„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ჰაიდი ჰაუტალა გამოეხმაურა, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს მოსახლეობის მობილიზაცია „დესტრუქციული ეკონომიკური მოდელის“ წინააღმდეგ.
პარალელურად, რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის მიზნით შეიარაღებული და საპოლიციო ძალები დატოვეს ცალკეულმა პირებმა. საუბარია ათ ადამიანზე. მათი თქმით, ძალიან მოქმედებს თავმოყვარეობაზე, როცა ფორმიანი ადამიანი, რომელსაც ევალება საკუთარი მოქალაქეების და მიწის დაცვა, განზეა დამდგარი და, პირიქით, ხელს უშლის რიონის ხეობის მცველებს.
რა პროცესები გამოააშკარავა ნამახვანჰესმა?!
„მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელი ირაკლი მაჭარაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ეს ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის პირველი განცხადება არ არის, ჰაიდი ჰაუტალამ 22 აპრილსაც გამოხატა ანალოგიური მხარდაჭერა. ასეთი გამოხმაურებების ფონზე რატომღაც საქართველოს მთავრობას ჰგონია, ხალხმა წერა-კითხვა არ იცის და ინტერნეტი არ არსებობს, მაგრამ სიმართლე თავის გზას პოულობს.
ირაკლი მაჭარაშვილი ხელისუფლების მხრიდან კანონის დარღვევაზე საუბრობს. მისი თქმით, აქ უკვე მეორეხარისხოვანია ამ ჰესის ავკარგიანობაზე საუბარი, როდესაც საქმე გვაქვს ადამიანის უფლებების დარღვევებთან. კერძოდ, შს სამინისტრო არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლით დაცულ თანასწორობის უფლებას, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია დისკრიმინაცია პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დღეს კი ხდება ადამიანების დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. დარღვეულია კონსტიტუციის მე-14 მუხლით განსაზღვრული უფლება-მიმოსვლის თავისუფლება, რაც გულისხმობს, ყველა ადამიანს, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის უფლება.
„ამის ნაცვლად ადამიანებს წარმოსახვითი საზღვარი გაუვლეს, რკინის ჯებირები აღუმართეს. გარდა ამისა, პოლიციამ სპეციალური საშუალებები გამოიყენა პროტესტის მონაწილეების საწინააღმდეგოდ ინტერნეტის დასახშობად. დარღვეულია შეკრების თავისუფლების უფლება, რომელიც დაცულია კონსტიტუციის 21-ე მუხლით, კონსტიტუციის 29-ე მუხლი კი იცავს გარემოს დაცვის და საჯარო სივრცით სარგებლობის უფლებას. ფაქტობრივად, რიონის მცველებს კონსტიტუციის ეს უფლებებიც დარღვეული აქვთ, ისევე, როგორც საპროცესო უფლებები, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს საქმის სამართლიანი და დროული განხილვა. ერთ წელზე მეტია, სასამართლოში შეტანილია სარჩელი და ჯერ ერთი სხდომაც არ ჩანიშნულა ნამახვანთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნები შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ამკობენ ადამიანებს, არასამთავრობოებს, თუ ადგილობრივებს იმ მოტივით, როგორ გაბედეთ საჩივრის შეტანაო. აღარაფერს ვამბობთ ორჰუსის კონვენციაზე, რომელიც გულისხმობს გარემოს დაცვის საკითხებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას“, - აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი.
მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სარჩელი შეტანილია იმის გამო, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება არასწორად ჩატარდა, იმდენად არასწორად, რომ ცალსახა პასუხს ვერ მივიღებთ, საშიშია თუ არა ჰესის აშენება და ის ნებართვა, რომელიც გაიცა არასწორ კვლევებზე დაყრდნობით. ამიტომ ეს ნებართვები უნდა გაუქმდეს, შემდეგ თავიდან ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი, ამას მოითხოვს ჩვენი კანონმდებლობა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. ევროკავშირის რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია ევროკავშირის სტანდარტების და ნორმების დაცვით მოამზადოს დიდ ჰესებთან დაკავშირებული პროექტები. ეს ხარვეზები გამოვლინდება, როცა ენერგოთანამეგობრობიდან ჩამოვლენ ჩვენი მთავრობის მიერ მოწვეული წარმომადგენლები.
„ხშირად საუბრობენ, რა უფრო მთავარია, ეკოლოგიური საკითხები, მიწის გაყიდვა, თუ ხელშეკრულება. ეს დემაგოგიაა, ვინაიდან სამივე ეს საკითხი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. 2015 წელს ამ კომპანიამ მიიღო ნამახვანის ორ ჰესზე, ორ კასკადზე მშენებლობის ნებართვა. არ იყო ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, მაგრამ, როცა შემდეგ კომპანია „ენკამ“ გადაწყვიტა მშენებლობის დაწყება, აღმოაჩინა, რომ 2015 წელს გაცემული ნებართვები არასწორად იყო გაცემული, იმ პროექტით შეუძლებელი იყო მშენებლობა და საჭირო იყო მისი დიზაინის შეცვლა, მეწყერსაშიშ ადგილებზე იყო დაგეგმილი, ბევრი სხვა პრობლემაც იყო. როდესაც დიზაინი შეცვალეს, იმდენად დიდი იყო ცვლილება, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2019 წლის თებერვალში დაავალა კომპანიას, მოემზადებინა გარემოზე ზემოქმედების ახალი ანგარიში ორი ჰესისთვის - ზემო ნამახვანჰესისა და ქვემო ნამახვანჰესისთვის. ანუ 2019 წელს მთავრობამ უკვე იცოდა, რომ ძველი პროექტი არ ვარგოდა და დაავალა ახალი შესწავლის გაკეთება, თუმცა ამ შესწავლას არ დაელოდა და იმავე წლის აპრილში დაუდო კაბალური ხელშეკრულება, იმავე წლის ნოემბერში გადასცა ქონება და მიწა პროექტის ასაშენებლად, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ ჰქონდა. პროექტი დაამტკიცა მთავრობამ 2020 წლის გაზაფხულზე. ანუ ლამის ერთი წლით ადრე დაუდო ხელშეკრულება პროექტის ასაშენებლად, რომლის შესახებაც მთავრობამ არ იცოდა, კარგი იყო, თუ ცუდი. შესაბამისად, მთავრობა გახდა თავისი გადაწყვეტილებების მძევალი“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.
გარემოს დამცველი ერთ დეტალზეც ამახვილებს ყურადღებას, ხელშეკრულებაში წერია, რომ კომპანიამ უნდა ააშენოს 433 მეგავატი სიმძლავრის ჰესი (ასი მეგავატი სიმძლავრის ზემო ნამახვანის და 333 მეგავატი სიმძლავრის ქვემო ნამახვანის ჰესი), მაგრამ კომპანიას მიწერილი ჰქონდა, რომ ასეთი სიმძლავრის არ გამოვა, ნაკლები სიმძლავრის იქნება ჰესი და ჯერჯერობით მოამზადა პროექტი მარტო ქვემო ნამახვანისთვის, რომელიც არის 324 მეგავატი. ანუ ხელშეკრულებაში წერია, რომ უნდა აშენდეს 433 მეგავატი, მაგრამ ნებართვა აქვს 324 მეგავატზე. ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ასეთი ტყუილებითაა სავსე მთელი ეს პროექტი. თუმცა საქართველოს სასამართლოში სიმართლის გატანის იმედი ნაკლებადაა, შეიძლება ეს ყველაფერი გასაჩივრდეს ევროკავშირის სტრუქტურებში, რომელსაც საქართველო მიერთებულია.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, შუქიც გვინდა, ენერგოდამოუკიდებლობაც გვინდა, მაგრამ მთავარი ფასეულობა ადამიანია.
„ადამიანისთვის გვინდა ჩვენ შუქი და, როდესაც ადამიანს ასე ექცევა ხელისუფლება, სპეცოპერაციას ატარებენ, თითო-თითო კაცს იჭერენ ყოველდღიურად და მერე ამ ადამიანებით ვაჭრობენ, პირდაპირ გეტყვით, ეს გულის ამრევი საქციელია. ჰესები უნდა აშენდეს, მაგრამ უნდა აშენდეს ისეთ პირობებში, სადაც გათვალისწინებულია უსაფრთხოების საკითხები, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება გამჭვირვალეა და კორუფციას არ შეიცავს. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანზე“, - ამბობს გია ხუხაშვილი.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რიონის ხეობის დამცველთა სოლიდარობის მიზნით ძალოვან სტრუქტურებს ტოვებენ ადამიანები, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებში პროტესტი ძლიერია.
კლიმატისა და ენერგეტიკის პროგრამის კოორდინატორი რუსუდან სიდამონიძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ნამახვანჰესის საკითხი ძალიან რთულია, ამიტომ აუცილებელია, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები საძირკველშივე იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის.
„დიდი ხანია, ეს ადამიანები ნამახვანის პროექტს აპროტესტებენ, მათ ვერ აუხსნეს, კარგია თუ ცუდი ეს პროექტი. ჩემთვის, როგორც გარემოს დამცველისთვის, ნებისმიერი ჩარევა გარემოსა და ადამიანზე უარყოფით ზემოქმედებას ნიშნავს, მაგრამ არსებობს მდგრადი განვითარების პრინციპები და ამ პრინციპებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. ახლა პროცესი გართულებულია, უნდა მოხდეს სრული ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივებისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, რა უარყოფით ზემოქმედებას მოიტანს ნამახვანჰესი. ეს პროცესი დიდი ხანია, დაწყებულია, განსაკუთრებით, წინა ხელისუფლების დროს, იმ პერიოდში სხვა მოდელი იყო და ჩვენი ორგანიზაცია მაშინაც აქტიურად იყო ჩართული ამ საკითხში. უნდა ვიცოდეთ, იქნება თუ არა კლიმატის პრობლემა, წყლების პრობლემა და უამრავი სხვა პრობლემა“, - აცხადებს რუსუდან სიდამონიძე.