აბიტურიენტებს სტუდენტის სტატუსის მოპოვება ორი წელია პანდემიის ფონზე უწევთ. წელს, სტუდენტის სტატუსის მოპოვებას 38 400 აბიტურიენტი შეეცდება და მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრში მოუწევთ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, თუმცა, უცნობია, რამდენი მოიპოვებს სტუდენტის სტატუსს.
როგორც for.ge-ს შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრში განუცხადეს, ყველა უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების საკუთარი რაოდენობა აქვს დაწესებული.
„თუ რომელი ფაკულტეტები და უნივერსიტეტები ლიდერობენ, ამ ეტაპზე უცნობია, რადგან აბიტურიენტებს ფაკულტეტების შეცვლის უფლება ჯერ კიდევ აქვთ. ეროვნული გამოცდების შედეგები რომ გამოქვეყნდება, ამის შემდეგადაც კი მომდევნო დღის ჩათვლით, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ აირჩიონ, გადაანაცვლონ უნივერსიტეტი ან ფაკულტეტი. ანუ შეიძლება არჩეული ჰქონდეს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, მაგრამ აბიტურიენტს შეუძლია, იგი ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტით შეცვალოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე არ გვაქვს ინფორმაცია, რომელი ფაკულტეტია ყველაზე პოპულარული“, - განუცხადეს for.ge-ს შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრში.
for.ge-მ გაარკვია საქართველოში ყველაზე პოპულარული პროფესიები რომელია.
ესენია: ფინანსური მენეჯერი, გენერალური მენეჯერი, სამედიცინო მომსახურების მენეჯერი, მარკეტინგის სპეციალისტი, პროექტების მენეჯერი, ბუღალტერი და აუდიტის სპეციალისტი, კომპიუტერული სისტემის ანალიტიკოსი, ინფორმაციის უსაფრთხოების ანალიტიკოსი, იურისტი, კონსტრუქტორი, გაყიდვების მენეჯერი, დაწყებითი კლასის პედაგოგი, ადამიანური რესურსების სპეციალისტი.
წელს გამოცდების ჩაბარებისას, ასევე ცვლილებაა ის, რომ შესაძლოა, ზოგიერთ აბიტურიენტს ატესტატი მოსთხოვონ. კერძოდ, ეს იმ აბიტურიენტებს შეეხებათ, ვისაც სკოლა 2011 წლამდე აქვთ დამთავრებული.
ასევე გასულ წელთან განსხვავებით, თუ აბიტურიენტს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა, მას წელი აღარ გაუცდება და გამოცდების ჩაბარება არანაკლებ 14 დღეში შეეძლება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ საგამოცდო სესიის მონაწილეთა განსაზღვრა მოხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
რეკომენდაციების შესაბამისად, გასული წლის მსგავსად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება მინიმუმ 2 მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი. პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის მანძილზე სავალდებულოა. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.
აბიტურიენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი, ასევე, სურვილის შემთხვევაში - წყალი პლასტმასის ბოთლით, დამატებითი პირბადე და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს იწყება.