კვლავ უცნობია, როგორ და რა სახით შეიძლება 34 წლის საქართველოს მოქალაქე, ზაზა გახელაძე ოკუპანტების ტყვეობიდან დავიხსნათ. ის დღეს, 23 მაისს, 34 წლის გახდა და უკვე ერთი წელია, რაც დე ფაქტო ხელისუფლების პირადი ტყვეა. გახელაძეს 12 წელი მხოლოდ იმიტომ აქვს მისჯელი, რომ საკუთარ მიწაზე რუსი ჯარისკაცების მოთხოვნას არ დაემორჩილა. მას ბრალად სდებენ, რომ სანადირო თოფიდან ერთ-ერთ ჯარისკაცს ესროლა. მართალია, რუსმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ გახელაძემ მიზანმიმართულად არ ესროლა, მაგრამ მას მაინც 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია, პირიქით, ზაზა გახელაძე ფეხში დაჭრეს. გახელაძის გათავისუფლებას ოჯახი უშედეგოდ ელოდება. იგივე მოლოდინი 15 ივნისს ერგნეთის რიგით მე-100 საიუბილეო შეხვედრის დროს ჰქონდათ, თუმცა მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ოჯახმა მხოლოდ გახელაძის ციხეში მონახულობის პირობა მიიღო. ამიტომაც მათ 23 ივნისს ადგილობრივებთან ერთად აქციის გამართვა გადაწყვიტეს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის მიუხედავად ისინი მასობრივ და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ასევე ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე საოკუპაციონ ხაზს მიღმა გადასვლასაც არ გამორიცხავს.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ინტერვიუში მიიჩნევს, რომ ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად საუბარი პირდაპირ დე ფაქტო ხელისუფლებასთან არის საჭირო. მისი თქმით, ის 4 წლის განმავლობაში სწორედ ამ მეთოდით ტყვეობაში მყოფ არა ერთ ქართველს ათავისუფლებდა. ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკების დროს სანაცვლოდ ქართულმა მხარემაც რაღაცა პირობა უნდა მისცეს, პოლიტიკა ასეთია, სხვაგვარად საქმე ვერ გაკეთდება. ჩვენი ხელისუფლება კი ევროპას და საერთაშორისო დამკვირვებლებს ესაუბრება, რომლებიც საკითხს ფორმალურად უდგებიან. ეს გასაკვირი არაა, რადგანაც სხვა მოვალეობა მათ არც აკისრიათ. ამიტომ მოლაპარაკების დროს ყველა ხერხის და ძალის გამოყენებაა აუცილებელი. ოჯახს ვერ მოვთხოვთ მოთმინებას, როცა 1 წლის განმავლობაში ხედავენ, რომ მათი შვილის გასათავისუფლებლად არაფერი კეთდება.
ოჯახი ამბობს, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მათ პირობა მისცა ზაზა გახელაძე 31 მაისს თავისუფალი იქნებოდა. ხომ არ ფიქრობთ, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მხარემ მისი გათავისუფლების პირობა მიიღო და შემდეგ პოზიცია შეცვალა?
- არ მგონია, გამოვრიცხავ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა, დე ფაქტო ოსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მხარეს ზაზა გახელაძის გათავისუფლების პირობა მისცა. თუკი ისინი ამ პირობას ჩვენს ხელისუფლებას მისცემდნენ, შეასრულებდნენ კიდევაც. არ მახსოვს ამ ერთი წლის განმავლობაში, ცხინვალში გახელაძის გათავისუფლების განწყობა ყოფილიყო. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ოჯახს არწმუნებდა, რომ რაღაცას აკეთებდნენ, მაგრამ რეალურად მის გასათავისუფლებლად არაფერი გაკეთებულა. ქართული მხარე გახელაძის გასათავისუფლებლად ესაუბრება არა დე ფქტო ხელისუფლებას და რუსეთს, არამედ ევროპას, რომელიც ამ ყველაფერს ფორმალურად უდგება. ეს სწორიც არის, რადგან მათ სხვა უფლება-მოვალეობა გააჩნიათ. რუსეთმა ტყვეების გაცვლის საკითხი დე ფაქტო ოსეთის ხელისუფლებას დაუტოვა, ამიტომ რუსეთი ამ საქმეში არ ერევა. დე ფაქტო ხელისუფლებასთან ან სხვა შუამავალ პირებთან საუბარია საჭირო.
თუმცა ზაზა გახელაძეს უკვე 12 წელი და 6 თვეა აქვს მისჯილი, ახლა რა შანსი აქვს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მისი გათავისუფლება შეძლოს? სად დაუშვა შეცდომები, ამ ერთი წლის განმავლობაში რა უნდა გაეკეთებინა?
- გაფრინდაშვილის დაკავების და ტატუნაშვილის მკვლელობამდეც ვამბობდი, რომ ოჯახს საშუალება უნდა მისცემოდა რუსეთიდან ვინმე გამოცდილი ადვოკატი აეყვანა. რა თქმა უნდა, მათ ამის საშუალება არ აქვთ, მაგრამ ეს ჩვენს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა. არის ხალხი, ვინც ამაზე მუშაობს. მართალია, ძვირადღირებულია მათი მომსახურება, მაგრამ გამოცდილები არიან. მთელი ჩემი ცხოვრება ამ ადამიანებთან კონტაქტი მაქვს. 4 წელი მინისტრი ვიყავი და კაციშვილს არ გაუგია რამდენი ადამიანი გავათავისუფლე და როგორ. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხიც კი იყო ჩართული. ისინი მთხოვდნენ დავხმარებოდი და მე ვაფრთხილებდი, რომ თუკი არ იხმაურებდნენ, დავეხმარებოდი.
სოჩის ოლიმპიადის დროს აფხაზეთში სამუშაოდ გადასულ ქართველებს რომ აკავებდნენ ისე ჩუმად ვაშვებინებდი, რომ ვერავინ იგებდა. 15-20 კაცი ისე გამოვიყვანეთ, კაციშვილს არ გაუგია. ამიტომ ვამბობ, რომ ყველანაირი ხერხია მოსაძებნი იმისთვის, რომ გახელაძე გათავისუფლდეს.
თქვენ ფიქრობთ, რომ ის აქტიურობა, რაც ახლა ზაზა გახელაძის ირგვლივ ხდება სიტუაციას უფრო ამწვავებს? მაშ რა უნდა ქნას ოჯახმა ან მედიამ, როცა 1 წელია მისი გათავისუფლება ვერ ხერხდება? ექიმ გაფრინდაშვილის შემთხვევაში ხმაურმა ხომ გაჭრა?
- როცა არაფერს აკეთებ, ხმაური და აჟიოტაჟი სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. ორი მომენტია - ან საქმე სასამართლომდე არ უნდა მიიყვანო და გათავისუფლება მაშინვე შეძლო, ხოლო სასამართლომდე საქმე თუ მივა, ადვოკატი უნდა აიყვანო, განაჩენს დაელოდო და უკვე ადგილობრივად მან უნდა იმუშაოს. მერე შეწყალება ან უდო უნდა შეეხოს.
ზაზა გახელაძეს დაკავებისას ხელში იარაღი ჰქონდა. გაისროლა თუ არ გაისროლა, აშკარა იყო, რომ მას ასე ადვილად არ გამოუშვებდნენ. ხოლო 12 წლის მისჯა იმას ნიშნავს, რომ საერთოდ ამ საქმეზე არავის არ უმუშავია. გახელაძეს ცხრა ტყვიის გასროლა დააბრალეს, რომელიც სრულიად აბსურდია. სანადირო თოფიდან ამდენს ვერ გაისვრი. ამიტომ აშკარად ჩანს, რომ მათივე კანონით ძალიან ბევრი დარღვევები იყო. კარგი ადვოკატის აყვანის პირობებში მას მაქსიმუმ 3-4 წელს მისცემდნენ. ამის შემდეგ კი ამ წლების ჩამოწევაზე მუშაობა შეიძლებოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ არაფორმალურ მოლაპარაკებასაც კი აწარმოებენ და ყველა საერთაშორიო პლატფორმას იყენებენ იმისთვის, რომ გახელაძის გათავისუფლება მოითხოვონ... მაინც ფიქრობთ, რომ მოლაპარაკებები არასწორი გზით მიდის?
- დიახ ასეა, რადგანაც ზუსტად არ ვიცით, ვის და რას ელაპარაკებიან. საქართველოს ხელისუფლებამ ზაზა გახელაძის ოჯახი გადააგდო. ჩვენ რა ვიცით, რას პირდებოდნენ. გამოვიდნენ და თქვან, რისი იმედი ჰქონდათ და ოჯახს რატომ აიმედებდნენ. ზუსტად ვიცი, ექიმ გაფრინდაშვილის ოჯახი რას აკეთებდა. პაატა ბურჭულაძე და ვინ აღარ ჩართეს, მთელი მსოფლიო ააწრიალეს. ლეო ბოკერია ჩაერთო, რომელსაც მოსკოვში ყველაზე დიდი გავლენები აქვს. ვისი იმედი აქვთ ამათ, ვის ელაპარაკებიან? ევროპის გარდა არავის ესაუბრებიან. მე ყველას პირდაპირ ველაპარაკებოდი და ქვეყანა არ დანგრეულა. ხალხი არა ჰყავთ, ვისაც დაურეკავენ და რაღაცის სანაცვლოდ დახმარებას სთხოვენ.
ამათ არავინ არაფრად აგდებთ და რა მოლაპარაკებას მართავენ? რაც შეეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს განცახდებას, რომ არაფორმალური მოლაპარაკება მიდისო, მაგათ საერთოდ რა ესაქმებათ? ვაღიარეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ? წარმოდგენა არ აქვთ კონფლიქტები როგორ უნდა მართონ.
თქვენ არ დაგიკავშირდათ ხელისუფლებიდან არავინ, რომ მოლაპარაკების პროცესში ჩართულიყავით და კონტაქტები გამოგეყენებინათ?
- გახელაძის დაკავებიდან მესამე დღეს ჩვენმა ხელისუფლებამ დამირეკა, მაგრამ სტატუსის გარეშე არავინ დაგელაპარაკება. კი ბატონო, მაქვს კონტაქტები, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცას უნდა დაჰპირდე, ისე არავინ არაფერს არ გაგიკეთებს. რა დავპირდე, როცა არაფერი შემიძლია? ასე ჰაერზე არავინ არაფერს გიკეთებს. დაგეხმარებიან და შენც უნდა დაეხმარო.
ოჯახი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება და ამბობენ, რომ საოკუპაციო ხაზს გადალახავენ და დე ფაქტო ხელისუფლებას ჩაბარდებიან. როგორ ფიქრობთ ეს მდგომარეობას კიდევ უფრო ხომ არ გაამწვავებს?
- რა თქმა უნდა გაამწვავებს, მაგრა სასოწარკვეთილ ოჯახს რა გინდა მოსთხოვო? თან ტატუნაშვილის მაგალითი და უბედურება უკვე გავლილი გვაქვს. ამიტომ ოჯახს ეშინია და სხვა გზა აღარ დარჩა. ესა იმის ბრალია, რომ არ იციან მოლაპარაკებები როგორ აწარმოონ. კაციშვილი ვერ იპოვეს იმისთვის, რომ უშუალო კონტაქტზე გავიდნენ და რაღაცა გამოსავალი იპოვონ.