ზაფხულის დადგომასთან ერთად, კოვიდ რეგულაციებიც შემსუბუქდა. პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშილის გადაწყვეტილებით ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის, ხოლო 1 ივლისიდან კომენდატის საათიც იხსნება. რეგულაციების შემსუბუქების პარალელულად, ქვეყანაში ინდური შტამი ვრცელდება.
რეგულაციების მოხსნა გამოიწვევს თუ არა მეოთხე ტალღას ინდური შტამის ფონზე, for.ge-ს ამ კითხვას ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა პასუხობს.
ალექსანდრე გოგინავა: რა გველის ღმერთმა იცის, მაგრამ ახლო პერსპექტივას რაც შეეხება, ამ წუთში ქვეყანაში ინდური შტამი არ ცირკულირებს, ამიტომ მისი გავრცელების რისკები დაახლოებით, 2-3 კვირა არ იქნება.
თუმცა, თუ რეგიონის ქვეყნებს გადავხედავთ, სადაც „დელტას“ შტამი მაღალი ინტენსიურობით გავრცელდა, თეორიულად შესაძლებელია, რომ ზაფხულის მეორე ნახევარში საქართველოშიც მოხდეს მისი გავრცელება. ამიტომ მნიშვნელოვანია იყოს ის რეკომენდაციები დაცული, რომელიც დიდი ხანია დაწესებულია - დისტანცია, ჰიგიენური ნორმების დაცვა და პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში. მართალია, ღია სივრცეში პირბადის ტარების რეგულაცია მოიხსნა, მაგრამ რეკომენდაცია რჩება. მოსახლეობას მოვუწოდებ, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება და ხალხმრავალი ადგილია, ამ შემთხვევაში პირბადე გამოიყენონ.
თუ ჩვენ ამ რეკომენდაციებს დავიცავთ, პლუს ამას ვაქცინაცია აქტიურად წავა და ასევე გაკონტროლდება იმ ქვეყნებთან მიმოსვლა, სადაც „დელტას“ შტამის გავრცელება მაღალია, შესაძლებელია, რომ სტაბილურობის მაჩვენებელი შევინარჩუნოთ, მაგრამ, თუ ეს ყველაფერი ვერ მოხერხდა, რისკები არსებობს.
ტურისტული სეზონი დადგა და ამ დროს რეგულაციების გაკონტროლება რამდენად არის შესაძლებელი?
- ეს ორ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველი - საზოგადოების დამოკიდებულება, რადგან ვერანაირი რეგულაცია ვერ იმუშავებს, თუ მოსახლეობის მხრიდან მზაობა არ იქნა.
ასევე დამოკიდებულია სახელმწიფოზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს იმ ქვეყნებთან მიმოსვლის კონტროლი, სადაც ინდური შტამის მაღალი მაჩვენებელია.
ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ საჰაერო მიმოსვლა ისევ უნდა ჩაიკეტოს?
- მთლად ასე რადიკალურად არ ვიტყოდი, თუმცა ეპიდსამსახურები აფასებენ თუ რომელი ქვეყანა შედის რისკ ჯგუფებში და ის ქვეყნები, რომლებიც რისკ ჯგუფებს წარმოადგენენ, მათთან მიმოსვლა უნდა გადაიხედოს და გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.
ასევე ახსენეთ ვაქცინაცია, თუმცა რამდენიმე დღეა ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, კერძოდ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით. შესაძლებელია მოქალაქე ორი სხვადასხვა ვაქცინით აიცრას?
- ამ კითხვაზე ასეთი პასუხი მაქვს - ზოგადად, ორი ვაქცინის გაკეთების პრეცედენტი მსოფლიოში იყო. პირველი დოზით „ასტრაზენეკათი“ მოხდა ვაქცინაცია, გარკვეული შეფერხებების გამო, მეორე ვაქცინა „ფაიზერი“ გაკეთდა. ამ ფაქტზე ესპანეთში კვლევაც კი ჩატარდა და შერეულმა ვაქცინაციამ საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ შემდეგ ჩინური ვაქცინის გაკეთებას, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. არც სადმე შემხვედრია, რომ ამის პრეცედენტი ყოფილიყო.
იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მეოთხე ტალღის წინაშე დადგა, სამედიცინო სფერო რამდენად არის ამისთვის მზად?
- ერთ რამეს აღვნიშნავ, რომ სამედიცინო პერსონალი გადაღლილია. დაახლოებით ორი წელია, თითქმის შეუსვენებლად უწევს სამედიცინო პერსონალს მუშაობა. აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ იმ ადამიანებს, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებიან. მათი შესაძლებლობები ამოუწურავი არაა, თუნდაც ფიზიკური, ანდაც მორალური.
რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ჯანდაცვის სისტემა მზად არის, მაგრამ მედ-პერსონალი გადაღლილია და ესაა გასათვალისწინებელი.