გასული წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ხოაკინ ფენიქსსა და რუნი მარას შვილი შეეძინათ: ვაჟი, რომელსაც ფენიქსის გარდაცვლილი ძმის სახელი, რივერი დაარქვეს.
ზოგადად ხოაკინ ფენიქსი იშვიათად თანამშრომლობს მედიასთან და ინტერვიუებში კიდევ უფრო იშვიათად საუბრობს თავის პირად ცხოვრებასა და ოჯახზე. თუმცა სულ ცოტა ხნის წინ The Sunday Times-თან მან თავის შვილზე ღიად ილაპარაკა.
46 წლის მსახიობი ცნობილია ცხოველების უფლებებსა და გარემოსდაცვით პრობლემებზე საჯარო განხილვებითა და ეკოლოგიურ აქტივიზმში აქტიური მონაწილეობით: 2020 წლის ოსკარების დაჯილდოების ცერემონიაზეც მან ამ საკითხებთან დაკავშირებით ემოციური სიტყვა წარმოთქვა.
ახალ ინტერვიუში ფენიქსმა სწორედ თავისი მსოფლმხედველობის შვილის აღზრდის მეთოდებთან კვეთაზე ისაუბრა:
"ცხადია, ვიმედოვნებ, რომ ის ვეგანი იქნება, მაგრამ არ ვაპირებ, რომ მას ჩემი შეხედულებები თავს მოვახვიო", — განაცხადა ხოაკინ ფენიქსმა.
ოსკაროსანმა მსახიობმა უფრო დეტალურად განმარტა, რომ ის თავის შვილს არჩევანის თავისუფლებას დაუტოვებს:
"არ ვაპირებ, მივაჩვიო მაკდონალდსის Happy Meal-ს (ბედნიერი საკვები), რადგან არაფერია ბედნიერი ამ საკვებში. არ ვაპირებ ვუთხრა, რომ ნორმალურია იმ წიგნების კითხვა, რომლებშიც ცხოველების პატარა მშვენიერი ფერმებია აღწერილი, სადაც ღორები ბედნიერად ღრუტუნებენ და ძროხები ზმუიან. არც იმის დამალვას ვაპირებ, თუ როგორ მზადდება ჰამბურგერი. ასე რომ, მე არ ვეტყვი მას ტყუილს, მაგრამ არც ვაიძულებ, რომ ვეგანი გახდეს. მხოლოდ მხარს დავუჭერ, თუ ამას მოინდომებს", — ამბობს ფენიქსი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხოაკინ ფენიქსმა შვილზე გლობალური პრობლემის კონტექსტში ისაუბრა: 2020 წელს მან რუნი მარასთან ერთად გამოაქვეყნა კრიტიკული ტექსტი, სადაც წყვილმა თავისი შვილის მომავალსა და აშშ-ის იმდროინდელი პრეზიდენტის მიგრანტებთან დაკავშირებულ მკაცრ პოლიტიკაზე ღიად გამოხატა საერთო პოზიცია.