საქართველოში დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე, მოქალაქეების ყურადღება ფეხბურთზე, ევროპის ჩემპიონატზე გადავიდა, მათ არც ქართველი პოლიტიკოსები ჩამორჩებიან. პარლამენტში კანონების მიღების მიუხედავად, პარლამენტის წევრები დროს ფეხბურთის ყურებასაც უთმობენ და საყვარელ ნაკრებებს გულშემატკივრობენ.
For.ge დაინტერესდა მმართველი გუნდიდან და ოპოზიციიდან ვინ რომელ ნაკრებს გულშემატკივრობს და რას ფიქრობენ - ვინ გახდება ევროპის ჩემპიონი? რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პოლიტიკისგან განსხვავებით, ფეხბურთში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრების გემოვნება ერთმანეთს ემთხვევა.
მმართველი გუნდის წევრი გიორგი კახიანი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივარია.
„დიდი ხანია საფრანგეთს ვგულშემატკივრობ და იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს“.
თუმცა, ხელისუფლებაში არის ისეთი, ვინც არა ერთ, არამედ ორ ნაკრებს გულშემატკივრობს.
„პირადად მე ინგლისს და იტალიას ვგულშემატკივრობ. სამწუხაროა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები არ არის წარმოდგენილი. თუმცა, სხვა ბევრი კარგი ნაკრებებიც არის, მაგალითად ძალიან ძლიერი ეროვნული გუნდი ჰყავს ბელგიას, მაგრამ ჩემპიონობის შანსი იტალიასაც აქვს. ვნახოთ, რთულია პროგნოზის გაკეთება“, - განუცხადა გიორგი ამილახვარმა for.ge-ს.
იტალიის გულშემატკივარია ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენელი ალუდა ღუდუშაურიც.
„იტალიის გულშემატკივარ ვარ და მჯერა, რომ ჩემპიონი გახდება“.
იტალიის შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ნიდერლანდების გულშემატკივრები არიან უმრავლესობაში. „ნიდერლანდებს ვქომაგობ და ვფიქრობ, რომ გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ, ნიდერლანდებს უძლიერესი ნაკრები ჰყავს. დიდი სიხარულით შევხდებოდით ნიდერლანდების ჩემპიონობას“, -გვითხრა მმართველი გუნდის წევრმა დავით კაჭარავამ.
თანაგუნდელ დავით კაჭარავას მსგავსად, ნიდერლანდებს გულშემატკივრობს დავით მათიკაშვილი.
„საინტერესო თემა გქონიათ. კარგია, რომ ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვიცლი, რათა საფუძვლიანად ვუყურო, ერთ თამაშს თუ არა, ერთ ტაიმს მაინც ვუყურებ. დღეს არის მაგალითად ძალიან საინტერესო თამაში (გერმანია-საფრანგეთი, მასალა თამაშამდეა დაწერილი). ისე ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ევროპაში ნიდერლანდებს ვქომაგობ. მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებს ცუდი გუნდი არ ჰყავს, საჩემპიონო გუნდი ნამდვილად არ არის. ამ ეტაპისთვის მიჭირს პროგნოზის გაკეთება ვინ გახდება ჩემპიონი“, - განუცხადა for.ge-ს დავით მათიკაშვილმა.
ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია რატი იონათამიშვილიც. როგორც აღმოჩნდა, მმართველი გუნდის წევრი ორ გუნდს გულშემატკივრობს.
„ტრადიციულად ორი ნაკრები არის ხოლმე ჩემი ფავორიტი. უფრო მეტად საფრანგეთის ნაკრებს ვქომაგობ. თავის დროზე ფეხბურთის ყურება დავიწყე პლატინის დიდებული თამაშის ფონზე და ოჯახში პლატინის კულტი იყო, ხოლო გერმანიას იმიტომ, რომ საკლუბო დონეზე ვქომაგობ მიუნხენის „ბაიერნს“ და შესაბამისად, გერმანია ყოველთვის გამორჩეული იყო. ამ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტად საფრანგეთს ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ, რომ მბაპეს (საფრანგეთის ნაკრების წევრი) ჩემპიონობა უნდა იყოს. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და ის ამას იმსახურებს. ასე რომ, გერმანია-საფრანგეთის მატჩსაც დიდი მოლოდინით ველი“, - გვითხრა რატი იონათამიშვილმა.
იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში გერმანიის ნაკრების გულშემატკივარიც აღმოვაჩინეთ. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე გერმანიის ნაკრების ქომაგია, საყვარელი გუნდის ჩემპიონობაში ეჭვი ეპარება.
„გერმანიის ნაკრებს 1986 წლიდან ვგულშემატკივრობ. შესაბამისად, არც ახლა ვღალატობ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩემპიონატს გერმანია ვერ მოიგებს. ევროპის ჩემპიონის ტიტულს მგონია, რომ ფრანგები მოიპოვებენ“, - განუცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ for.ge-ს.
უმრავლესობის მსგავსად ფეხბურთის მოყვარულები ოპოზიციაშიც აღმოვაჩინეთ. მმართველი გუნდის მსგავსად, ოპოზიციაშიც უპირატესობას ნიდერლანდების ნაკრებს ანიჭებენ.
„ნიდერლანდებს ვქომაგობ. ვისაც ვგულშემატკივრობ მინდა, რომ იმან გაიმარჯვოს“, - გვითხრა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.
ოპოზიციაში როგორც აღმოჩნდა, ფეხბურთის საკითხშიც ეთანხმებიან ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ „გირჩი“ „ნაცებს“ პარლამენტში „თოფებით“ დახვდა, ევროპის ჩემპიონატზე ერთი და იმავე გუნდს - ნიდერლანდებს ქომაგობენ.
„ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდებს ვქომაგობ. თუმცა, პარალელურად, კოპა ამერიკა გადის და იქ არგენტინას ვგულშემატკივრობ. ახლა უფრო კოპა ამერიკაზე ვარ გადართული. მინდა, რომ ორივე ნაკრები ჩემპიონი გახდეს“, - განუცხადა for.ge-ს იაგო ხვიჩიამ.
თუმცა, არიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც ფეხბურთი არ ჰყვარებიათ. ასეთები არიან ოპოზიციაშიც და ხელისუფლებაშიც.
„ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, ფეხბურთში ჩახედული არ ვარ. ერთადერთი ვუყურე ბელგია-რუსეთის მატჩს, სადაც ბელგიას ვგულშემატკივრობდი. მაგრამ, სამწუხაროდ, ფეხბურთის დიდი ფანი არ ვარ“, - გვითხრა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ.
მის მსგავსად ფეხბურთის გულშემატკივარი არ არის, მმართველი გუნდის წევრი ბექა დავითულიანიც.
„ფეხბურთზე წარმოდგენა არ მაქვს“, - ასეთი პასუხი მივიღეთ უმრავლესობის წევრისგან.
შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატი 2020 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიდო. „ევრო 2020“ 11 ივნისს დაიწყო და ფეხბურთის გულშემატკივრებს საყვარელი სპორტის სანახაობით დატკბობა ერთი თვე შეეძლებათ.