გიორგი შერმადინის საოცარი თამაში

გიორგი შერმადინის საოცარი თამაში "ბარსელონასთან": ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული

ესპანეთის ლიგა ენდესას ნახევარფინალში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბარსელონას“ მეორე შეხვედრაში აჯობა და ანგარიში გაათანაბრა.

კანარიელებმა ამჯერად კატალონელებთან შესანიშნავად ითამაშეს და საბოლოოდ 80:68 დაამარცხეს. თამაშის ბედი ბოლო პერიოდში გადაწყდა, რომელიც „ტენერიფემ“ 9 ქულით მოიგო.

გიორგი შერმადინი მატჩის MVP იყო, რომელმაც ბრწყინვალედ ითამაშა! ქართველმა ცენტრმა 26:48 წუთში 21 ქულა, 10 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა, რითაც ორმაგი დუბლი მიითვალა. გიორგიმ 10-დან 8 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ის მოხსნების რაოდენობით ორივე გუნდში საუკეთესო იყო, ხოლო ქულებით მხოლოდ თანაგუნდელ მარსელინო უერტასს ჩამორჩა (26). სამაგიეროდ, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი (37) ყველაზე მაღალი იყო და MVP-ის წოდებაც დაიმსახურა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა (1:1), მესამე შეხვედრა კი 11 ივნისს, ბარსელონაში გაიმართება.