რატომ უმცირებენ ტოტალიზატორებს გადასახადებს?

რატომ უმცირებენ ტოტალიზატორებს გადასახადებს?

ტოტალიზატორებისთვის საქმიანობა კიდევ მარტივდება. პარლამენტის მიერ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მათ გადასახადების მოცულობა შეუმცირდებათ. ხელისუფლება ამას ტოტალიზატორებისთვის ადმინისტრირების გაიოლებით ხსნის, მაგრამ ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ეს ადმინისტრირებაზე გაცილებით მეტია“. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ამით თანაბრობის პრინციპი ირღვევა.

 

პარლამენტის გადაწყვეტილებით ცვლილება შედის ახალ „საგადასახადო კოდექსში“, რომელიც 2011 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. ცვლილება კი ითვალისწინებას იმას, რომ ტოტალიზატორებს ყველანაირი გადასახადის გადახდის ვალდებულება ეხსნებათ და მხოლოდ შესული თანხის 5%-ით დაიბეგრებიან.

 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიორგი გოდაბრელიძე განმარტავს, ეს განპირობებულია ტოტალიზატორებისთვის ადმინისტრირების გაიოლების სურვილით.

 

„ტოტალიზატორებში ადმინისტრირება არის რთული. მაგალითად, მე თანხა დავდე ღამის 12 საათს, რომ ხუთი წუთი უკლია და ცხადია, რომ ამ თანხას წავაგებ თუ მოვიგებ, ნებისმიერი შედეგი დადგება უკვე მეორე კალენდარულ დღეს. პრობლემა კი ის არის, ეს თანხა რომელი დღის რიცხვით უნდა გატარდეს. მეორე პრობლემა კი მათთვის არის ის, თუ საიდან უნდა დააკავოს საშემოსავლო და ა.შ.

 

ამის გარდა, არის სხვა გადასახადებიც და ეს ქმნის პრობლემას. ამიტომაც ვთავაზობთ, რომ გადაიხადოს ერთად შესული თანხის 5%. ეს ადმინისტრირებასაც გაამარტივებს და შემოწმებასაც. ანუ, აღრიცხული თანხის 5%-ით დაიბეგრება. აქამდე ხარჯები ცალკე უნდა დაეთვალათ და მოგება ცალკე. ამ ცვლილების შემდეგ კი შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ბუღალტერი საერთოდ აღარც კი ჰავდეთ.  სალაროში იქნება ერთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ შესულ თანხას აღრიცხავს და აქედან მოხდება ერთიანად ყველა გადასახადის გადახდა“, - განმარტავს გოდაბრელიძე.

 

მისი თქმით, ტოტალიზატორებს დარჩებათ დღგ-ს გადახდის ვალდებულებაც, თუმცა, გოდაბრელიძეს მიაჩნია, რომ ეს პრობლემას აღარ შექმნის, რადგან „ამის უკან დაბრუნება შეეძლებათ“.

 

თუმცა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, პრობლემა არის ის, რომ ამით ირღვევა თანასწორობის პრინციპი.

 

„კონსტიტუციაში სწერია, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი და მათ განვითარების თუ საქმიანობის თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი საქმიანობა ერთნაირი გადასახადებით უნდა იბეგრებოდეს. ეს ინიციატივა კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ სფეროს აძლევენ რაღაც შეღავათს, რაც უკვე თანასწორობის პრინციპებს არღვევს, საერთოდ თავი რომ დავანებოთ სააკაშვილის თავის მოწონებას, რომ გადასახადების საკითხი რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს“, - აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

 

დეპუტატის აზრით, „ეს ყველაფერი კეზერაშვილისთვის კეთდება“ და იხსნებს, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს რამდენიმე ისეთი ინიციატივა იქნა უპრობლემოდ მიღებული, რომელიც თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

 

ერთ-ერთი ასეთი კანონი პარლამენტმა დაახლოებით ერთი თვის წინათ მიიღო, რომლის თანახმად, ტოტალიზატორების ბიზნესში ჩართვისთვის წინასწარ გარკვეული თანხის გადახდას ითვალისწინებს.

 

ამ ინიციატივას მთავრობა იმ არგუმენტით ხსნის, რომ ხელისუფლება კომპანიის ფინანსურ სანდოობაში უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ასეთი ნებართვა გასცეს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ესეც კეზერაშვილისთვის კეთდება, რათა მას ბიზნესში კონკურენტები არ გამოუჩნდეს.

 

სულ რამდენიმე თვის წინათ კი მთავრობის ინიციატივით მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ლატარიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი სარეკომენდაციო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ფინანსთა სამინისტროში სპეციალური საბჭო შეიქმნა, რომელიც განიხილავს ყველა იმ საკითხს, რაც დაკავშირებული იქნება ლატარიასთან.

 

ყველაზე მთავარი კი ის არის, თუ ეს საბჭო როგორ კომპლექტდება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ტენდერში გამარჯვებული ერთი ორგანიზაცია, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ საბჭო, რომელიც განიხილავს ლატარიებთან დაკავშირებულ საკითხებს, კიდევ უფრო წარმომადგენლობითი იყოს. 

 

შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობაში სამთავრობო სტუქტურების წარმომადგენლების გარდა, შესაძლებელი იქნება შევიდნენ „სხვა პირებიც“.

 

ეს „სხვა პირები“ დაკონკრეტებული არ არის და ამის გამო ოპოზიციამ მთავრობის ამ ინიციატივის გაჟღერებისთანავე გამოთქვა ეჭვი, რომ ამ საბჭოში კეზერაშვილის ოფიციალურად შეყვანა უნდათ, ვინაიდან სწორედ მის მფლობელობაში ითვლება ეროვნული ლატარიის კომპანია.

 

ყველა ამ ცვლილების ერთობლიობას კი ოპოზიცია სწორედ იმ არგუმენტით ხსნის, რომ „ხელისუფლებას კანონის და კონსტიტუციის დარღვევა არაფრად უღირს, ოღონდ საკუთარი მიზნები დაუბრკოლებლად განახორციელოს. ამ ყველა ცვლილების მთავარი მიზანი კი კეზერაშვილისთვის მილიონების კეთების საშუალებაა და არა მგონია, რომელიმე ქვეყანაში მსგავსი რამ ხდებოდეს“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.