ზაზა გახელაძის ოჯახმა 23 ივნისს აქციის გამართვა საბოლოოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 15 ივნისს ერგნეთის მორიგი შეხვედრა ისევ უშედეგოდ დასრულდა და 33 წლის ქართველი კვლავ დე ფაქტო ხელისუფლების უკანონ ტყვეობაში იმყოფება. გახელაძე უკვე ერთი წელია ცხინვალის ციხეში ზის და მას 12 წლით და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი. მას ბრალდება რუსეთის ფედერაცია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს, რის შემდეგაც გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა ქართველმა რუს ჯარისკაცებს ცეცხლი გაუხსნა, ხოლო ორმხრივი სროლის დროს ის ფეხში დაიჭრა. ოკუპანტ ჯარისკაცებს არაფერი დაშავებიათ. სავარაუდოდ, ახალგაზრდა სანადირო თოფით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას რუსი სამხედროები თავს დაესხნენ, დაუმორჩილებლობის შემდეგ კი, მას ცეცხლი გაუხსნეს.
არაერთი მოლაპარაკების მიუხედავად, ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება მის გათავისუფლებას არ აპირებს. ოჯახი კი ამბობს, რომ ისინი მზად არიან ე.წ. საზღვარი გადალახონ და ოკუპანტებს ჩაბარდნენ. მათი თქმით, გახელაძის დედა ნანა ბუნტური უმძიმეს ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება, რომელმაც ერგნეთის უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ ბენზინი გადაისხა და თავის მოკვლა სცადა.
რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, ხელისუფლება ყველა ტრიბუნას და ფორმატს იყენებს იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის საკითხი უმთავრესი იყოს. ზალკალიანის ინფორმაციით, თვის ბოლოს ჟენევის ფორმატის მომდევნო რაუნდი გაიმართება, სადაც კვლავ მწვავედ დადგება ეს საკითხი. მისივე თქმით, ხელისუფლება კულუარულადაც მუშაობს ამ საკითხზე.
23 ივნისს ზაზა გახელაძის დაბადების დღეზე ოჯახი, ახლობლები და ადგილობრივი მოსახლეობა მის სახლთან შეიკრიბება, ავტობანისკენ დაიძვრებიან და არ არის გამორიცხული, რომ ოჯახმა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა სცადოს. ისინი ამბობენ, რომ თუკი გახელაძე უახლოეს მომავალში გათავისუფლებული არ იქნება, უკიდურეს ზომას მომავალშიც მიმართავენ.
„23 ივნისს მშვიდობიან მსვლელობას ვიწყებთ სოფილდან სამთავისის მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ გარკვეულწილად, ამან მაინც რაღაცა შედეგი შეიძლება გამოიღოს. სხვა გზა და გამოსავალი ამ ეტაპზე აღარ გვაქვს. არ ვიცით, რა და როგორ იქნება, იმ ჭკუაზე ვართ, რომ ყველა გადავიდეთ და დე ფაქტო ხელისუფლებას ჩავბარდეთ. ჩემი დედამთილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომაც სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს. ყოველდღიური მოლოდინით და ტყუილი იმედებით დავიღალეთ“, - ამბობს for.ge-სთან ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა ბუთხუზი.
ზაზა გახელაძის მამა მიშა გახელაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მას ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის და ჩაბარების გარდა სხვა გზა აღარ დარჩა. მისი თქმით, ასე უმოქმედოდ ყოფნას ურჩევნია დააკავონ და შვილის მსგავსად 12 წელი მასთან ერთად ციხეში იჯდეს. მათ ხელისუფლება პირდებოდა, რომ ერთ-ორ კვირაში, ზაზა თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ ყველა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გახელაძე ამბობს, რომ მისი ცოლი, შვილიშვილები და რძალი უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარებაში არიან.
„ერგნეთში გადასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი ოჯახის მძიმე მდგგომარეობაში ყოფნას ვეღარ ვუძლებ. ჩემი შვილიშვილები საჭმელს არ ჭამდნენ და არ სვამდნენ, რადგანაც 31 მაისს მამას სახლში ელოდებოდნენ. ისევ იმედგაცრუება და ტყუილი მოლოდინი. ჩემი მეუღლე იმდენად მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, რომ სახლში შევიდა, 5-ლიტრიანი გამოიტანა და ბენზინი გადაისხა. ჩვენს რძალს რომ არ დაენახა და ყვირილი არ აეტეხა, დღეს ნანა ცოცხალი აღარ იქნებოდა. ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე რაღაცა გავაკეთო, შვილს ვუშველო და ასე უმოქმედოდ სახლში გაუბედურებული არ ვიჯდე“, - ამბობს ზაზა გახელაძის მამა for.ge-სთან.
რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში ზაზა გახელაძის გათავისუფლებას? კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-ს პასუხობს, რომ ეს არ არის მარტივი პრობლემა, რომლის გადაჭრაც სწრაფად ხდება.
„ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ჩვენი ხელისუფლება ძალას და ღონეს არ იშურებს. ყველანაირ საშუალებას ეძებს იმისთვის, რომ ის ციხიდან დაიხსნას. თუმცა რუსები, როგორც კი ხედავენ, რომ საკითხი აქტუალურია მაშინვე ჯიბრში დგებიან და მოლაპარაკებებს ართულებენ, წელავენ. ამით საკუთარი ძალის დემონსტრირებას ახდენენ. უნდათ საქართველოს მოსახლეობას აჩვენონ ჩვენი ხელისუფლება როგორი უსუსური და სუსტია. ვნახოთ, რომ საკუთარი თანამოქალაქის დახსნა არ შეუძლია და მათთან ჭიდილი რის ფასად დაგვიჯდება. მთელი ამ სიჯიუტის არსი და მნიშვნელობა ისაა, კიდევ ერთხელ დაგვანახონ, რა „ძლიერები“ არიან, ხოლო საქართველოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები, რომელთა იმედიც გვაქვს, რუსეთთან არაფერს წარმოადგენენ.
რაც შეეხება ოჯახის ბრალდებას ხელისუფლების მისამართით, რომ ზაზას ორ კვირაში გათავისუფლებას პირდებოდნენ, შესაძლოა, ასეც იყო. არ გამოვრიცხავ, რომ მოლაპარაკების დროს დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს ეს პირობა მისცეს. შეთანხმება მოხდა, მაგრამ შემდეგ მათ ეს სიტყვა გატეხეს და უკან წაიღეს. ესეც ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია. ტყუილ იმედს აძლევენ, რომ მერე ოჯახის თვალში მატყუარად ხელისუფლება გამოჩნდეს. ამიტომ დაჰპირდა ჩვენი ხელისუფლება გახელაძის ოჯახს, რომ მათ მოლაპარკების დროს ზაზას გათავისუფლების პირობა ოსური მხარისგან მიიღეს“,-ამბობს არეშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ძალიან რთულია ხელისუფლებამ ასეთ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფ ზაზა გახელაძის ოჯახს რამე აუხსნას. რთულია მშობლები დაამშვიდო მაშინ, როცა მათი შვილს 12 წელი ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვს მისჯილი. არეშიძე ამბობს, რომ მას ტყვეების გამოხსნის არაერთ პროცესში მიუღია მონაწილეობა და კარგად იცის, ეს რამხელა ძალისხმევას და დროს მოითხოვს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ გახელაძისგან ბანდიტის ლეგენდა შექმნა, რადგან ახლა ასე სჭირდებათ. ამიტომ მოლაპარაკება უფრო რთულდება და ეს ყველაფერი დროში იწელება.
„რაც შეეხება აპელირებას იმაზე, რომ ქართულ მხარეს რამდენიმე ხნის წინ დაკავებული რუსი ჯარისკაცები გახელაძეში უნდა გაეცვალა, დიდი სისულელა. ვინც ამას ამბობს, იმ ადამიანებმა კარგად იციან, მსგავს პროვოკაციაზე თუ წამოვეგებით, ქვეყანა რა რისკის წინაშე შეიძლება დავაყენოთ. ოპოზიცია როცა ამ საკითხით აპელირებს, თავად როცა ხელისუფლებაში იყვნენ მსგავსმა ქმედებებმა ომამდე მიგვიყვანა და ძალიან დიდი დანაკარგი გვაქს. ამიტომ ასეთი აბსურდული საუბრით სიტუაციას კიდევ უფრო ვართულებთ. ქარელი ვიღაცეებს რომ იჭერდა, ბოლოს რით დამთავრდა? - ომით, რომელიც წავაგეთ. დროა საჭირო, რომელიც ოჯახისთვის რთულად გასაგებია და მათი სრულიად მესმის. სიტყვებს ვეძებ, რომ რამე ვთქვა, იმდენად მძიმე და სენსიტიური საკითხია“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.