„საზღვრის გახსნა იმ ქვეყნებთან უნდა გადაიხედოს, სადაც მაღალია მუტანტური შტამების გავრცელება“

„საზღვრის გახსნა იმ ქვეყნებთან უნდა გადაიხედოს, სადაც მაღალია მუტანტური შტამების გავრცელება“

„ვერ დავუშვებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსის დელტა ვარიანტი გაბატონდეს“, - აცხადებს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი. მისივე თქმით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი შემთხვევების 60% სწორედ კორონავირუსის დელტა, ე.წ. ინდურ ვარიანტზე მოდის და იგივე შტამი აშშ-ში არ უნდა გავრცელდეს.

ფაუჩის განმარტებით, კორონავირუსის დელტა ვარიანტი ამჟამად მსოფლიოს 60 ქვეყანაშია გავრცელებული და უფრო გადამდებია, ვიდრე ალფა ვარიანტი, იზრდება ჰოსპიტალიზაციის საჭიროების რისკიც, მაგრამ, საბედნიეროდ, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მის წინააღმდეგ ეფექტურია.

რაც შეეხება საქართველოს, ინდური შტამი ჩვენს ქვეყანაში შემოსულ მოგზაურებს დაუდასტურდათ, ეს შტამი უფრო იოლად აინფიცირებს ახალგაზრდებსა და ბავშვებს, რამაც შესაძლოა, ასაკობრივი პროპორციების შეცვლა გამოიწვიოს. ეს კი ნიშნავს, რომ კოვიდი შეიძლება გაახალგაზრდავდეს.

ინდოეთში ამ შტამის მასშტაბური გავრცელების ერთ-ერთ მიზეზად ხალხმრავალ შეკრებებს ასახელებენ. 1-ელ აპრილს გამართულ ინდოელების რელიგიურ ღონისძიებას 3,5 მილიონი მორწმუნე დაესწრო, რაც ინდური შტამის გავრცელების მიზეზად იქცა. მხოლოდ 28 აპრილს ინდოეთში კორონას 379 459 შემთხვევა დაფიქსირდა და 3647 ადამიანი დაიღუპა.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი რაკლი ხმალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ინდური შტამიც ჩვეულებრივი კორონავირუსია, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც სხვა შემთხვევების დროს, ყველაზე ცუდია პანიკა, რომ ინდური შტამი გვიტევს, აფრიკული შტამი გვიტევს.

„ასეთი დაავადებები ინდოეთისთვის ახალი არაა. მოგეხსენებათ, გასტროენტეროლოგიც გახლავართ და ყოველწლიურად ერთ-ერთი ყველაზე გახშირებული დაავადებაა ქოლერა, რომელიც ინდოეთში დაბინძურებული მდინარის გამო ვრცელდება. იმ მდინარეში ყველანაირი სიბინძურე იყრება, სვამენ, ჭამენ იქ, გარდაცვლილებს ყრიან, საშინელებებს აკეთებენ. ამ დროს ქოლერაზე ადვილი სამკურნალო არაფერია, ქოლერა კორონასთან შედარებით მონაგონია. ქოლერას დროს ადამიანს შველის მარილიანი წყლის გადასხმა, მეტი არაფერი არ სჭირდება, ოღონდ ეს მარილიანი წყალი შეიძლება ასი ლიტრი დასჭირდეს. ახლა წარმოიდგინეთ, მილიონობით ადამიანი ინდოეთში, რომელსაც ასი ლიტრი მარილიანი წყლის გადასხმა ესაჭიროება. ამიტომ ინდოელები იღუპებიან არა იმის გამო, რომ მძიმე დაავადებაა ქოლერა, არამედ იმიტომ, რომ არ აქვთ ამდენი წყალი და რიგში დგანან. კორონავირუსის შემთხვევაშიც არ უნდა ჩავვარდეთ პანიკაში“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ ინდური და სხვა შტამები საშიშია და, რაც უფრო მეტი მუტანტი შტამი წარმოიქმნება, არსებობს რისკი იმისა, რომ უფრო სწრაფად გავრცელდეს და პანდემიის დროულად დასრულებას ხელი შეუშალოს. ამ შტამებს შორისაა ე.წ. ინდური შტამიც, რომელიც, ყველა კვლევის თანახმად, უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე კლასიკური, ჩინური უჰანის შტამი. ამიტომ ინფექციონისტის თქმით, სწრაფი და სწორი რეაგირება უნდა მოხდეს, რომ მსოფლიოში შეჩერდეს ამ შტამის მასობრივი გავრცელება.

„ჯერჯერობით ინდური შტამი მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაშია გავრცელებული, საქართველოშიც იმპორტირებული შემთხვევები გამოვლინდა. ზაფხულის დადგომა, ზოგადად, რესპირაციულ ინფექციებს ხელს უშლის, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კორონავირუსთან მიმართებით სიცხე დიდად არ მოქმედებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, იმ ქვეყნებთან, სადაც მაღალია მუტანტური შტამების გავრცელება, გადაიხედოს საზღვრის გახსნა. თუკი ჩვენ დავუშვებთ ასეთ ქვეყნებთან აქტიურ მიმოსვლას, მაშინ მაღალი იქნება რისკები, რომ მოხდეს მუტანტური შტამების და, მათ შორის, ინდური შტამის შემოტანა. ასე რომ, საჭიროა საზღვრების კონტროლი და მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ for.ge-სთან საუბრისას.