„გამოიკვლიონ და დაადგინონ არის თუ არა გადაცდომის რამე ნიშნები“

„გამოიკვლიონ და დაადგინონ არის თუ არა გადაცდომის რამე ნიშნები“

საქართველოს საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, სასამართლომ, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ, დროებითი განჩინება ნაჩქარევად მიიღო, უნდა დავლოდებოდით შეფასებას, დასკვნას და შემდგომ მიგვეღო გადაწყვეტილება. მისი თქმით, ჯერ კომპეტენტურ ორგანოებს შეესწავლათ, შესაბამისი დასკვნები დაედოთ და ამის მერე მიღებულიყო გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში, თუ დაუყოვნებლივ გაყვანის აუცილებლობა დადგებოდა, თავად სახელმწიფო სტრუქტურა მიიღებდა ამის შესახებ გადაწყვეტილებას.

for.ge ედიშერ ქარჩავას ესაუბრა.

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. რა ხდება რეალურად, კითხვის ნიშნები რატომ გაჩნდა პანსიონის გარშემო?

ედიშერ ქარჩავა: სამწუხაროდ, უწყებებს შორის ურთიერთობები გადაიზარდა პიროვნულ დაპირისპირებებში, რაც დაუშვებელია. ყველა უწყებამ პატივი უნდა სცეს საპატრიარქოს, როგორც ინსტიტუციას. საქართველოს საპატრიარქო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. ხშირად ეშლებათ და ამბობენ, რომ ჩვენი სახელმწიფო არის სეკულარული. კი ბატონო, სეკულარულია, მაგრამ ამ სახელმწიფომ იურიდიული სტატუსი მისცა ორგანიზაციას და დაავალდებულა ყველა, რომ ურთიერთპატივისცემის საფუძველზე კონსტიტუციური შეთანხმებით მოვაწესრიგოთ ყველა სამართლებრივი ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი ვალდებული იყო, რომ მოემართა საპატრიარქოსთვის, როგორც ზემდგომი ორგანოსთვის, რომ აღეკვეთა მისი ფუნქციების განხორციელებისთვის ხელის შეშლა.

საპატრიარქო დღესაც კი მზად არის ამისათვის, თუკი კანონით დადგენილი წესით მომართავენ, მაგრამ როგორც ვატყობთ, არ სჭირდებათ, არ უნდათ რეალურად საქმეში გარკვევა და კანონით დადგენილი წესით წარმოების დაწყება. მათ უნდათ დაპირისპირების წარმოჩენა და ჩვენი ავტორიტეტის შელახვა, თითქოს ჩვენ ვარღვევთ სახელმწიფოს მიერ დადგენილ კანონებს და პანსიონში არ ვუშვებთ სახალხო დამცველს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი.

ამ გახმაურებული საქმის შემდეგ, თქვენ, მეუფე ნიკოლოზთან ერთად შეხვედით ნინოწმინდის პანსიონში, რა ვითარება დაგხვდათ, იკვეთება გადაცდომები, დანაშაულის ნიშნები? ფაქტია, რომ სასამრთლოს გადაწყვეტილებით ბავშვები გაიყვანეს პანსიონიდან...

– მე, რამე კანონდარღვევა ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ ერთი რამ, რაც გავარკვიე, ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას ჰქონდა მობილური ტელეფონი. საუბარია იმ ასაკის ბავშვებზე, რომლებსაც შეუძლიათ გამოიყენონ ტელეფონი. გადავამოწმე და 24-საათიან რეჟიმში იყო ეს ტელეფონები ჩართული. პროფესიული თვალსაზრისით მაინტერესებდა და გადავამოწმე, დავრეკე და მიპასუხეს. ასევე, ამ ბავშვებს კონტაქტი აქვთ მშობლებთან. თუ იქ სისტემურ კანონდარღვევას, ან გადაცდომას ჰქონდა ადგილი, ეს ხომ აუცილებლად გაჟღერდებოდა?

ეს გამორიცხავს ერთეულ გადაცდომას?

– მე არ გამოვრიცხავ ცალკეულ გადაცდომას. თვითონ პანსიონი, სკოლა და ნებისმიერი დაწესებულება, სადაც ბავშვები არიან, ცოცხალი ორგანზმია, შეიძლება რაღაცა მომენტში მოხდეს გადაცდომა, ურთიერთობის არამიღებული ფორმით განხორციელება, რაც სტანდარტებს ეწინააღმდეგება, რასაც ვერავინ, ვერასოდეს გამორიცხავს. მაგრამ, ის, რომ ეს ბავშვები არიან ჩაგვრის ობიექტი, მსგავსი ვერაფერი ვერ დავინახეთ. თუ არის, ან იყო ცალკეული ერთეული შემთხვევა, ამაზე კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა იმსჯელონ, გამოიკვლიონ და დააგინონ არის თუ არა გადაცდომის რამე ნიშნები.

მაშინ, ვინ არიან ის ბავშვები, რომლებიც საუბრობენ ძალადობაზე და როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს მართული პროცესი?

– ჩვენ არ ვიცით. არაერთხელ ვთქვი, რომ სახე დაფარული და ხმა გადაკეთებული ბავშვების იდენტიფიცირება ჩვენ არ შეგვიძლია. ამისთვის არსებობენ სოციალური მუშაკები, სამართალდამცავი ორგანოები, თუ რამე კანონდარღვევას აქვს ადგილი, ყველამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს ეს მასალები, რომ მოხდეს ამ ბავშვების იდენტიფიცირება. სოციალურ მუშაკებთან ერთად გავესაუბრეთ ბავშვებს და რაიმე ისეთი განსაკუთრებული დარღვევა, ან გადაცდომა ვერ აღმოვაჩინეთ.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთეული შემთხვევა შესაძლებელია იყოს აღმზრდელსა და ბენეფიციარს შორის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტები რეაგირების გარეშე არ უნდა იყოს დატოვებული. რაც შეეხება ძველ საქმეებს, რომელზეც ამბობენ, რომ აღძრულიაო საქმე, ყველა გამოძიებას აქვს თავისი ვადა, ამიტომ თუ დანაშაულის ნიშნები ვერ დადგინდა, ეს არც საპატრიარქოს ბრალია და არც პანსიონის.

თუ რამე არის გამოსაძიებელი, კომპეტენტურმა ორგანოებმა გამოიძიონ, დადონ შესაბამისი შედეგი და საპატრიარქო აუცილებლად მოახდენს შესაბამის რეაგირებას. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის პანსიონის ხელმძღვანელი. ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი სასულიერო პირი, რომელიც არღვევს კანონით გათვალისწიენებულ მოთხოვნებს, არღვევს ბავშვების უფლებებს, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა აგოს პასუხი. მაგრამ თუ არ არის დარღვევა, მაშინ აქ უკვე მიზანმიმართულობას ვხედავ და არა რაიმე დარღვევას.

მივდივართ მიზანმიმართულობამდე?

– თუ შენ გინდა საქმიანად გაერკვე და მართლა შეისწავლო, უნდა გვითხრა, რომ თქვენთან არის დარღვევები და გამოსასწორებელია, ეს არის ურთიერთთანამშრომლობა და საქმიანი დამოკიდებულება. მაგრამ თუ შენ მიზანმიმართულად მოდიხარ, რომ პროვოცირება გაუკეთო სიტუაციას, შეურაცხყოფა მიაყენო ხელმძღვანელ პირს და ა.შ. რა თქმა უნდა, გამოდის, რომ შენ მიზანმიმართულად დისკრედიტაციას უკეთებ ეკლესიას და მის დაქვემდებარებაში მყოფ იურიდიულ პირებს და მათ შორის პანსიონს.

ახლა რა მდგომარეობაა პანსიონში, არიან იქ ბავშვები?

– მე როგორც ვიცი, პანსიონში დაახლოებით 30–დან 33-მდე ბავშვია დარჩენილი. დანარჩენი გაიყვანეს მშობლებმა და საზაფხული არდადეგებზე გავიდნენ. ეს ფაქტიც მეტყველებს იმაზე, რომ ბავშვებს კონტაქტი აქვთ მშობლებთან. დავუშვათ, პანსიონმა დამალა ინფორმაცია არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ისინი რომ თავიანთ მშობლებთან დაბრუნდებოდნენ, არ ეტყოდნენ ამის შესახებ? რატომ ითხოვენ ეს ბავშვები ხელახლა პანსიონში დაბრუნებას? ე.ი. კარგი ურთიერთობა აქვთ, ეს ხომ ლოგიკურია.

ბუნებრივია, თუ ბავშვს არ აქვს კარგი დამოკიდებულება, ეტყვის თავის მშობელს, იქ მეორედ არ დაბრუნდება, ეს ხომ ლოგიკური მსჯელობის საგანია? ბავშვი მშობელს არ დაუმალავს და არც მშობელი დამალავს. ამბობენ, რომ პანსიონი დაიცალა, ასე არ არის. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ბავშვები არდადეგებზე მიჰყავთ მშობლებს და შემდგომ ისევ ბრუნდებიან. ასე რომ, თავისუფლება შეზღუდული არავის აქვს და ამას ფაქტები ადასტურებს.

რას ელოდებით გამოძიებისგან, გაქვთ მოლოდინი, რომ გამოძიება იტყვის რეალურად ვინ არიან ეს ბავშვები? ფაქტია, რომ პანსიონის მაცხოვრებელმა ბავშვებმა ისინი ვერ ამოიცნეს და გაჩნდა ვერსია, რომ ისინი არ არიან პანსიონის აღსაზრდელები...

– ამ ეჭვის დასაბუთების საფუძველი მომცა თვითონ ამ პანსიონის აღსაზრდელების და მათ შორის იმ ბავშვების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომელბიც 10 წელი და ზოგი კიდევ უფრო მეტი წელი ცხოვრობდა იქ. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ ეს ბავშვები ვერ ამოვიცანით და ესენი ჩვენთან დაკავშირებული ბავშვები არ არიანო, ამას ამბობენ ღიად.

ამიტომ, რა თქმა უნდა, მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიღაცამ შეგნებულად დაფარა სახე და ასაღებს ისე, რომ თითქოს, ისინი არიან ჩვენი ბენეფიციარები. აქედან გამომდინარე, თუ საჯაროდ ვერ ახდენენ იდენტიფიცირებას, მაშინ მიმართონ შესაბამის ორგანოებს და ის დაადგენს. ამიტომ მივმართე ტელევიზიებს, რომ რაღაცა ფაქტები, რაზეც საუბრობენ, ჩემთვის არ იძლევა დასაბუთებულ ვარაუდს. ეს ორიგინალი მასალები გადაეცეს შესაბამის ორგანოებს და ისინი დაადგენენ ტყულია, თუ სიმართლე.

Katana . 1. ამდენი მასალა გამოქვეყნდა ამ თემაზე და ვერ მივიღე პასუხი ელემენტარულ კითხვაზე - რამდენი ბავშვია ამ პანსიონატში?
2. თუ გამოძიებამ დაადგინა, რომ ლომჯარიამ და საეჭვო წარმომავლობისა და მიზნების ენჯეოებმა ცრუ განგაში ატეხეს და სრულიად მიზანმიმართულად, საქვეყნოდ შეულახეს სახელი ამ პანსინატს, რა სასჯელი ემუქრებათ ამისათვის? (ჩემი ვარაუდით - არავითარი!.. რადგან ამ ქვეყანაში ცილისწამება და დაუსაბუთებელი შეურაცხყოფა წახალისებულია დაუსჯელობით!).
3. გამოძიებამ მხოლოდ პანსინატში "გამეფებული აუტანელი სიტუაცია" უნდა გამოიძიოს, თუ ისიც, რაიმე მატერიალური დაინტერესებაც ხომ არ ჰქონდათ ამ განგაში ავტორებს?
3 წლის უკან