კვლავ უცნობია როგორ და რა სახით შეიძლება 33 წლის საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძე ოკუპანტების ტყვეობიდან დახსნილი იქნას. მას 12 წელი მხოლოდ იმიტომ აქვს მისჯელი, რომ საკუთარ მიწაზე იმყოფებოდა და რუსი ჯარისკაცების მოთხოვნას არ დაემორჩილა. მას ბრალად სდებენ, რომ სანადირო თოფიდან ერთ-ერთ ჯარისკაცს ესროლა. მართალია, რუსმა ჯარისკაცმა განაცხადა, რომ გახელაძემ მიზანმიმართულად არ ესროლა, მაგრამ მას მაინც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჯარისკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია, პირიქით, ზაზა გახელაძე ფეხში დაჭრეს. 11 თვეა გახელაძის ოჯახი უშედეგოდ ელოდება, როდის მოხდება მისი ბედის გადაწვეტა. იგივე მოლოდინი 15 ივნისს ერგნეთის რიგით მე-100 საიუბილეო შეხვედრის დროს ჰქონდათ, თუმცა მოლაპარაკება კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ოჯახმა მხოლოდ გახელაძის ციხეში მონახულობის პირობა მიიღო.
„ეს შესაძლებლობა განიხილება. დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა ამ იდეამ ჰპოვა გამოხმაურება და დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი ვიზიტის თარიღისა და ვიზიტორების რიცხვთან დაკავშირებით“, - უთხრა ჟურნალისტებს სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მისი თქმით, ერგნეთის შეხვედრის მთავარი თემა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო:
„რა თქმა უნდა, ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხიც. ეს საკითხი დაისვა ძალიან პრინციპულად და, როგორც ყოველთვის, ამაზე გვქონდა ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან. იყო შემდგომ, რა თქმა უნდა, კონსულტაციები და ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონსულტაციები გრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ, რომელმაც დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ დაპირება იმის შესახებ, რომ ზაზა გახელაძე და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს, ძალაში რჩება და მასზე ძალიან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულებას ერგნეთში ჟურნალისტებთან ერთად ელოდებოდნენ ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები. შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი ანთაძემ მათ პირადად გააცნო შეხვედრის შედეგები, რითაც ოჯახი უკმაყოფილო დარჩა. ოჯახის წევრების თქმით, თუ ზაზა გახელაძის დაბადების დღემდე, 23 ივნისამდე ცხინვალის ციხიდან არ გაათავისუფლებენ, რადიკალურ ზომებს მიიღებენ და მიზანმიმართულად გადაკვეთენ ე.წ. საზღვარს და ოკუპანტებს თავს დააჭერინებენ. ისინი შეხვედრით უკმაყოფილოები არიან და აზრის შეცვლას არ აპირებენ. გახელაძის დედა ნანა ბუნტური for.ge-სთან აცხადებს, რომ თავად, მისი მეუღლე და ვაჟი ცხინვალში გადავლენ და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ჩაბარდებიან. ამით კი შანსი გაუჩნდებათ, რომ ხელისუფლება და ჩვენი საზოგადოება მათი ოჯახის მიმართ მეტ ყურადღებას გამოიჩენს.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი ამბობს, რომ იგი კარგადაა ინფორმირებული ზაზა გახელაძის საკითხზე. ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა ერგნეთში, სადაც ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ესწრებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-100 შეხვედრას.
უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ვახტან მაისაია for.ge-სთან ცხადებს, რომ ზაზა გახელაძის დაკავების და ამდენი ხნის განმავლობაში ვერგათავისუფლება, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის და საზოგადოების პრობლემაა. მაისაია ამბობს, რომ, როგორც ჩანს, ოსური და რუსული მხარეები გახელაძის საქმეს შურისძიებისთვის იყენებენ, იმის საჩვენებლად, რომ საქართველო მიუხედავად ამხელა მხარდაჭერისა, მაინც უძლურია და არაფერი შეუძლია. ეს არის ძალის დემონსტრირების ჩვენების მცდელობა, სადაც რუსეთი ბოლომდე ვაჭრობას ცდილობს.
„რუსეთი ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს და ვაჭრობს იქამდე, სადამდეც ამის შესაძლებლობა ექნება - საქართველოს ხელისუფლებას აჩვენებს, რომ მიუხედავად ამხელა მხარდაჭერისა, მათთან მაინც უძლურები ვართ. ეს ასევე ტატუნაშვილის ქეისიდანაც გამომდინარეობს, რადგანაც ამხელა მასშტაბის მიღების შემდეგ ისინი გაღიზიანებულები არიან და ჩვენს ხელისუფლებას ამით სამაგიეროს უხდიან. გვაჩვენებენ, რომ არაფრის ეშინიათ და მაინც იმას გააკეთებენ, რაც უნდათ. როცა მათი სისასტიკის, არაადამიანობის და არაჰუმანურობის ფაქტი გახმაურდა და მთელმა მსოფლიომ ნახა ტატუნაშვილს საკუთარ მიწაზე როგორ მოექცნენ, რა თქმა უნდა, აგრესია აქვთ და მუდმივად რაღაცის დამტკიცებას ცდილობენ. გახელაძით ახლა სამაგიეროს გადახდას ცდილობენ“, - ამბობს მაისაია for.ge-სთან.
მისივე თქმით, გახელაძის თემაზე არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ღიად არ საუბრობენ. მაისაიას კითხვები ასევე გახარიას გუნდის წევრის კახაბერ ქემოკლიძის მიმართაც აქვს, რომელიც სუს-ში ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო და გახელაძის გათავისუფლების და მოლაპარაკების საკითხი პირადად მისი მოვალეობა იყო. მაისაიას განცხადებით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და შნო იმისთვის, რათა გახელაძის დროული გათავისუფლება მოხდეს.
„გვახსოვს, ალბათ, რუსებმა უკრაინელი მფრინავი ქალი რომ გაიტაცეს, რამხელა აჟიოტაჟი ატყდა. უკრაინელებმა შეუძლებელი გააკეთეს და ეს ქალბატონი მოსკოვიდან კიევში დააბრუნეს. ასეთი შეუპოვარი ბრძოლა ზაზას მიმართაც უნდა იყოს. გასაგებია ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის ამხელა ხმაური ატყდა, მაგრამ გახელაძის საქმე უფრო ტრაგიკულია. ადამიანს არაფრისთვის 12 წელი მიუსაჯეს. ეს არის სამუდამო, რადგანაც ღმერთმა იცის, იქ რა შეიძლება დაემართოს. ცხინვალის ციხეში რა პირობებია და რა მდგომარეობაშია ეს ახალგაზრდა კაცი, ხომ წარმოგვიდგენია. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეს უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ის რუსის ჯარისკაცები რომ გადმოვიდნენ, უნდა დაეკავებინათ და გაეცვალათ. სხვაგვარად, აბა, რუსეთთან როგორ უნდა ვისაუბროთ. მესმის ხელისუფლება რაღაცას აკეთებს, მაგრამ მეტი აქტიურობაა საჭირო, რომ ეს ახალგაზრდა ბიჭი იქ არ მოკვდეს და თავზე ისევ უბედურება არ დაგვატყდეს“, - ამბობს მაისაია for.ge-სთან.
უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ბესიკ ალადაშვილი კი ფიქრობს, რომ ზაზა გახელაძის საქმე ის საკითხია, სადაც ხელისუფლებას ვერ მოვედავებით. ალადაშვილი for.ge-სთან მიჩნევს, რომ გახელაძის გასათავისუფლებლად მთავარობა ყველა ძალისხმევას იყენებს, მაგრამ სიტუაცია იმდენად რთულად არის, რომ ეს მოლაპარაკების საკითხი დროში იწელება. ყველა საერთაშორისო რესურსის გამოყენება ხდება, მაგრამ რუსეთი ძველ ხერხს განაგრძობს და ისევ ძალის დემონსტრირებას ახდენს. ალადაშვილი ამბობს, რომ გახელაძის გაცვლა შესაძლებელია იმ ადამიანებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას თუნდაც ჯაშუშობის ბრალდებით ჰყავს დაკავებული. მისი აზრით, რუსი ჯარისკაცების დაკავება და შემდეგ გახელაძეში გაცვლა დიდი საფრთხე იყო, რადგანაც კრემლი ზუსტად ასეთი პროვოკაციებით სარგებლობს და მას სპეციალურადაც კი აწყობს.
„სამწუხაროდ, რუსეთი ნაცად რიტორიკას და ხერხს განაგრძობს. საქართველოს ხელისუფლებას საყვედურს ვერ ვეტყვით, რადგანაც ამ საქმეში ძალიან მცირე რესურსები არსებობს იმისთვის, რომ ზაზა დროულად გათავისუფლდეს. გასაგებია ოჯახის პოზიციაც, მაგრამ სიტუაცია ასე მარტივად არ არის. როგორც ვიცით, ეს ადამიანები ზაზას ბედით უბრალოდ ვაჭრობენ და ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს. მათ ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო დონის მოლაპარაკების თუ შუამავლობის ბერკეტის გამოყენება ხდება. საუბარი იმაზე, რომ რუსი ჯარისკაცები არ უნდა გაეშვათ და ისინი უნდა გაეცვალათ, ეს საკმაოდ რთული საკითხია. კი ბატონო, უკრაინამ ადრე მფრინავში 27 ჯარისკაცი გაცვალა, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. რუსეთი მსგავს პროვოკაციებს მიზანმიმართულად აწყობს. იმისთვის, რომ საქართველო ხაფანგში მოახვედროს და ჩვენზე თავდასხმის საბაბი ჰქონდეს. ამიტომ სხვა გზა არ გვაქვს და იძულებულები ვართ, ისევ მშვიდობიანად, მოლაპარაკების გზით რაღაცა შედეგს მივაღწიოთ“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.