როდის შეიძლება ველოდოთ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას - მოსალოდნელია ე.წ. მეოთხე ტალღა

როდის შეიძლება ველოდოთ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებას - მოსალოდნელია ე.წ. მეოთხე ტალღა

ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას სპეციალისტების ნაწილი სტაბილურად აფასებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დღეს აქტიურად საუბრობენ ე.წ. მეოთხე ტალღაზე. ეპიდემიოლოგები საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რეკომენდაციების დაცვისაკენ, რომ თავიდან ავიცილოთ კორონავირუსის ახალი შემთხვევების კიდევ ერთხელ მატება, რაც გარკვეულწილად, კონკრეტული რეგულაციების ამოქმედებას ითვალისწინებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში შემოდგომაზე შეიძლება იყოს მეოთხე ტალღაც. მისივე თქმით, ახალი ველოსიპედი არ არის, რომ დღეს პირბადეების ტარება აუცილებელია. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პანდემიის მეოთხე ტალღის ალბათობას ვერავინ გამორიცხავს.

„ჩვენთან ორჯერადად აცრილთათვის, ვერ მოხერხდება რეგულაციების შემსუბუქება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარკვეული მაჩვენებელი გვექნება. მეოთხე ტალღა შეიძლება იყოს აგვისტოს ბოლოს - შემოდგომაზე. ეს დამოკიდებულია რეკომენდაციის დაცვაზე და ასევე ზაფხულში გადამწყვეტი იქნება ვაქცინირებულთა რაოდენობაც.

დღეში დაახლოებით 5-7 ათასი კაცი უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომ მივიღოთ აცრილი პირების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რათა შეიქმნას მოსახლეობაში იმუნური ფენა. ალბათ, დაგვჭირდება ვაქცინის მე-3 დოზაც, რომ უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას. ვაქცინაზე უკეთესი კაცობრიობას არაფერი გამოუგონია და კოვიდ 19-ის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ე.წ. მეოთხე ტალღა იყოს. ხმალაძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„ყველაფერი დამოკიდებულია შიდა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და იმაზე, თუ როგორ ეგუება მოსახლეობა იმ წესებს, რომელიც მოქმედებს. ამ ინფექციას მოსახლეობა შეეჩვია და ყველას ჰგონია „მე არ მოვკვდები“.

ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში არის ინდური შტამი და ასე სხვა შტამებიც. არ არის გამორიცხული, რომ უკვე კოვიდგადატანილსაც დაემართოს ინდური შტამი. ამიტომ, არც ის არის გამორიცხული მეოთხე ტალღა იყოს, სადაც მოხდება ადამიანთა თავშეყრა.

შარშანაც სწორედ ამ დროს მოხდა „აფეთქება“ და ინფიცირებულითა რაოდენობის მატება. მედიკამენტოზური თავდაცვა არ გვაქვს. შესაბამისად, ეპიდემიას უნდა ვებრძოლოთ ეპიდემილოგიური ღონისძიებებით“, - თქვა ხმალაძემ For.ge-სთან.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს არსებული ეპიდვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია კორონავირუსის კიდევ ახალი შტამი არ შემოვიდეს ქვეყანაში.

„გამორიცხული არაფერია. მთავარია, რომ ახალი სახეობის ვირუსი არ შემოვიდეს. შეიძლება იყოს ახალი ტალღა“, - თქვა ენდელაძემ For.ge-სთან.

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში მეოთხე ტალღა აუცილებლად იქნება, თუმცა, მისი თქმით, წინა ტალღებისგან განსხვავებით, ნაკლებად დამაზიანებელი იქნება. მისივე განმარტებით, ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მატება აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება.

„მეოთხე ტალღა შემთხვევების მატების იქნება აუცილებლად. ამერიკის ჯანმრთელობის გაზომვების ინსტიტუტი ამბობს, რომ საქართველოში შემთხვევების რაოდენობის მატება აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება, მაგრამ რადგანაც იმუნური ფენა დიდია უკვე საქართველოში, ბუნებრივადაც ბევრმა ადამიანმა გადაიტანა ეს ინფექცია, მეტ-ნაკლებად პირბადის ტარების კულტურა არსებობს, შენობების შიგნით მაინც, ვაქცინაციას გავლენა აქვს და კიდევ მეტად ექნება შემოდგომამდე, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტალღა იქნება, მაგრამ ის არ იქნება ისეთი დამაზიანებელი“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

პროფესორი, ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღა საქართველოში შემოდგომაზეა მოსალოდნელი. როგორც ფხაკაძემ ფეისბუქ ჩართვის დროს თქვა, ზაფხულში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი დაიკლებს, თუმცა სექტემბერში მატება ისევ მოსალოდნელია.

„იმედია, რომ ზაფხულისათვის, მაისის ბოლოსთვის ვირუსი ჩაცხრება, დაიწევს მაჩვენებლები, რაც ძალიან კარგი იქნება. დავისვენოთ, მოვიმარაგოთ ენერგიები ზაფხულში… ვირუსი არსად წავა, მოვემზადოთ სექტემბრისთვის. სექტემბრის ბოლოს ჩვენ გვექნება მეოთხე ტალღა. აქ არაფერი საპანიკო, სანერვიულო არ არის, ეს არის რეალობა, რომელსაც ვერ ავცდებით. რომც ჩამოიტანონ ერთი მილიონი ვაქცინა, მეოთხე ტალღას მაინც ვერ ავცდებით, ამას რომ ავცდეთ, უნდა იყოს მოზრდილი მოსახლეობის 70% ვაქცინირებული. მოემზადეთ, იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით და მაქსიმალურად იყავით გარეთ სუფთა ჰაერზე“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.