„ბაიდენის ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, აბსოლუტურად სწორი ხედვა აქვს და ის ბრუნდება კავკასიაში“

„ბაიდენის ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, აბსოლუტურად სწორი ხედვა აქვს და ის ბრუნდება კავკასიაში“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მედიაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ანალიტიკოსი უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია დადებითად აფასებს და ამბობს, რომ საქართველო კავკასიის რეგიონში პოზიციებს იბრუნებს.

ვახტანგ მაისაია: ეს ქართული დიპლომატიის სერიოზული გამარჯვება და ჩვენი ხელისუფლების დიდი წარმატებაა. საქართველომ, აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთერთობებში მედიატორის როლი შეასრულა. ეს ჩვენი რეგიონული სტატუსის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევაა, ჩვენ კავკასიის რეგიონში პოზიციას ვიბრუნებთ და ეს კარგია. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად უსერიოზულესი ნაბიჯი გადაიდგა. ფაქტობრივად, საქართველომ თავისი ისტორიული შემოქმედება გაიმეორა.

1919 წლის სექტემბერში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯან-სომხეთის ომის დასრულებაზე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა. იმ დროს სერიოზული კავკასიური კონფერენცია ჩატარდა, რომელმაც მაშინდელი რეგიონული უსაფრთხოების კონტურები გამოკვეთა. იგივე ისტორიული ნაბიჯი გადადგა დღევანდელმა ხელისუფლებამაც. მინდა, ეს მემკვიდრეობა ძალიან პოზიტიურად შევაფასო. რუსეთის აგრესია და ომი სწორედ იქითკენ იყო მიმართული, რომ საქართველოს რეგიონული ლიდერის სტატუსი შებღალულიყო და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების სისტემიდან ამოვარდნილები ვყოფილიყავით, რაც მტერს არ გამოუვიდა. ჩვენ შევეცადეთ, რუსეთისთვის ჰეგემონის პოზიციები შეგვესუსტებინა. კარგი გაგებით, რუსეთს დიპლომატიური ალიყურიც გავაწანით, რადგან ეს ქართულ- ამერიკული ინიციატივის ფორმატში მოხდა, რაც მნიშვნელოვანი მომენტია.

ეს ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას კავკასიის რეგიონის მიმართ გაზრდის და თავის გავლენების კიდევ უფრო განმტკიცებას შეეცდება?

- დიახ, ამერიკა კავკასიის რეგიონში ბრუნდება. როგორც მოგეხსენებათ, ტრამპის ადმინისტრაციას კავკასიურ პოლიტიკასთან დაკავშირებით ცოტა განსხვავებული ხედვა ჰქონდა. ხოლო ბაიდენის ადმინისტრაციას, როგორც ჩანს, აბსოლუტურად სწორი ხედვა აქვს და ის ბრუნდება კავკასიაში. ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ საქართველო თავისი პროდასავლური, ევროატლანტიკური და ევროპული საგარეო პოლიტიკის მიმართ უდრეკია. ამით ჩვენს მოწინააღმდეგესაც, მტერსაც საკადრისი პასუხი გაეცა. საინტერესო ისაა, რომ გაიცვალა 15 სომეხი სამხედრო მოსამსახურე, ისინი სამშობლოში საქართველოს გავლით დაბრუნდნენ, ამავე დროს სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების რუკა გადასცა. ეს არის ძალიან კარგი საფუძველი იმისავის, რომ ახალი რეგიონული უსაფრთხოების მოდელი განვითარდეს. თუკი ჩვენი ხელისუფლება აზერბაიჯანსა და სომხეთს შესთავაზებს, რომ თბილისში რეგიონული უსაფრთხოების კონტურების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდეს, ეს დამაგვირგვინებელი მოვლენა იქნება. ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის დიდი გამარჯვება, ჩვენს სტრატეგიულ მეგობართან ერთად. ბატონი რიკერის ვიზიტი კიდევ უფრო ადასტურებს იმას, რომ საქართველო და ამერიკა, როგორც ჩანს, კავკასიურ-კასპიურ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას ავითარებენ. ეს კარგი ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ პუტინის ავტორიტარულ რეჟიმს ღირსეული პასუხი გავცეთ და საქართველოს წინააღმდეგ ის ჰიბრიდული ომი დასრულდეს, რომლესაც რუსეთი აწარმოებს. ეს აკადემიური და საექსპერტო საზოგადოების გამარჯვებაცაა. ჯერ კიდევ შარშან, საექსპერტო საზოგადოებამ, რომლებიც კავკასიის საკითხებზე ვმუშაობთ, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შევთავაზეთ კონკრეტული წინადადებები, რომ საქართველო სომხურ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში მედიატორი ყოფილიყო.

რუსეთის მიმართ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნების ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, რუსეთის ფაქტორი ჩინეთთან ერთად, ახალ მსოფლიო ეკონომიკურ რეალობაში საკმაოდ გამოკვეთილია და, როგორც ჩანს, კიდევ უფრო გაიზრდება. ამისი კონტურები გამოჩნდა კიდეც, კორნუელის სამიტზე, როდესაც ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დაისვა. ასე ვთქვათ, ახალ საფრთხედ აღიარებული იქნა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მილსადენი, რომლითაც რუსეთი, ევროპას უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის გაზს. ხომ არ ფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში ევროპა კიდევ უფრო მეტად იქნება რუსეთზე ენერგოდამოკიდებული და ახალი მილსადენის ამოქმედება, გარდა იმისა, რომ ამით უკრაინა საკმაოდ სერიოზულ შემოსავლებს დაკარგავს, კარგავს სატრანზიტო ფუნქციას, ეს ხომ არ შეასუსტებს უკრაინის სტრატეგიულ სტატუსს და შენელდება ინტერესი მის მიმართ?

- უკრაინის ჰაბის სტატუსი არ მოიხსნება დღის წესრიგიდან. უკრაინა კვლავ რჩება სერიოზულ სატრანზიტო ქვეყანად და ბუნებრივია, თუნდაც იგივე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ამოქმედების შემთხვევაში ამ სტატუსს არ დაკარგავს, რადგან გაჩნდა ახალი საშუალებები, ეს არის თხევადი გაზის მიწოდების სისტემა. აქ შეიძლება ამერიკული გაზის სისტემა მიეწოდოს იგივე ნიკოლაევში ან სხვა ოდესის პორტში, იგივე დავუშვათ, გაჩნდეს ახალი სადგურები. აქვე, კატარის გაზი შეიძლება შემოვიდეს შავი ზღვის აკვატორიაში და ესეც გაიჭრას ამ მიმართულებით. კიდევ საინტერესო მიმართულება იქნება, თუ ჩვენი მთავრობა, მიმართავს უკრაინის მთავრობას და აღდგება „თეთრი ნაკადის“ ინიციატივა. ეს არის საქართველო-უკრაინის დამაკავშირებელი, ენერგომატარებლების მიწოდების ძალიან კარგი იდეა, რომელიც ჯერ კიდევ 1997-98 წლებში იყო, ამისი პროექტიც არსებობს საკმაოდ სერიოზული გათვლებით. შეიძლება აქ ინვესტორების მოზიდვა და ბუნებრივია, ერთ-ერთი ნაკადი და პლუს თხევადი გაზის სადგურის სისტემები კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის სტატუსს, მიუხედავად იმის ფონზე, რომ კიდევ არსებობს თურქმენეთის ჩართვა ევროპული სატრანზიტო გადაზიდვების მიმართულებით, იმიტომ, რომ „ტანაპის“ პროექტი უკვე აღსრულებადია. აზერბაიჯანი, პირველადი მიწოდების კუთხით ევროპას მიაწვდის 16 მილიარდ კუბურმეტრ გაზს, რომელიც გაიზრდება, „შაჰდენიზი 2“-ის მოპოვებული საბადოების მეშვეობით და თუ ამას მიეწოდება თურქმენული გაზიც, რომელსაც საკმაოდ სერიოზული პოტენციალი გააჩნია, მაშინ ამ შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ეფექტი არ იქნება ისეთი ძლიერი და რუსეთი ვერ გამოიყენებს ამას რბილი ძალის ინსტრუმენტის სახით.

ამერიკას ერთი საინტერესო ინიციატივა ჰქონდა, რასაც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმაც მხარი დაუჭირეს, რომ გააქტიურდეს განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, რამაც კონკურენცია უნდა გაუწიოს და დაძლიოს ჩინეთის გავლენის გავრცელება. ამ გლობალურ პროცესებში, სად ხედავთ თქვენ საქართველოს ადგილს, და რა გავლენას იქონიებს პროცესების ასეთი სცენარით განვითარება საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებზე?

- საქართველო-ჩინეთს შორის, არსებობს სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენ სტრატეგიული მეგობრები ვართ. ჩინეთი ასევე, აქტიურად მონაწილეობს არაღიარების პოლიტიკაში აფხაზეთის და ცხინვალის საკითხში. ასე რომ, აქ ყველაფერი გასაგებია და საქართველოს აქვს შანსები ჩაერთოს პროექტ „ერთი გზა ერთი სარტყელის“ განხორციელების საქმეში, რაც ჩვენ მოგვიტანს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს. აქ საუბარია ამერიკასა და ჩინეთს შორის არსებულ პრობლემებზე, მაგრამ საქართველოსთვის ორივე სტრატეგიული მეგობარია. რა თქმა უნდა, ამ ორ მეგობარს შორის არსებული ეს ვითარება საწყენია, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები.

როგორც ჩანს „დიდი შვიდეულის“ ფორმატის ცვლილება არ მოხდება. რუსეთის ჩართვა კიდევ გადაიდო, ვარაუდობთ პროცესების ცვლილებას ახლო მომავალში?

- არ მგონია, რუსეთი ჩაერთოს დიდ შვიდიანში. რუსეთში არის ავტორიტარული რეჟიმი და სანამ რუსეთში არსებობს ეკონომიკური ექსპანსიონიზმი და ვოლუტარისტული ეკონომიკური პოლიტიკა, არა მგონია, რომ რუსეთი მიიღონ დიდ შვიდეულში და დაბრუნდეს დიდი რვიანის ფორმულა. სანამ რუსეთი არ გახდის სამეზობლოში ურთიერთობებს უფრო დემოკრატიულს, მანამდე მის დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

ბაიდენი-პუტინის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ჩვენ გვახსოვს ბაიდენის გაპრეზიდენტებისთანავე პუტინის მისამართით გაკეთებული არაერთი ხისტი განცხადება. ეს ნაჩქარევი განცხადებები დღეს უკვე შეიძლება მისი სრულად არაინფორმირებულობით აიხსნას. თუ პარალელს გავავლებთ მის ორიოდ დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან, რომ ადამიანის ქცევას ვერ შეცვლის, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ამერიკა გარკვეულ, ასე ვთქვათ, დათბობის პოზიციაზეა?

-დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბაიდენი პუტინს შესთავაზებს ერთგვარ გადატვირთვის პოლიტიკას. ბაიდენი შეეცდება ეს პოლიტიკა აწარმოოს, რუსეთი რას შესთავაზებს ეს სხვა საკითხია. როგორც ჩანს, ამ გადატვირთვის პოლიტიკის შეთავაზება არის დღის წესრიგში, იმიტომ რომ ამისი ინდიკაცია არსებობს. რადგანაც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“- ის პროექტზე მოიხსნა გარკვეული სანქციები. ასევე ითქვა, რომ შესაძლოა, ნატოს სამიტმა განიხილოს იგივე რუსეთ-ნატოს თანამშრომლობის პერსპექტივა, ესეც ყურადსაღებია და აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი შეიძლება მოვიაზროთ ერთ კონტექსტში. საქართველო და უკარინა არ იყო მიწვეული ამ სამიტზე ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ინდიკაცია რუსეთის მიმართ.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საერთაშორისო მეგობრულ დახმარებებს უკვე ძალიან ხშირად მივმართავთ, რაც ქვეყნის სუვერენიტეტს გარკვეულ კითხვის ნიშნებს უჩენს. კარლ ჰარცელის საპატრიარქოში ვიზიტი მაქვს მხედველობაში. რა შუაშია ქვეყნის შიდა, არაპოლიტიკური სტატუსის საკითხში, ევროკავშირის ელჩის ჩართვა, ეს უკვე საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან მძიმედ გამოიყურება. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ხელისუფლებას, არათუ პოლიტიკური, შიდა სოციალური საკითხების გადაჭრაც კი არ ძალუძს?

- საქართველოში იყო პოლიტიკური კრიზისი და ამ კრიზისს, საქართველოს ხელისუფლება ვერ აგვარებდა. ჩვენ ამისათვის მივმართეთ დასახმარებლად ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. ისინი, როგორც ჩვენი მეგობრები ჩაერთნენ ამ პროცესებში და ეს კრიზისი ნაწილობრივ მოგვარდა. სახეზეა მათი დადებითი როლი ამ პროცესებში. საპარლამენტო კრიზისი გადაილახა, საქართველო გადაურჩა სახელმწიფო კრიზისს. ამიტომ, ამ კუთხით ჩვენი მეგობრების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. საქართველო 2024 წელს გააკეთებს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ევროკავშირის ხელმძღვანელობა ისედაც ერევა თავისი წევრი ქვეყნების ურთიერთობებში, იქ სულ სხვა ვერტიკალია. ბრიუსელი გარკვეულ საკითხებს წყვეტს და ის სხვა წევრ ქვეყნებს აიძულებს, განახორციელონ გარკვეული პოლიტიკური ქმედება. ამიტომ, თუ ჩვენ გვაქვს ევროპული ინტეგრაციის კურსი აღებული და გვინდა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, უნდა შევეჩვიოთ, რომ ჩვენ შესაძლოა, გვქონდეს გარკვეული მითითებები. მაგალითად, ბრიუსელი პოლონეთის საქმეებშიც ჩაერია, როდესაც პოლონეთში დაიძაბა სიტუაცია და გარკვეულწილად ითამაშა მედიაციის როლი. ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი მოვლენაა და არ უნდა აღვიქვათ ცუდად. ჩვენ ევროკავშირმა შემოგვთავაზა თავისი სამედიაციო მისია.

„დიდი შვიდიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ლაპარაკი იყო ტაივანზე, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ნავალნის თემაც იყო განხილული, თუმცა აქ ნახსენები არ იყო საქართველო, რას ნიშნავს ეს?

- ეს განცხადება გავრცელებული იყო იმ გამოწვევების კონტექსში, რომელიც ევროკავშირის წინაშე არსებობს. ბუნებრივია, საქართველო და უკრაინა არ არიან გამოწვევების მთავარი წყარო. ეს ჩვენ შეგვიძლია პოზიტიურად განვიხილოთ. პირიქით, რომ ვყოფილიყავით ნახსენები, საკმაოდ შემაშფოთებელი იქნებოდა. როდესაც 2024 წელს ჩვენ შევიტანთ წვერობაზე განაცხადს, ეს იქნება დიდი მიღწევა, მაგრამ მანამდე ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს.

Katana . ახლა ამას თუ სჯერა იმისი, რასაც ლაპარაკობს - ცუდია;
ხოლო, თუ არ სჯერა და ისე ლაპარაკობს - უარესი.
არადა, რამდენი წელი ვგულშემატკივრობდი ამ კაცს! - დაჭერილი რომ ჰყავდათ, მაშინაც და მერეც...
3 წლის უკან
trampi ეს მართლა კალტენბრუმელის აგენტი..... ესა
ლაგაზიძესავით ამანაც ...... ხუხა
3 წლის უკან