“ყოველთვის ვერ აღვიქვამ ჩემს სილამაზეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები მიმიჩნევენ ლამაზად“ – ჰეილი ბიბერი

“ყოველთვის ვერ აღვიქვამ ჩემს სილამაზეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები მიმიჩნევენ ლამაზად“ – ჰეილი ბიბერი

ჰეილი ბიბერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელია, რომელიც ფართო საზოგადოებამ ისეთ გავლენიან ბრენდებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობით გაიცნო როგორებიც Guess, Tommy Hilfiger, Donatella Versace და Ralph Lauren არიან. მიუხედავად წარმატებული სამოდელო საქმიანობისა, ჰეილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად არა მხოლოდ კარიერული წინსვლის, არამედ პირადი ცხოვრების გახმაურებული დეტალების გამო ხვდება.

კანადელი პოპვარსკვლავის ჯასტინ ბიბერის მეუღლე აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე წელი იმდენად რთული იყო მის ცხოვრებაში, რომ საზოგადოების უარყოფითი შეფასებებისა და ნეგატიური დამოკიდებულების გამო მან გარკვეული დროით სოციალური ქსელის გამოყენებაც კი შეწყვიტა.

“ქორწილის შემდეგ ერთადერთი რამ მსურდა – საზოგადოებისგან დამალვა. არ მინდოდა, რომ ადამიანები ჩემს პირად საქმეში ჩარეულიყვნენ, ამიტომ მაქსიმალურად ვინარჩუნებდი ანონიმურობას. მახსოვს, როდესაც გამომწერებს ფოტოებზე კომენტარის გაკეთების საშუალება შევუზღუდე, ვიღაცამ მითხრა, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებდა ჩემი გვერდის პოპულარიზაციაზე. რა თქმა უნდა, ამ ადამიანს გაოგნებულმა ვუპასუხე, რომ ნაკლებად დამაინტერესებდა პოსტში საზოგადოების ჩართულობა, როდესაც ისინი ჩემზე სრულიად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდნენ.”

ოჯახის ადრეულ ასაკში შექმნა ამერიკელი მოდელის აზრით ყოველთვის არ არის ბედნიერების მომტანი, თუმცა მისი და ჯასტინის შემთხვევაში ვითარება სხვაგვარად განვითარდა. იქიდან გამომდინარე, რომ ვარსკვლავური წყვილი ქორწინებამდე წლების განმავლობაში იცნობდა ერთმანეთს, საერთო ცხოვრებისეული ინტერესების გამონახვამ მათ ურთიერთობაზე დადებითად იმოქმედა.

“როდესაც დავქორწინდი 21 წლის ვიყავი. ამ რიცხვის ხმამაღლა გაჟღერება სასაცილოდაც არ მყოფნის, რადგან ძალიან პატარა ასაკია ქორწინებისთვის.”

“ჩემი და ჯასტინის შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იყო, ჩვენ ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს და ყოველთვის ზუსტად ვიცოდით რისი გაკეთება გვსურდა ამ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, ყოველთვის ვიცოდით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი კავშირი არსებობდა ჩვენს შორის.”

პარადოქსული მიზეზების გამო, გლობალური პანდემიის ფონზე შექმნილმა ვითარებამ წყვილის ურთიერთობაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა. სამსახურეობრივი მოვალეობებისა და გადატვირთული გრაფიკის არქონის გამო, სახლში გატარებულმა უამრავმა ერთობლივმა დღემ ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობა რადიკალურად შეცვალა. მარტივად რომ ვთქვათ, ჯასტინ და ჰეილი ბიბერებისთვის კარანტინი ხანგრძლივ შვებულებას ჰგავდა, სადაც მათ გამუდმებით ერთმანეთთან შეეძლოთ ყოფნა.

“ყოველთვის ვფრთხილობ, როდესაც პანდემიის დადებით მხარეებზე ვსაუბრობ, რადგან გარშემო დიდი მწუხარება და იმედგაცრუება სუფევს. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად ვიყავი ამდენი ხანი სამუშაოს გარეშე. კარანტინმა ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობები გააქრო, რაც ნაკლებად ახდენდა ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას.”

“ყოველთვის ვცდილობ ჩვენი ურთიერთობის დეტალები განვიხილო და პრობლემების მარტივად მოგვარება ვისწავლო. წვრილმანებზე გამუდმებით ვმუშაობ, თუმცა ეს საქმე ჩემთვის მუშაობასთან ნამდვილად არ ასოცირდება, რადგან ჯასტინი ის ადამიანია, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს და რომელთანაც მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრების გატარება მსურს.”

“ჩემი მეორე ნახევარი წარმოუდგენლად გასაოცარი ადამიანია, საუკეთესო პარტნორი და მეგობარი, რომელსაც ბოლომდე ვენდობი. წლების გასვლასთან ერთად ფსიქოლოგიურად და მენტალურად ორივე ვიზრდებით და ვვითარდებით. ევოლუციის პროცესი ჩვენში დღემდე მიმდინარეობს. ძალიან იღბლიანი ადამიანი ვარ, რომ ჯასტინი ჩემს გვერდითაა, საკუთარი ცხოვრება სხვა ადამიანთან ერთად ვერც კი წარმომიდგენია.”

როგორც ამბობენ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული დეტალები ზოგჯერ ყველაზე საინტერესო კომბინაციას ქმნის. ახალგაზრდა მოდელის ექსტრაორდინალური, დახვეწილი და ყველასგან გამორჩეული სტილი ისევე როგორც ფემინურ, ასევე ანდროგინულ დეტალებს მოიცავს, შესაბამისად ჯასტინ და ჰეილი ბიბერების პერსონალური სტილი ერთმანეთს ავსებს, რის გამოც უცხოური გამოცემებისა და ტაბლოიდების ყურადღების ცენტრში ძალიან ხშირად ექცევიან.

“მარტივად შესაძლებელია ერთდროულად კომფორტულად, ასევე გლამურულად გამოიყურებოდე. მიყვარს განსხვავებული სტილის ერთმანეთში არევა. როდესაც საქორწინო კაბას ვარჩევდი ვთქვი, რომ სამოსი ჩემთვის ისეთ დიზაინერს უნდა შეექმნა, რომელსაც საქორწინო კაბა არასდროს შეუკერავს. ვირჯილ აბლო სწორედ ასეთი ადამიანი იყო და ვფიქრობ, რომ მან ამ უმნიშვნელოვანესი დღისთვის შესანიშნავი კაბა შემიქმნა.”

ბევრი ადამიანისთვის დღემდე უცნობია ის ფაქტი, რომ სანამ ჰეილი სამოდელო ბიზნესში გადაწყვეტდა მოღვაწეობას, განსხვავებული მიზნები და ოცნებები ჰქონდა. ადრეულ ასაკში პატარა ჰეილის ბალეტის პროფესიონალი მოცეკვავე სურდა გამხდარიყო, რაც სამწუხაროდ მოგვიანებით მიღებული ფეხის ტრავმის გამო ვეღარ შეძლო. 17 წლის ასაკში ჰეილი მშობლების სახლიდან დასთან ერთად მანჰეტენზე მდებარე აპარტამენტში გადავიდა საცხოვრებლად.

“ბავშვობიდან დამოკიდებული ადამიანი ვარ. როდესაც მშობლების სახლიდან წამოვედი და სამოდელო ბიზნესში გადავწყვიტე მუშაობა, იმდენ ფულს გამოვიმუშავებდი, რომ ბინის ქირას ჩემივე შემოსავლებით ვიხდიდი. მომწონდა დამოუკიდებლად ცხოვრება, ამიტომ საკუთარ თავს გამუდმებით ვუმეორებდი, რომ თუ ყველაფერი გამომივიდოდა, ამ საქმის კეთებას აუცილებლად გავაგრძელებდი.”

ჰეილი ბიბერს ინსტაგრამზე 35 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. მოდელი სოციალურ ქსელს არამხოლოდ საკუთარი საქმიანობისთვის, არამედ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლადაც იყენებს. ალბათ გასაკვირია ის, რომ მილიონობით მიმდევარის მქონე თანამედროვე ინფლუენსერს, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალად არაერთხელ აღიარეს, არასრულფასოვნების კომპლექსი აწუხებს.

“წლები დამჭირდა იმისთვის, რომ საკუთარ სხეულში როგორც მოდელს კომფორტულად მეგრძნო თავი. მე მხოლოდ 24 წლის ვარ და ახლაც ვცდილობ გავერკვე ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, როგორ ვყალიბდები, როგორც მოდელი და როგორც მეუღლე. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როდესაც თავს დაუცველად გრძნობენ. მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები მეუბნებიან ლამაზი ვარ, არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ყოველთვის ლამაზად მივიჩნევ.”

“ჩემზე უდიდეს ზეგავლენას ახდენენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიზნები და თავდაუზოგავად შრომობენ ამ მიზნების მისაღწევად. მინდა, ძლიერი და თავდაჯერებული ქალების მაგალითი ინსპირაციის წყაროდ ვაქციო.

“ცხოვრება უწყვეტი მოგზაურობაა საკუთარი თავის შესაყვარებლად, რაც არასდროს სრულდება, ამიტომ ვცდილობ არსებული დრო საკუთარი თავის აღმოსაჩენად მაქსიმალურად გამოვიყენო.“