ბოლო პერიოდში თბილისში ფოტოგამოფენებს ძირითადად ახალგაზრდა ფოტოგრაფები აწყობდნენ და თავიანთ შემოქმედებას სწორედ ამ გზით აცნობდნენ საზოგადოებას. თუმცა, გასული საუკუნის ფოტოკადრების პოპულარიზაციაზე ბევრი არ ფიქრობდა და ბევრმა არც იცის იმ უნიკალური ფოტოების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა არქივშია დაცული.
ძველი ფოტოების მოყვარულთა ინტერესი შესაძლებელია მეტ–ნაკლებად დღეს დაკმაყოფილდეს, როდესაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში გამოფენა - “თბილისი XX საუკუნეში“ გაიხსნება.
ამ საინტერესო ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის არქივსა და საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალები გასულ საუკუნეში თბილისის აღმშენებლობის, დედაქალაქის მმართველობის შესახებ; ქალაქის თავების, აღმასკომის თავმჯდომარეების, მერების ფოტოები და ინფორმაცია მათი მოღვაწეობის თაობაზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის არქივში, გიორგი ბეჟანიშვილის პირად ფონდში დაცული თბილისის პანორამული ფოტოები, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იან წლებშია გადაღებული და ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია.
საისტორიო ცენტრალური არქივის საცავებიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნის დასაწყისის მასალები: სახლების, სასწავლებლების, თეატრების, სხვა დაწესებულებების შენობის ნახაზები, ქალაქის მმართველობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.