სანამ სენსაციურ სიახლეს მოგახლიდეთ, ჯერ, ძალიანაც რომ არ დაგაფეთოთ, საქმის არსში უკეთ შესაყვანად, ერთ ანეკდოტს გიამბობთ ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან:
მეფე ერეკლე ძალიან დაღონებულიყო... იჯდა თავისი ერთი ბეწო სასახლის აივანზე და თავ-პირი ჩამოსტიროდა. ამ დროს ცნობილმა სომეხმა დიდვაჭარმა, აღა გეორქამ ჯორით ჩამოიარა, ფაფახი მოიხადა, მეფეს მდაბლად თავი დაუკრა; შენიშნა ერეკლეს უგუნებობა და ეზოდან შესძახა:
- რა იყო მეფეო, განა ეგრე რამ დაგაღონა, ხომ არაფერი გაგჭირვებიაო?
- რაღა რა იყო, აღა გეორქ, მტერი კარს მომდგომია, მე კი მორიგე ჯარის შესანახი ფული აღარ მაქვს, ჯარისკაცის ჯამაგირი და ულუფაც კი ვეღარ დამირიგებია... დღეს დილით ზარაფანაში ვიყავ და წამლად ერთი ოქროც აღარ არის, მარტო თეთრი და ისიც ძალიან ცოტა... აღარ ვიცი, ოქრო საიდან გავაჩინო ულიფისათვის და რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდეო! - შესჩივლა მეფემ.
- თუ სულ ეგ არის, მეფეო, შენი დარდი წუხილი - ოქრო რომ გამოგლევია, ბედნიერი კაცი ყოფილარ, მაგას იოლად ეშველება. აი, მე ხომ ამდენი ოქრო მაქვს, გულიდან დარდი ვერ გადავიყარე და მაგის საშველი არც არა არის. მოდი, შენს სატკივარს მე ვუწამლებ და იქნება, შენც მიშველოო - თამამად უპასუხა აღამ.
- ვაჰ, მე თხოვნა მომერიდა, ისედაც დიდი ვალი მაქვს შენი, თავად მიხვდი და მაშ, ოქროს მასესხებო? და რა გინდა სამაგიეროდ, მთხოვე, თუ შევძელ, ყველაფერს შეგისრულებო - დაიმედდა მეფე.
- მეფეო, მე სახელი და დიდება მჭირდება, შენ - ოქრო. მოდი, ისეთ რამეს გეტყვი, ჩემს დარდსაც ეშველოს და შენსასაცაო - აღამ.
- რა ამბობ კაცო, ისეთი ნეტა რა იცი, რას მეტყვი, ერთი აქეთ მოდექ, აივანზე ამო და წვრილად მომახსენეო - მიიპატიჟა მეფემ აღა.
აივანზე ასულიც არ იყო აღა და მოხსნა უკვე გუდას პირი:
- მეფეო, ოქრო რად გინდა? შენც ადექი, ქაღალდი გამოუშვი და ზედ დააწერე, რომ ოქროაო! ეგრე შენს სადარდებელს სამუდამოდ ბოლო მოეღება და ფულიც ყოველთვის ულევი გექნებაო. მაგრამ, როცა გკითხავენ, ჭკუა ვინ გასწავლაო - უთხარ, ბძენმა აღამა და მეც სახელს და დიდებას შევიძენო!
- აბა, ეგ რა გაუგონარ სირეგვნეს მირჩევ და რა ზღაპარს მიყვები აღა, კაცო, სად გაგონილია, ოქროს ნაცვლად -ქაღალდი?! განა ვინ მოტყუვდება, ვინ ოხერი გაბრიყვდება, ეგ ქაღალდი ფულად სად და როგორ გავაო?! - შუბლში ხელი შემოირტყა მწარედ იმედგაცრუებულმა მეფემ.
- მეფეო, შენ თქვი და გავაო! „ასი -გნაცი!“ - რაღა, მეტი დამაჯერებლობისთვის გაასომხურა ნათქვამი დიდვაჭარმა აღამ...
ეგ იყო და ეგა. ამის შემდეგ ქაღალდის ფულს „ასი გნაცია“ ე.ი. სომხურად - „თქვი და გავა!“ ეწოდება....
***
ერთი თანამედროვე ებრაელი ისტორიკოსი - იუველ ნოა ჰარარი სწორედ ამით გახდა მსოფლიოში დიდად სახელმოხვეჭილი, რომ ეს „ისტორიული აღმოჩენა“ გააკეთა: ჰომო საპიენსების მოდგმა „ასი-გნაციის“ ილუზიებითა ცხოვრობს და არა ობიექტური რეალობით. ჰარარი ამტკიცებს - კაცობრიობის მთელი ისტორია მოწმობს, რომ არსებობს არა ერთი, არამედ სამი - „სუბიექტური“ „ინტერ სუბიექტური“ და „ობიექტური რეალობა“. როგორც წესი, ადამიანები სწორედ „ინტერ სუბიექტურ რეალობაში“ ცოვრობენ, რასაც უმრავლეს შემთხვევაში - ობიექტურ რეალობასთან კავშირი არცა აქვსო. ზემო ანეკდოტის მაგალითზე: ობიექტური რეალობაა, რომ მეფე ერეკლეს ოქრო გაუთავდა და ჯარისთვის ულუფა ვერ დაურიგებია. ოქრო კი იმდენად არ ადარდებს, არამედ - ჯარი როგორ შეინახოს და ულუფა როგორ დაარიგოს. სუბიექტური რეალობაა - აღა გეორქას რჩევა, ადექი, ქაღალდს დააწერე, რომ ოქროა და ფული ჩეჩქივით, გამოულევად გექნებაო. „ინტერ სუბიექტური“ კი სწორედ ესაა - „ასიგნაცია“ - ანუ მეფის ბრძანებით ოქროს ნაცვლად ფულად ქაღალდის ისე დაწესება, რომ ამ ქაღალდს ყველა ენდოს და ყველგან გადიოდეს! მეფე ერეკლეს იმხელა სახელი და დიდება ჰქონდა, რომ ახალი „ინტერ სუბიექტური რეალობის“, სადაც ფულიც კი, ოქროს ნაცვლად ქაღალდი შეიძლება იყოს და დადიოდეს კიდეც, შექმნა შეეძლო. აღა გეორქას კი მხოლოდ ოქრო ჰქონდა და მარტო ოქროთი „ინტერ სუბიექტური რეალობის“ შექმნა არ ხელეწიფებოდა. ეს იყო მისი სადარდებელი.
***
ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და თითქმის აბსურდული „ინტერ-სუბიექტური“ რეალობა - სწორედ ფული გახლავთ. განსაკუთრებით, მას შემდეგ - რაც გაუქმდა ე.წ. ოქროს სტანდარტი. მანამდე ფული - მატერიალური, მეტ-ნაკლებად ობიექტური რეალობა იყო და იგი ოქროს (ან რაიმე სხვა ძვირფას მეტალს, როგორც წესი - ვერცხლს, ბრინჯაოს, სპილენძს და სხვ.) წარმოადგენდა. ფულს ამა თუ იმ ტერიტორიის სუზერენი, რომელსაც ხელთ ეპყრა პოლიტიკური ძალაუფლება, ჭრიდა - თუმცა იგი, დღევანდელი მნიშვნელობით - ფულს არ აწარმოებდა: ფულის მოჭრა ნიშნავდა რეალურად არსებულ ოქროზე ტვიფრის დასმას, რაც სუზერენის სანდო ბეჭედი იყო და ადასტურებდა - ეს კონკრეტული მონეტა ნამდვილად ოქროა, ნამდვილად იმ წონის, ე.ი. იმ ღირებულების, რაც ზედ აწერია. შემდეგ, ინტენსიფიკაციის კვალობაზე, სავაჭრო და ფინანსური ოპერაციების გამარტივების მიზნით, შემოიღეს ქაღალდის ფული (არა სომხებმა, არამედ ჩინელებმა), რომელიც ე.წ. საბანკო ბილეთს წარმოადგენდა: იგი იყო წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა, რომ დოკუმენტის წარმომდგენს ბანკში იმდენი ოქრო ჰქონდა და ნებისმიერ დროს შეეძლო მისი ყველგან, სადაც ოქრო ინახება, თავისუფლად განაღდება, რაც ამ ქაღალდის ბანკნოტზე (სიტყვა-სიტყვით: „ბანკის წერილზე“) ეწერა. ამრიგად, დაიწყო მატერიალური ფულის არამატერიალური წერილობითი ინფორმაციით ჩანაცვლება. შემდეგი ეტაპი უკვე იყო ქაღალდის ფულის ემისიის მონოპოლიზება, ანუ ინფორმაციული მონოპილიის დამყარება, სუვერენულ სახელმწიფოთა მიერ, ე.წ. ბანკების ბანკის - ეროვნული ბანკების შექმნა, რაც ინსტიტუციურად აკონტროლებდა, რომ ბანკებში შენახული რეალური ოქრო და ბრუნვაში გამოშვებული ქაღალდის ფული, ე.ი. წერილობითი ინფორმაცია მატერიალური ფულის - ოქროს შესახებ, ერთი-მეორესთან თანაზომიერი ყოფილიყო. მაგრამ ნელ-ნელა „აზრი დაკარგა“ ფულმა, როგორც - ოქრომ. რასაკვირველია, ეს მასობრივი, ინდუსტრიული სასაქონლო წარმოების შედეგი გახლდათ. ყველაფერი იწარმოებოდა როგორც საქონელი, ე.ი. გასაყიდად. ეს ნიშნავდა, რომ ფულიც მატერიალური თუ არამატერიალური, ასევე იდენტური საქონელი იყო და აღარც ნაღდი ოქრო, არც „უნაღდო“ ქაღალდის ფული ან ნებისმიერი „ფასიანი ქაღალდი“, აღარაფრით განირჩეოდა სხვა, ნებისმიერი მატერიალური საქონლისგან, თუ არამატერიალური და გასაყიდად გამოტანილი მომსახურეობისგან.
შეიძლება ითქვას, რომ ოქროს სტანდარტის გაუქმებით დასრულდა მატერიალური ფულის ისტორია. დღეს ფული აბსოლუტურად ინფორმატიზებულია და მას, ამის, ე.ი. უკვე აბსტრაგირებული ინფორმაციის, ანუ „ინტერ-სუბიექტური რეალობის“ გარდა, რაიმე სხვა მატერიალური საზრისი არცა აქვს.
გამოდის, რომ მატერიალურ ღირებულებათა საზომი არის აბსოლუტურად არამატერიალური რამ: ინფორმაცია, აბსტრაქტული, ნაკლებად ობიექტური, არამედ ნებისმიერად მოაზრებული, სამაგიეროდ „ინტერ-სუბიექტურად“ წაკითული, მონაცემები, რაც უკვე ქაღალდზეც კი აღარ იწერება, არამედ ციფრულად, ელექტრონული სიგნალების სახით არსებობს, მოწყობილობებზე ინახება და მოწყობილობებითვე ტრიალებს. ცხადია, ეს უკვე თავისთავად ნიშნავს, რომ ე.წ. კრიპტო-ვალუტა, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების („ბლოკჩეინ“ ტექნოლოგიები რომ ქვია) ბევრად უკეთესი პროდუქტი, როგორც დეზინფორმაციისგან ყველაზე უკეთ დაცული ინფორმაცია, ქმნის საფულე „ინტერ-სუბიექტურობას“ და მომავალი უთუოდ მისია.
ახლა კი, მზად უნდა იყოთ და ყურადღება!
გთავაზობთ სენსაციურ ანტი-უტოპიურ იდეას: შევინარჩუნოთ და განვავითაროთ „კრიპტო-ვალუტიზმი“, მაგრამ არა ვოლუნტარისტულად, არამედ სრულიად მატერიალურ და ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით. რას ნიშნავს ეს? ერთი სიტყვით აგიხსნით: უნდა მოვახდინოთ ფულის კრიპტო-გაულუფება!
რა არის „ულუფა“? მეფე ერეკლეს ანეკდოტის მაგალითზე - ულუფა არის მისი დარდის მთავარი მიზეზი. მაგრამ მატერიალურად, „ულუფა“ - გარკვეული სტაბილური დროის (მაგ. ერთი თვის ანდა ერთი წლის) განმავლობაში ამა თუ იმ ავტონომიურ ეკონომიკურ სისტემაში, რომელსაც ფულის ემისიის სუვერენული უფლება აქვს, ერთი საშუალო სტატისტიკური სუბიექტის მიერ მოხმარებული პროდუქტია, ოღონდ არა რაიმე დღევანდელი ფულით გამოხატული, არამედ - რეალური მატერიალური გამოსახულებით: რამდენ რა პროდუქტს (დეტალიზებულად, სახეობების მიხედვით) და რამდენ და რა მომსახურეობას (ასევე დეტალიზებულად), მოიხმარს საშუალო სტატისტიკური ეკონომიკური ინდივიდი. ამის დათვლა, ცხადია, ზუსტად შეიძლება თანამედროვე გამოთვლითი სიმძლავრეებით, მაგ. იგივე „ბლოკჩეინის“ ტექნოლოგიებით. ეს იქნება ერთგვარი „ბლოკჩეინ- მატრიცა“. ასე რომ, ახალი კრიპტო ვალუტის „ოქროს სტანდარტი“ სწორედ ეს - „ულუფის სტანდარტი“ გახდება. როგორც ადრე, აღდგება შესაბამისობა და თანაზომიერება ფულს, როგორც ინფორმაციას და ფულს, როგორც მატერიალურ ობიექტს - „ოქროს“ შორის. ოღონდ, „ახალი ოქრო“ იქნება „ულუფა“.1 ულუფა შეგვიძლია დავყოთ ას ლუკმად და მიმოქცევაში სწორედ კრიპტო-ლუკმები გავუშვათ!
ამის შემდეგ, ყველა ოპერაცია თუ ტრანზაქცია, ისევე, როგორც მთლიანდ ეკონომიკა, შეგვიძლია ვითვალოთ არა მაგ. ლარებში ან დოლარებში, არამედ ულუფებში (ანდა ლუკმებშიც); მაგ. მშპ - დოლარით კი არა დაითვლება, არამედ წლის განმავლობაში გამოშვებული ულუფებით. ობიექტურად დაითვლება სიმდიდრე და სიღარიბე. ვისაც თვეში ნახევარ ულუფაზე ნაკლები შემოსავალი აქვს, ის ღარიბია, ვისაც 50 ულუფაზე მეტი - მდიდარი.
რასაკვირველია, კრიპტო-ფულის ეს „ულუფის სტანდარტი“ მთლიანად ააყირავებს ყველაფერს, რადგან ამ უკვე აბსურდულ „ინტერ-სუბიექტურ რეალობას“ „ობიექტურ რეალობასთან“ დააახლოებს. ცხადია, ფული კვალავაც იქნება ინფორმაცია, მაგრამ არა აბსტრაქტული, არამედ ინფორმაცია ულუფის, ე.ი. აბსოლუტურად მატერიალური და რეალური ობიექტის შესახებ. რაც მთავარია: „ულუფის სტანდარტის“ კრიპტო- ფული იქნება ისეთივე მყარი და სტაბილური, როგორც ადრე იყო ოქროს ფული. ეკონომიკის მოტივაცია იქნება ჯერ ულუფის და მერე, რაც შეიძლება მეტი ულუფის შოვნა. ამის გამო, ყოველ წელს მოხმარება გაიზრდება და მაშასადამე, გაიზრდება „ულუფის სტანდარტის“ წონაც. ეს იგივეა, რომ „ოქროს სტანდარტამდე“ მდგომარეობაში ოქრო წონაში თავისთავად მატულობდეს. მეტი რაღა უნდა გინდოდეს კაცს?!
მოკლედ: ფული უნდა გაულუფდეს! და არა პირიქით, როგორც დღესაა - ულუფა გაფულდეს და ამით, მუდამ და მუდამ უსაშველოდ ძვირდებოდეს.
ჰა, რავარია? არ მერგება ახლა მე მუქთად ერთი ულუფა, ანუ ასი ლუკმა?!