ჩინური ვაქცინით აცრილ ადამიანებს ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანა შეუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე

ჩინური ვაქცინით აცრილ ადამიანებს ევროკავშირის 27 ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანა შეუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 7 მაისს საგანგებო გამოყენების ნებართვა მისცა ჩინურ „სინოფარმის“ ვაქცინას. კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოვაკი“ კი საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზებულ ვაქცინათა სიაში 1 ივნისიდან შეიტანეს. ორივე ვაქცინა საქართველოში ჯანმოს ავტორიზაციამდე შემოვიდა, თუმცა მალევე ორივე მათგანმა მიიღო ნებართვა საგანგებო გამოყენებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ვაქცინები ჯანმოს მიერ არის აღიარებული, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნული ვაქცინით არიან აცრილები, მსოფლიოსა და ევროპის ქვეყნებში თავისუფლად შესვლის უფლება არ აქვთ.

შენგენის ვიზის საინფორმაციო პორტალის თანახმად, მოგზაურები, რომლებიც იცრებიან რუსული, ჩინური და ინდური ვაქცინებით, კვლავ ვერ შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში შესვლას. „ევროპის წამლების სააგენტოს“ (EMA), რომელიც პასუხისმგებელია სამედიცინო პროდუქტების შეფასებასა და მეთვალყურეობაზე, ამ დროისთვის, მწვანე შუქი ანთებული აქვს კორონავირუსის მხოლოდ ოთხი ვაქცინისთვის, რომელთა შორისაა: „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ასტრაზენეკა“ და „ჯონსონ & ჯონსონი“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში მითითებულია, თუ რომელი ქვეყანა რა პირობით უშვებს საქართველოს მოქალაქეს თავის ტერიტორიაზე. სიის თანახმად, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აცრილია ჩინური ვაქცინებით – „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“, შესვლა შეუძლია 7 ქვეყნის ტერიტორიაზე – ესპანეთში, ესტონეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში, ხორვატიაში (მხოლოდ „სინოფარმით“), კვიპროსსა (მხოლოდ „სინოფარმით“) და სლოვენიაში.

თუ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური ვაქცინის აცრის შემდეგ, ევროპაში მოგზაურობა არ შეეძლებოდათ, მაშინ რატომ დაუშვა მთავრობამ აღნიშნული ვაქცინის მოხმარება, აღნიშნული კითხვით for.ge დაინტერესდა.

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ვაქცნის დანიშნულება მხოლოდ მოგზაურობა არაა. მისივე თქმით, თუ ადამიანს მოგზაურობა სურს, ეს ვაქცინის გარეშე, ტესტებითაც არის შესაძლებელი.

„დღესაც, ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარების მიზნით, ნებისმიერი ვაქცინით თუ მის გარეშე მოგზაურობა შესაძლებელია. მინდა გითხრათ, რომ ჩინური წარმოების ვაქცინას 40-მდე სახელმწიფო იყენებს, რომელიც ჯანმოს მიერ ავტორიზებულია. ალბათ, ევროკაშირის ის ქვეყნები, რომლებიც ტურისტულ შემოსავლებზე არიან დამოკიდებულნი, ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინას დაუშვებენ. ეს არ ეხება რუსულ „სპუტნიკს“ . ძალიან ნაკლები ვარაუდია, რომ აღნიშნულმა ვაქცინამ ავტორიზაცია მიიღოს.

ზოგადად, ევროპის წამლბის სააგენტოც, ადრე თუ გვიან, აღიარებს და დაუშვებს გადაუდებელი მოხმარებისათვის „სინოფარმსა“ და „სინოვაკს“. მთელი ჩინეთი ამ ვაქცინით არის აცრილი და არ მგონია ევროპამ ჩინელი ტურისტები არ დაუშვას. მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყანა უნგრეთშიც ჩინური ვაქცინით აიცრნენ. სერბეთი კი არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ აქაც მოსახლეობის უმრავლესობა „სინოფარმით“ აიცრა. არ მგონია ეს დიდი პრობლემა იყოს“, - გვითხრა აკაკი ზოიძემ.

აღნიშნული ინფორმაცია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტისა და მმართველი გუნდის წევრმა, ლადო კახაძემ ჩვენგან შეიტყო და გაკვირვებაც არ დაუმალავს.

„როდესაც ევროპა ლაპარაკს იწყებს კოვიდპასპორტებზე, რა თქმა უნდა, სტანდარტებიც ექნებათ და ამ სტანდარტებს უნდა დავუახლოვდეთ. რამდენადაც ვიცი, ოპერირებისათვის დაშვებული ვაქცინა, რომელიც ჯანმოს მიერ არის აღიარებული, მწვანე შუი აქვს ანთებული. ასე ვიცოდით ყველამ. ჩინური ვაქცინა უსაფრთხო რომ არ ყოფილიყო, ჯანმო არ აღიარებდა. თქვენი კითხვა ნამდვილად გამიკვირდა, ესპანეთმა თუ დაუშა, იტალიამ რა დააშავა? არ მგონია თავიანთ ნებაზე მოქმედებდნენ ეს ქვეყნები, რაღაც კრიტერიუმი ერთიანად ექნებათ და აუცილებლად შეჯერდებიან და დაუშვებენ, სხვანაირად ვერ იქნება“, - გვითხრა ლადო კახაძემ.

 

Aburjga Tasmanieli შეუძლებელი უნდა შევძლოთ, შეუძლებელი! დიახ უნდა შევძლოთ და გავყაროთ საქართველოდან " ჩვენი დასავლეთელი სტრატეგიული თუ უბრალოდ მოკავშირეები " ! სასწრაფოდ, რაც მალე მით უკეთესი! სულ კინწის კვრთ და პაჩურის ცემით !!!
3 წლის უკან