხდებოდა სეპარატისტებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები ინფორმირებული იყვნენ, რომ მოსალოდნელი იყო შეტევა, სოფელი არავის დაუტოვებია.

თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, კამანელებმა სოფლის შენარჩუნება ვერ შესძლეს. კამანელ მეომართა უმეტესობა მტერთან უთანასწორო ბრძოლას შეეწირა, გადარჩენილები კი ტყვედ აიყვანეს და მოგვიანებით დახვრიტეს. მტერმა არც მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ–მონაზონი მამა ანდრია დაინდო. მონასტრიდან გაყვანილ ბერს კითხვა დასუვეს – „ვისია ეს მიწა“! რომელზედაც აფხაზები ელოდნენ პასუხს – „ქართველებისო“, მამაომ უპასუხა – „ეს მიწა ღვთისაა“, რის გამოც მამა ანდრიას ტაძრის ეზოში უკნიდან თავში ესროლეს.

არ დაინდეს ეროვნებით აფხაზი, იური ანუა, რომელიც ტაძრიდან კონდახის ცემით გამოიყვანეს. სასტიკად ნაწამები და მოკლული იური ანუას ქალიშვილი მანანა ანუა, რომელიც 52 დღე ტყვეობაში ჰყავდათ ამავე ეკლესიაში for.ge–სთან საუბრისას ამბობს, რომ მამა ანდრიას და იური ანუას ფენომენი არის განსაკუთრებული და შეუფასებელი. მისი თქმით, არ აიღო იარაღი, ოჯახი შეგნებულად არ წავიდა კამანიდან, არ დატოვეს ეკლესია და წმინდა ადგილი.

„მამა ანდრია და მამაჩემი ორივე 5 ივლისს მოკლეს. მამაჩემი ტაძრიდან გაიყავეს, სასტიკად აწამეს, მოკლეს და მერე დაწვეს. კამანი იყო ეპიცენტრი, 4 ივლისს უკვე იგრძნობოდა, რომ რაღაცა ცუდი მოხდებოდა. ორი ძაღლი გვყავდა, ერთს ტყვია მოხვდა და მოკვდა. მაშინ მამას ვუთხარი, რომ უფალმა გვანიშნა სახლში დარჩენა არ შეიძლება და წავიდეთ ეკლესიაში-თქო. მივედით ეკლესიაში, იქ იყო მამა ანდრია. იცით, რომ მანამდე დაწვეს ჩვენი სახლი. მამა ანდრიამ და მამაჩემმა გადაარჩინეს ხატები და სიწმინდეები.

მამაომ თქვა, რომ ტაძარში უნდა დავრჩენილვიყავით. ღამის 4 საათზე დაიწყო სროლა. აფხაზურმა ჯარმა გადმოლახა მდინარე გუმისთა და დაიწყო შეტაკება. იცით, რომ იქ იყო ხეიბართა სახლი, რამდენიმე ხეიბარი გარეთ დარჩენილა, მამა ანდრია გარეთ გაიქცა და შემოიყვანა ტაძარში. ყველა გვაზიარა. ერთ–ერთი არაფრით არ ეზიარა. ჩვენი მებრძოლები მოვიდნენ ტაძარში და უთხრეს მამაოს, რომ ტყვიამფრქვევის ატანა გვინდა სამრეკლოზეო, რაზეც მამაომ კურთხევა არ მისცა. კატეგორიულად თქვა, რომ არ შეიძლება ეკლესიიდან განხორციელდეს სროლაო, მაგრამ მაინც აიტანეს, არ დაუჯერეს მამა ანდრიას.

მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ბოევიკები შემოვარდნენ ეკლესიაში და დაიწყეს ყვირილი – კარები გააღეთო. მამა ანდრიამ არ გაუშვა მამაჩემი და თვითონ გააღო კარები. მამაჩემი კონდახის ცემით გაიყვანეს, უყვიროდნენ – „შენ მოღალატე, აფხაზი ხარ, ჩვენს მხარეს არ დადექიო“, – იხსენებს მანანა ანუა.

არ დაინდეს ტყვედ აყვანილი ანუა, რომელმაც ღირსეულად ბოლომდე გაიარა თავის გოლგოთას გზა. წმინდა ვასილისკოს წყაროსთან ჯერ აწამეს, მერე მოკლეს და ბოლოს კი, მისი ცხედარი დაწვეს.

„20 დღე მამას გვამი დასაფლავებული არ იყო. შემდეგ პეტერბურგელებმა დაასაფლავეს. წარმოიდგინეთ, მამა გაიყვანეს და არ დაბრუნებულა. მერე მამა ანდრია გაიყვანეს და არც ის დაბრუნებულა, ეს იყო საშინელი განცდა. ამასობაში ტაძარში შემოვარდა ე.წ. გამარჯვების ეიფორიაში მყოფი მეომარი. იმის გამო, რომ შუქი არ იყო, ვერავინ ვერ დაინახა. „კეპი“ დაუვარდა და სანთებელა აანთო, რომ აეღო, ამ დროს დაინახა ადამიანების ფეხები.

ტაძარში შეფარებული იყვნენ ხეიბრები, ესენი რომ დაინახა თქვა – „მე, შვილი მომიკლეს, ცოლი მომიკლეს და ახლა შური უნდა ვიძიოო“. ლექსოს, რომელიც არ ეზიარა, ავტომატი მიუშვირა და შიგნით ტაძარში დაცხრილა. მის ცოლს ლამის ხელი მოწყვიტა, კანის ნაგლეჯზე ეკიდა ხელი. ამ კაცისგან 15 სანტიმეტრით მოშორებით ვიდექი, შიშისგან გავქვადი, მაშინ მხოლოდ ღვთისმშობელს ვეძახდი. ლამის შემეხო, მაგრამ წავიდა. არც დედა არ უნახავს, რომელიც კუთხეში იდგა.

ისევ მეორედ შემოვიდა ტაძარში. ნახა, რომ ტაძარში ესვენა დაცხრილული ლექსო. ნასვამი იყო, ისიც არ ახსოვდა, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ დაცხრილა დაისევ დააცალა ავტომატის ჯერი უკვე დაცხრილულ ლექსოს ნეშტს. როგორც კი გავიდა, დედამ კარები ჩარაზა, მთელი ღამე ცეცხლში ვიწვოდით. ვგრძნობდით, რომ მამაოს და მამას აწამებდნენ. დილით წითელი ჯვრიდან მოვიდნენ, მათ გვითხრეს, რომ თქვენი მამაო მოკლესო, მამაზე კი გვითხრეს, რომ არ ვიცით სად არისო.

მე და დედა გავედით გარეთ, მამა ანდრია რომ ვნახეთ, სწორედ ისეთი ესვენა, როგორც ქრისტეს ხატი, მისი თვალები ნეტარებაში იძირებოდა, სახეზე ღიმილი გადაკრავდა. ექიმი ვარ და ბევრჯერ მინახავს გარდაცვალების წინ მყოფი ადამიანი, საშინელი შიში ისადგურებს მაშინ ადამიანის თვალებში. აი, მამა ანდრიას თვალებში იყო ნეტარება. შემოვასვენეთ ტაძარში, საკურთხევლის წინ დავასვენეთ. გადავაფარეთ მაცხოვრის სუდარა, ცისფერი აბრეშუმის სუდარა სისხლით შეიღება, იმიტომ, რომ უკნიდან ესროლეს თავში

საოცარი შეგრძნება არის სიკვდილის რეალობაში ყოფნა. ვერასოდეს გაიგებ რას ნიშნავს სიკვდილის შეგრძნება, სანამ თვითონ არ აღმოჩნდები სიკვდილის პირას. როდესაც აღმოვჩნდი სიკვდილის პირას, რისიც ადრე ძალიან მეშინოდა, სიკვდილმა მნიშვნელობა დაკარგა. რჩებოდა მთავარი – ვიყავი ნაზიარები და მოვდიოდი უფალთან“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას მანანა ანუა.

23–ე ბრიგადის, მე–8 ბატალიონის პირველი ასეულის მეთაურის, ჯემალ სვანიძის შეფასებით, 1992–93 წლების რუსეთ–საქართველოს ომის ერთ–ერთი ტრაგიკული ფურცელი არის 5 ივლისის მოვლენები და კამანის ტრაგედია. როგორც სვანიძე აცხადებს, ომი მიმდნარეობდა თითქმის წელიწადი, რამდენიმე შეტევა იყო განხორციელებული, მაგრამ კამანის აღება მტერმა ვერ შეძლო.

„სტრატეგიულად იყო ძალიან რთული მონაკვეთი. მტრის პოზიციები მაღლობზე იყო განლაგებული, ჩვენი პოზიციები იყო დაბლობებში, ძალიან ძნელი იყო შენარჩუნება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ჩვენი გმირი ზაზა პაკელიანის მეთაურობით ახერხებდა მტრის მოგერიებას. 15–16 მარტის შემდეგ ვერ მოხერხდა სოხუმის აღება, ამის შემდეგ, კრემლში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში დაიგეგმა სოხუმის აღება უკვე შემოვლითი გზებით, ანუ სიმაღლეების დაკავებით.

2 ივლისს ტამიშში გადმოსხეს დესანტი, რათა სოხუმი მოწყვეტილიყო ზურგს, დახმარება ვერ შემოსულიყო. დაიწყო მასირებული დაბომბვები – იაშტუხის, ზეგანის, ცუგუროვკის, პირველი კამანის, შრომის, ქვედა კამანის და ახალშენის მისადგომებთან. 4 ივლისს დაიწყო შეტევა სოფელ ახალშენის მიმართულებით, ახალშენის აღების შემდეგ, 5 ივლისს დაიწყო შტურმი უკვე სოფელი კამანის მიმართულებით“, – იხსნებს ჯემალ სვანიძე.

მისი თქმით, თითქმის ერთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლა, რამდენჯერმე მოიგერიეს კამანელებმა შეტევა, მაგრამ უკვე ვეღარ უმკალვდებოდნენ.

„დახმარებას ითხოვდა მეთაური ზაზა პაკელიანი, მაგრამ შრომიდან დახმარება ვერ მიდოდა, ხიდი ბლოკირებული იყო. მოუწოდებდნენ მას, რომ გამოსულიყო, შეეძლო ტყეში გასვლა და პოზიციების მიტოვება, მაგრამ გმირებმა ეთმანეთს შეფიცეს და არ გამოვიდნენ. სამწუხაროდ, ამ ბრძოლებში დაიღუპა კამანის ასეულის ნახევარზე მეტი, უმრავლესობა დაიჭრა. მტერი შემოვიდა კამანში. იცით, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი არ იყო გასული სოფლიდან, თავი შეაფარეს ჩვენს უძველეს ტაძარს, რომლის წინამძღვარი იყო მამა ანდრია ყურაშვილი, ახალგაზრდა მოძღვარი, რომელიც ახალი დანიშნული იყო. მან იცოდა თავისი განსაცდელის შესახებ, მაგრამ არ მიატოვა თავისი ტაძარი და მრევლი.

მასთან ერთად იყო ნამდვილი აფხაზი, ვაჟკაცი ქართველი ბატონი იური ანუა თავის ოჯახთან ერთად, რომელიც იყო ღრმად მორწმუნე, რომელმაც აღადგინა უძველესი ტაძარი, წმინდა ვასილისკოს წყაროს მისადგომები. მტერი შევარდა ტაძარში, ტაძრიდან გამოიყვანეს ბატონი იური და ნეტარი მამა ანდრია. ბატონ იურის მოღალატეს ეძახდნენ, რაზეც მან უპასუხა – „მე ქართველების და აფხაზების გამაერთიანებელი ვარ“ - წაიყავეს და სამწუხაროდ, დახვრიტეს. იმის მამაცობაც ვერ გამოიჩინეს, რომ მისი საფლავი ეჩვენებინათ ოჯახისთვის.

რაც შეეხება მამა ანდრიას, აჩოქებდნენ, კონდახებს ურტყამდნენ, რომ ეამბორებინათ ე.წ. აფხაზურ მიწას, მაგრამ მამა ანდრიამ, როგორც სასულიერო პირმა, როგორც ერის ერთ–ერთმა თვალსაჩინო წარმომადგენელმა გამოიჩინა უაღრესი გმირობა და მიმართა ისტორიული სიტყვებით მტერს – „ეს არის უფლის მიწა, რომელიც გვიბოძა უფალმა და ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ ერთმანეთს“. ამ მომენტში სამწუხაროდ, დახვრეტილი იქნა წმინა ბერი მამა ანდრია.

სამი დღის განამვლობაში მისი ცხედარი ტაძრის ეზოში იყო, მაგრამ არ გარხწნილა მისი გვამი, მესამე დღეს მიაბარეს მიწას, შემდგომ მოხდა სასწაული, ვინც ეს გააკეთა, ნაწილი ნაღმზე აფეთქდა, ნაწილმა ხელ–ფეხი დაკარგა. შემდეგ ფხაზებს გაეხსნათ გონება, გადაარჩინეს ტაძარში შეფარებული ქალბატონები, მონაზვნები, მათ შორის ქალბატონი მანანა და მისი დედა, გამოარიდეს იქაურობას. გადმოგვცეს ჩვენი დაღუპული მეომბრები, რომ დაგვესაფლავებინა ჩვენი გმირი ძმები“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ჯემალ სვანიძემ.

საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ჯანრი უბირია ამბობს, რომ ეს იყო საზარელი დანაშაული, მკვლელობა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონია ომთან.

„ეს იყო სასტიკი მკვლელობა. ადამიანი, რომელიც ემსახურებოდა ღმერთს და ხალხს, დახვრიტეს. მაშინ უკვე დაჭრილი ვიყავი, მაგრამ ყველასთვის ცნობილი გახდა ამ ტრაგედიის შესახებ და ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე მძიმე წუთები. აფხაზეთში არასოდეს არავინ არ იზღუდებოდა რწმენის გამო, მაგრამ ეს დანაშაული ჩაიდინეს, ბერი დახვრიტეს. ამით კიდევ ერთხელ დაამტკიცა მტერმა, რომ მათ არანაირი ვაჟკაცობის და ომის წესების დაცვა არ აინტერსებდათ. აკეთებდნენ და იქცეოდნენ ისე, როგორც ჩვეულებრივი ყაჩაღები და ბანდიტები.

მინდა ბოდიში მოვიხადო იმისათვის, რომ ჩვენ ვერ შევძელით დაგვეცვა ჩვენი მამა ანდრია, ჩვენი დედა ეკლესიის მსახური, მათ შორის იური ანუა, რომელიც ასევე არ დაინდეს. ამ ფაქტიდანაც ჩანს, რომ მათ ჰქონდათ დავალება, არ ჰქონდა მნიშვნელობა აფხაზი იქნებოდა, ეკლესიის მსახური, თუ რიგითი ადამიანი, მთავარი იყო ჩაედინათ ეს საზარელი მკვლელობები, რასაც ისინი აფხაზეთის დაცემის შემდეგაც აგრძელებდნენ.

ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მათთვის არც ეროვნება არსებობს, არც სიწმინდე, არც ვაჟკაცობა და სამწუხაროდ, არც ომის წესები. ჩვენ აფხაზებთან არანაირი პრობლემა არ გვქონია არასოდეს. ჩვენ აფხაზებს არ ვეომებოდით, არამედ აფხაზეთში შემოსული დაქირავებული ბოვიკებიდან ვიცავდით საქართველოს აფხაზეთში“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ჯანრი უბირია.

ფსიქოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ომის საშინელელებიდან მსოფლიომ ყველაზე დიდი რაც ნახა, იყო ფაშისტური გერმანია და თითქმის მასთან გათანაბრებული იაპონიის ტრაგედია.

„ვიცით რაც დამართეს იაპონიას ორი ატომური ბომბით. არც გერმანიასთან და არც იაპონიასთან ურთიერთობაში ამ ფაქტებს აღარ იხსენებენ, სწორედ იმიტომ, რომ წარსულის გახსენების ფორმას და მიმართულებას წყვეტს აწმყო. თუ შურისძიებას ვაპირებთ, უნდა გავიხსენოთ რაც შეიძლება მწვავედ ის, რაც მოხდა. თუ მშვიდობიან ურთიერთობას ვაპირებთ, მაშინ რაც შეიძლება მეტად უნდა დავინახოთ, რომ ისინი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნილი ადამიანები არიან - ფაქტობრივად, ადამიანური სახე დაკარგეს და შეცოდებას უფრო იმსახურებენ ვიდრე შეფასებას, ან განსჯას. ომი ყოველთვის პირუტყვებად აქცევს ყველას, რა თქმა უნდა, თქვენ მართალი ხართ, მაგრამ ყველა შემთხვევიდან ძირითადი დასკვნა არის შემდეგი – რა გვიყო ომმა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.