დასავლელი პოლიტიკოსები თავს უფლებას აძლევენ ჩაერიონ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ზოგ შემთხვევაში კი, მბრალდებლის როლში გამოდიან. სწორედ ასეთია ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, რომელიც ამბობს, რომ ახლა აქვს თავისი ომი ივანიშვილთან საქართველოში. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული პავილიონისის ამ სკანდალურ განცხადებაზე განმარტებების გაკეთება მოუწია ქვეყნის პრეზიდენტს.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ ლიეტუას ომი არავისთან აქვს და ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია.
„ომი არავისთან გვაქვს, ეს ლიეტუვის ცალკეული სეიმის წევრის სიტყვაა და ყველას აქვს თავისი აზრი, ეს არ არის ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია. მინდა, გითხრათ, რომ ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია არის მოლაპარაკებები, ამის ერთ–ერთი მაგალითი სწორედ გახლდათ ევროკავშირის ჩართულობა, შარლს მიშელის ხელმძღვანელობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც ასევე უნდა განხორციელდეს. სწორედ ეს არის პირველ რიგში ლიეტუვის ოფიციალური პოზიცია. მთავარი არის მოლაპარაკება“, – ასე უპასუხა გიტანას ნაუსედამ ქართველ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ „ვოვანისა“ და „ლექსუსის“ სახელებით ცნობილმა რუსმა პრანკერებმა, ვლადიმირ კუზნეცოვმა და ალექსეი სტოლიაროვმა ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის თანაგუნდელის, ლეონიდ ვოლკოვის სახელით დაურეკეს და საუბრის ჩანაწერი ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ გამოაქვეყნეს.
გამოქვეყნებულ დამონტაჟებულ ვიდეოჩანაწერში ჟიგიმანტას პავილიონისი რუსეთზე, საქართველოზე, უკრაინაზე, ბელარუსზე, ასევე ამ ქვეყნებში ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან მუშაობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ახლა აქვს თავისი ომი ივანიშვილთან საქართველოში. საუბარში ლიეტუველი დეპუტატი 18–წუთიან ვიდეოში ასევე საუბრობს კავშირებზე გავლენიან ამერიკელ კონგრესმენებთან, ასევე ლობისტებთან. ის მიხეილ სააკაშვილის ლობისტებთან ურთიერთობების შესახებაც ჰყვება.
„აი, როგორ გააკეთა ეს სააკაშვილმა. როდესაც ობამა მოვიდა, ობამა მას ვერ იტანდა. თუმცა მაშინ ქართულმა დიპლომატიამ, თემურ იაკობაშვილმა, ღმერთო ჩემო, მათ აიღეს ვაშინგტონი. არ დარჩენილა ადგილი, სადაც არ განიხილავდნენ საქართველოს. დაახლოებით ნახევარ წელიწადში, ერთ წელიწადში ობამას შეუყვარდა სააკაშვილის ბალტიელ პრეზიდენტებზე მეტად. მე ვერ ვუჯერებდი საკუთარ თვალებს. რა თქმა უნდა, ეს იყო ქართული ღვინოც, სამზარეულო და ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ. თუმცა საჭიროა ასეთი ლობის შექმნა“, – ამბობს ჟიგიმანტას პავილიონისი.
პავილიონისის განცხადების საპასუხოდ, ლიეტუვის პრეზიდენტის პოზიციას მნიშვნელოვას უწოდებენ უმრავლესობაში. პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პავილიონისის განცხადება ნამდვილად არ ემსახურება მეგობრულ ურთიერთობას საქართველოსა და ლიეტუვას შორის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება გიტანას ნაუსედამ სათანადოდ შეაფასა.
„კარგია, რომ ლიეტუვის პრეზიდენტმა ეს განცხადება სათანადოდ შეაფასა. იმედი მაქვს, რომ ლიეტუვის სეიმიც გამოეხმაურება მისი წევრის ასეთ დაუფიქრებელ განცხადებას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ პავილიონისის განცხადება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ძალიან აზიანებს.
„ჩემი კოლეგა ვალდებულია განმარტოს, თუ რას გულისხმობდა, როდესაც ამას ამბობდა და დაადასტუროს ეს ფაქტი. ვიცით, რომ ეს ინტერვიუ მაინც და მაინც ლეგალური გზებით არ იყო მოპოვებული. იქ ჩართულები იყვნენ რუსი პრანკერები, რომლებმაც მოატყუეს ჩემი კოლეგა. თუმცა მან უნდა უარყოს ეს განცხადება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან როდესაც ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს ძალიან აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარისგან განსხვავებით, სააკაშვილისა და ობამას პოლიტიკურ მიჯნურობაზე რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია აქვს ვახტანგ მაისაიას. for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ამბობს, რომ პავილიონისი ტყუის, ზუსტად ისე, როგორც სააკაშვილი.
„ესენი ორივე არიან კლასიკური მატყუარები. როგორც სააკაშვილი ღრუბლებში ემალებოდა რუსეთის თვითმფრინავებს, ასევე ტყუის პავილიონისი. ჯერ ერთი, რომ ობამას არასოდეს არ გამოუხატია სიმპათია მიხეილ სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიმართ. 2012 წელს ჟენევაში შედგა საერთაშორისო გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების და ანალიტიკოსების შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გავლენიანი არასამთავრობი ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირი გავლენა ჰქონდათ ობამას ადმინისტრაციასთან და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან.
ამ ღონისძიებას ქართული მხრიდან ჩაერთო გიგა ბოკერია და თემურ იაკობაშვილი. ევროპაში მოქმედ ერთ–ერთ გავლენიან ორგანიზაციას და ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ამ ორგანიზაციის დასახელებისგან, მათ შეხვდა იაკობაშვილი და ბოკერია, სთხოვეს, რომ მიეცათ რეკომენდაცია, რომ ობამას ადმინისტაციას ეთანამშრომლა სააკაშვილის ხელისუფლებასთან.
ეს შეხვედრა შედგა, მაგრამ ამ ორგანიზაციამ ობამას ადმინისტრაციას მიაწოდა რეალური ინფორმაცია რეალურად რა ხდებოდა საქართველოში და მიმართეს, რომ არ მომხადარიყო სააკაშვილთან თანამშრომლობა, რაც გააკეთა ობამამ. არავითარი ოფიციალური შეხვედრა სააკაშვილსა და ობამას შორის არ ყოფილა. ეს არის რეალობა. ასე რომ, პავილიონისი ტყუის. ფაქტების არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს. იაკობაშვილს და ბოკერიას ქონდათ მცდელობა, რომ კავშირები გაემყარებინათ ობამას ადმინისტარციასთან, მაგრამ ეს მცდელობა იყო უშედეგო“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას შეფასებით, არახალია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის ბევრი პოლიტკოსი თავს უფლებას აძლევს, რომ „კეთილის მსურველის“ ამპლუაში ჩაერიოს საქართველოს საშინაო საქმეებში. რეალურად, პავილიონისი თავისი განცხდებებით ეხმარება კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და ამ შემთხვევაში მისი თქმით, ცალსახად საუბარია „ნაციონალურ მოძრაობაზე“.
„პავილიონისის მსგავი რამდენიმე ადამიანი არსებობს, რომელებსაც აქვთ თავისი პოლიტიკური პრეფერენციები და ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ დაჯგუფებას. ოფიციალური თანამდებობის პირი არ არის, არჩეული პოლიტიკოსია, თავის გამონათქვამებში თავისუფალია და მე ვფიქრობ, რომ სერიოზული ყურადღება, ალბათ, არ უნდა მიექცეს. მსგავსი განცხადებები ადრეც ყოფილა, ახლაც არის და მომავალშიც იქნება.
რა თქმა უნდა, მისი განცხადება აზარალებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს და ამიტომაც ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ ის არის ცალკეული პოლიტიკოსი და მისი პოზიცია არ ემთხვევა სახელმწიფოს ოფიციალურ პოზიციას. პავილიონისის პოლიტიკურ საქმიანობას თუ დავაკვირდებით, ის ახლოს არის ე.წ. ნეოკონსერვატულ დაჯგუფებასთან, ანუ მაკკეინის დაჯგუფებასთან“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.
პოლიტოლოგი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი სუბიექტური განცხადებების მოტივად იმ რეალობას ასახელებს, რომ იმ პროცესებს, რომელსაც საქართველოში ჰქონდა ადგილი, არ მიეცა სამართლებრივი და საზოგადოებრივი შეფასება.
„ამის ნაცვლად, განხორციელდა ე.წ. კოჰაბიტაცია, რომელიც ასევე გარედან იყო თავსმოხვეული უცხო ძალების მხრიდან. თუ ასე გავაგრძელებთ და სახელებს არ დავარქმევთ მოვლენებს, მომავალშიც უნდა ველოდოდთ მსგავს მიკერძოებულ განცხადებებს, რომელსაც აქვს კონკრეტული ამოცანა – კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს შუწყონ ხელი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად, თუ გავლენების მოპოვების საქმეში“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.