ქვეყანაში, დღევანდელი მონაცემებით, 202 000 პირია ვაქცინირებული, მათგან 64 ათასამდე სრულად აცრილია. ვაქცინაციის პროცესისა და სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, დღეს უკვე აქტიურად მიდის საუბარი ვაქცინირებული პირების ერთგვარ წახალისებაზე. სრულად ვაქცინირებული მოსახლეობისთვის ე.წ. კომენდანტის საათი და სამედიცინო პირბადის ტარების აუცილებლობა, შესაძლოა, მოიხსნას, თუმცა, როგორც For.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„განიხილება წამახალისებელი ღონისძიებები და ის პაკეტი, რომელი ჩვენ შეიძლება შევთავაზოთ სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისთვის.
„ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების მოდიფიცირებას, სავალდებულო ტესტირების რეჟიმს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაციის პროცესი და ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო. განიხილება შესაძლელობები ბიზნესთან თანამშრომლობის, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედება იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი.
მიმდინარეობს მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში, საინფორმაციო სისტემას ჰქონდა გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები, ამდენად, რამდენიმე უწყების ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რომ გაზრდილი დატვირთვის პირობებში ამგვარი პრობლემები არ შეიქმნას“, - თქვა თამარ გაბუნიამ.
ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია For.ge-სთან ამბობს, რომ არასწორია უშუალოდ მიდგომა და საუბარი ვაქცინირებული პირებისთვის რეგულაციების მოხსნის შეხახებ, რადგან, მისივე თქმით, ვაქცინის გაკეთება არასავალდებულოა.
„თუკი რეგულაციების მოხსნაა გადაწყვეტილი, უნდა მოიხსნას ზოგადად ყველასთვის. ვიღაცისთვის მოიხსნას და ვიღაცისთვის არა - ეს ეწინააღმდეგება თვითონ კანონმდებლობას. თუ ვაქცინაცია არის ნებაყოფილობითი, რატომ უნდა იყოს ვიღაცისთვის მეტი პრივილეგია? მიმაჩნია, რომ ადამიანი უნდა აიცრას, თუმცა, ამის მიუხედავად, რადგან ვაქცინაცია არის თავისუფალი, ნებაყოფილიყობითი, გარკვეული პირებისთვის რეგულაციების მოხსნა არასწორია. ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს ანტივაქსერულ მოძრაობას და დაყოფს საზოგადოებას.
არსებობს იმის წინაპირობა, რომ რეგულაციები მოიხსნას. არსებობს ქვეყნები, სადაც ადამიანები დადიან ჩვეულებრივად, პარკებში სეირნობენ ნიღბების გარეშე, რომლებსაც აქვთ ჩვენზე ცუდი ეპიდემიოლოგიური ისტორიები. არასეიოზული დამოკიდებულებაა - როდესაც ზღვაზე ვარ, ტყეში, პარკში და ქუჩაში ვსეირნობთ, რატომ უნდა გვეკეთოს ნიღაბი? რა თქმა უნდა, ნიღაბი უნდა ეკეთოთ ადამიანებს, სანამ არის ეს ინფექცია კრიტიკულ ზღვართან ან საშიშროება იქნება, რომ პანდემიის ახალი „აფეთქება“ მოხდა, უნდა ეკეთოთ თავშეყის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაგრამ ქუჩაში, 40 გრადუს სიცხეში თუ რატომ უნდა ეკეთოს ადამიანს ნიღაბი? ამას ეპიდემიოლოგიურად ვერ ვხსნი“, - აღნიშნა არჩილ ჯალაღონიამ For.ge-სთან.
ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ იმ პირების ერთგვარი წახალისება, რომელიც ორჯერადადაა აცრილი, მნიშვნელოვანია, რადგან, მისი თქმით, ამით ვაქცინაციის პროცესი წინ წაიწევს და უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი ჩაიტაროს აცრა.
„ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს: ვაქცინაცია გახლავთ პანდემიის დასრულების ერთ-ერთი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი. ამიტომ, იმისათვის, რომ მოხდეს რეკლამირება ვაქცინაციის, ადამიანებს გაუჩნდეთ სურვილი, რომ ჩაიტარონ აცრა, ამისთვის გარკვეული წახალისება არ იქნება ცუდი. თუმცა, არსებობს მეორე კატეგორია, რომელიც ამბობს, რომ ვაქცინის გაკეთება არ უნდა და მისი უფლებები რატომ უნდა დაირღვეს. ამ ადამიანებსაც აქვთ თავიანთი აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ საბოლოო ჯამში, რომ შევაფასოთ, ეს მარტო ქართული რეალობა არ არის. ბევრ ქვეყანაშია ამაზე საუბარი. იმ ადამიანებს, ვისაც ჩატარებული აქვთ ორჯერადად აცრა, ეძლევათ საშუალება, რომ იყვნენ პირბადის გარეშე და იმ რეგულაციების გარეშე, რომელიც ზოგადად საჭიროა. თუ ვაქცინაციას სრულფასოვნად ჩავატარებთ ქვეყანაში, არ იქნება რეგულაციების არსებობა საჭირო.
მოსახლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს და იცოდეს, რომ ვაქცინაციის ჩატარება პირდაპირ კავშირშია ამ რეგულაციების მოხსნასთან. თუ მოსახლეობა წახალისდება ისე, რომ არ დაირღვევა სხვა ადამიანების უფლებები, არ იქნება ცუდი. სახიფათოა, ათასის ფარგლებში მაინც დასტურდება ახალი შემთხვევების რაოდენობა, რაც საქართველოსნაირი ქვეყნებისთვის არ არის ცოტა. ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა 7%-მდე მერყეობს, რაც არ არის ის რაოდენობა, რის საფუძველზეც შეგვიძლია რეგულაციები სრულად მოვხსნათ. მინიმუმ 30% უნდა იყოს აცრილი, რომ ჩვენ გვყავდეს ისეთი იმუნური ფენა, რის საფუძველზეც რეგულაციების მოხსნაზე ვისაუბრებთ.
რეგულაციების მოხსნა ამ ეტაპისთვის გამართლებული არ იქნება, რადგან, შესაძლოა, ეპიდვითარება გაგვიურესდეს. ამისთვის არის საჭირო, რომ ვაქცინაციის ტემპი იყოს მაღალი, რომ შემოდგომის დასაწყისში უკვე გვქონდეს საშუალება და რეგულაციები აღარ დაგვჭირდეს“, - თქვა ალექსანდრე გოგინავა For.ge-სთან.
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ვაქცინაციის მსურველი ბევრია, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ქვეყანა დასახულ მიზნამდე მივიდეს.
„სწრაფი ნაბიჯებით რომ მივიდეთ მიზნამდე, საჭიროა დღეში 15-20 ათასამდე ადამიანის აცრა. თუ ვაქცინებს დავასაწყობებთ, მაშინ ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვაქცინაცია ინტენსიური გახდეს“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.
სასწავლო პროცესი სექტემბრიდან რომ ნორმალურად წარიმართოს, საჭიროა მასწავლებლების, ლექტორების, სასწავლო დაწესებულებების ყველა თანამშრომლის და სტუდენტების სრული ვაქცინაცია.
ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის ვერ იცრება, გადაყვანილ უნდა იქნას საავადმყოფო ფურცელზე, არსებული წესის ფარგლებში. ვინც სხვა მოსაზრებით არ აიცრის, კეთილი ინებოს და გავიდეს უფასო შვებულებაში, ხოლო აუცრელი სტუდენტები უნდა გავიდნენ აკადემიურ შვებულებაში.
ვინც არ აიცრება, ეს მათი უფლება, მაგრამ კეთილი ინებონ და სხვას საფრთხეს ნუ შეუქმნიან.
მესამე სასწავლო წლის ონლაინ წესით წარმართვა კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს მოსწავლე ახალგაზრდობის ცოდნის, უკვე ისედაც დაცემული, დონის სრულად განულების სახით.
მომავალი თაობის განათლების შეწირვა "არ ავიცრები"-სათვის ყოვლად დაუშვებელია.