„ვერც ერთი სახელმწიფო მოხელე ვერ დაავალდებულებს თანამშრომლებს და ვერ ეტყვის, რომ თუ აცრას არ გაიკეთებს, სამსახურს დაკარგავს“

„ვერც ერთი სახელმწიფო მოხელე ვერ დაავალდებულებს თანამშრომლებს და ვერ ეტყვის, რომ თუ აცრას არ გაიკეთებს, სამსახურს დაკარგავს“

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები უნდა აიცრას, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს.
„ვაქცინაციის ოფიცრები ივლიან სკოლებში, სხვა საზოგადოებრივ ადგილებში და მსურველებს აცრისთვის ჯავშნის გეკეთებაში დაეხმარებიან“, - ამის შესახებ მან, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა და დასძინა: „ზაფხულში უნდა ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას. ანუ, ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის“.

მის ამ განცხადებას, მასწავლებლებში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გაჩნდა კითხვა, ვაქცინაცია სავალდებულო გახდება თუ არა? ამ კითხვით for.ge დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძეს დაუკავშირდა. თუმცა, მისგან ასეთი პასუხი მივიღეთ: „დღეს ბევრი ინტერვიუ მაქვს მიცემული და ვერ გიპასუხებთ“.

მასწავლებლებს ეშინიათ, თუ ვაქცინას არ გაიკეთებენ, მათ სკოლიდან გაათავისუფლებენ. ამის შესახებ, for.ge-ს ერთ-ერთმა სკოლის მასწავლებელმა, ნანა მაღრაძემ განუცხადა.

„ამირან გამყრელიძის განცხადება მოვისმინე, რომ მასწავლებლები სექტემბერში ორჯერ აცრილები უნდა ვიყოთ. აქამდე არავის დაუვალდებულებია. მხოლოდ ტესტირებას ვიკეთებდით. ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი ვაქცინას გავიკეთებდი თუ არა. ახლა კი მეშინია, თუ აცრა არ მექნება გაკეთებული, სკოლიდან გამომიშვებენ. ასე ფიქრობს ბევრი ჩემი კოლეგაც“, - გვითხრა ნანა მაღრაძემ.

თუმცა, არიან ისეთი პედაგოგებიც, რომლებიც სექტემბერს არ ელოდებიან და უკვე აიცრნენ.

„საბავშვო ბაღის პედაგოგი ვარ. სექტემბერს არ დაველოდე და ჩინური ვაქცინით „სინოვაკით“ ავიცერი. ვერ ვიტყვი, რომ ყველა ჩემი კოლეგა აცრილია, თუმცა, უმეტესობამ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან ბავშვებთან გვიწევს ურთიერთობა და გვირჩევნია, რომ დაცულები ვიყოთ“, - გვითხრა თამარ ქადაგიძემ.

მასწავლებლებსა და სტუდენტებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ლადო კახაძე ამშვიდებს. მისი თქმით, ვაქცინა სავალდებულო არ გახდება, თუმცა საყოველთაო აცრები იქნება.

„ვაქცინაცია არც ერთ ქვეყანაში სავალდებულო არაა და ძალით ადამიანს ვერ აცრი. მაგრამ სასურველი იქნება, თუ ყველა სტუდენტი და პედაგოგი აიცრება. ადამიანის არჩევანია რას გააკეთებს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ მოქალაქეებს დავუსაბუთოთ, თუ რატომ არის საჭირო აცრა, ამის შემდეგ მისი არჩევანია, გაიკეთებს თუ არა. ერთხელ ხუმრობითაც კი ვთქვი, უთო რომ ჩართო, იქიდანაც კი უნდა იყოს განმარტებები და კითხვებზე პასუხები, თუ ვაქცინაციას რა სარგებელი მოაქვს. ასევე, უნდა განვმარტოთ ის, რომ წლის ბოლოს ვაქცინაციის 60%-ს თუ მივაღწევთ, ეს რა სარგებელს მოგვიტანს.

მე ბატონ ამირან გამყრელიძეს ვესაუბრე და გეტყვით, რომ ინფრასტრუქტურა მზად გვაქვს, სამედიცინო პერსონალი მომზადებულია საყოველთაო ვაქცინაციისთვის. ასევე, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვაქცინის შესაძენად რა თანხაც არ უნდა იყოს საჭირო, ამ კუთხით უზრუნველყოფილი იქნება. ამირან გამყრელიძემ ასეთი რამ მითხრა: „რა კარგი იქნება არდადეგების პერიოდი გამოგვაყენებინა საყოველთაო ვაქცინაციისთვის, რათა აცრის მაჩვენებელი ყოველდღიურად 10 ათასს გადასცდესო“. დღეს, ყოველდღიურად 5 ათასი იცრება. დაახლოებით ერთჯერადად 12%-ია აცრილი, ხოლო ორჯერადად 4 %. ვიცი, რომ ახალგაზრდებს აწუხებთ პირბადის ტარება და ჩაკეტილობა. თუ გვინდა, რომ თუნდაც უცხოეთში წავიდეთ, აცრა საჭიროა. ასევე უცხოეთში კოვიდ პასპორტი (მწვანე პასპორტი) შემოვიდა.

პირველი აცრიდან სამი თვე გავიდა და მიხარია, რომ ანტივაქცინისტთა რიგმა იკლო. საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდა, რომ ვაქცინაცია საჭიროა. კიდევ, ერთხელ შემიძლია დაზუსტებით გითხრათ და დავამშვიდო პედაგოგები, რომ ვაქცინა სავალდებულო არ გახდება. საუბარი არის არა სავალდებულო აცრაზე, არამედ საყოველთაო აცრაზე. ვაქცინების რაოდენობა იმდენია, რომ შეგვიძლია ყველა, საყოველთაოდ დავაკმაყოფილოთ. მაგრამ, ის რომ ვინმე სახლში მოვიდეს და ასაცრელად წაგიყვანოთ, ამას ვერავინ გააკეთებს. ვერც ერთი სახელმწიფო მოხელე ვერ დაავალდებულებს თანამშრომლებს და ვერ ეტყვის, რომ თუ აცრას არ გაიკეთებს, სამსახურს დაკარგავს“, - განუცხადა for.ge-ს ლადო კახაძემ.

For.ge-თან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაცია სავალდებულო არ ხდება და ამირან გამყრელიძის განცხადებას ასე განმარტავს: „ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება, თუმცა კერძო სკოლებს, როგორც საზღვარგარეთ არის, შეეძლებათ ვაქცინაცია მოითხოვონ“.

ლაზი ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, ნებაყოფილობითია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სასწავლო დაწესებულებაში, ბავშვებს და მათი ოჯახის წევრებს ინფექცია ჩამოურიგო.
კი ბატონო, ვინც არ აიცრის, საშიშროების გადავლამდე განერიდოს სასწავლო დაწესებულებას. ეს არ ნიშნავს სამსახურიდან განთავისუფლებას. დასრულდება ეს პანდემია და უპრობლემოდ დაუბრუნდება თავის სამუშაო ადგილს.
ვიყოთ რეალისტები, პირბადით ყოველდღე ექვსი გაკვეთილის ჩატარება ვინმეს შეუძლია? ლექცია და გაკვეთილი, ფაქტიურად განუწყვეტელ ლაპარაკს მოითხოვს. ამ დროს ფილტვები ინტენსიურად მოიხმარს ჟანგბადს, რომლის უზრუნველყოფა პიბადის პირობებში გამორიცხულია.
კი ბატონო, ნუ აიცრები, მაგრამ სხვებს საფრთხეს ნუ შუექმნი.
სასწავლო წელი აუდიტორიაში უნდა დაიწყოს და განხორციელდეს.
იმედს გამოვთქვამ, არც ერთი ნამდვილი მასწავლებელი და სასწალო დაწესებულების პატრიოტი თანამშრომელი ამ პროცესს ხელს არ შეუშლის.
აცრა არავის არ უხარია, მაგრამ იძულებული ვართ, საზოგადებრივი და განსაკუთრებით მომავალი თაობის ინტერესებიდან გამომდინარე, ავიცრათ. თუ ამას პრინციპული მოსაზრებით არ გავაკეთებთ, მაშინ დროებით უნდა განვერიდოთ სასწავლო პროცესს და ისეთ საქმიანობას, რომელიც სხვა ადამიანბთან ინტენსიურ კონტაქტთან არის დაკავშირებული.
3 წლის უკან