როკ–ოპერა ქართულად

როკ–ოპერა ქართულად

დღეს, ბათუმში ახალი ქართული როკ–ოპერის მინდია ხითარიშვილის “თავფარავნელის ბალადის“ პრემიერა იგეგმება. პროექტის იდეის ავტორია მუსიკისმცოდნე თენგიზ შამილაძე, რომელმაც შესთავაზა ახალგაზრდა კომპოზიტორს მინდია ხითარიშვილს თამაზ ჭილაძის პიესის “თავფარავნელი ჭაბუკის“ მიხედვით დაეწერა როკ-ოპერა.

 

პროექტზე მუშაობა ერთი წლის წინ დაიწყო და მასში იმთავითვე ჩაერთო კომპოზიტორი მინდია ხითარიშვილი, ლიბრეტოს ავტორია ირმა გურიელი და რეჟისორი გიორგი თავაძე. აღსანიშნავია, რომ თამაზ ჭილაძის პიესა ჯერ არც ქართულ დრამატული თეატრების სცენებზე განხორციელებულა და ამ სიუჟეტზე განსხვავებული მუსიკალურ-სიუჟეტური ლიბრეტო შექმნა პოეტმა ირმა გურიელმა.

 

მინდია ხითარიშვილის ორმოქმედებიან როკ-ოპერას ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ახალაგზრდული მუსიკალური თეატრის ბაზაზე რეჟისორი, კოტე მარჯანიშვილის და სანდრო ახმეტელის პრემიების ლაურეატი გიორგი თავაძე დადგამს. რეპეტიციები ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე უკვე დაწყებულია. სპექტაკლის დამდგმელი მხატვრები არიან გოგლა გოგიბერიძე და ლუკა ბესელია.

 

სპექტაკლში ოცამდე სოლისტი და ორმოცამდე გუნდის მომღერალი მონაწილეობს. ვოკალის რეპეტიციებს დასთან ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის მთავარი ქორმასიტერი მანანა ჩაუშბა გადის.

 

გაორკესტრება კი თავად კომპოზიტორს მინდია ხითარიშვილს ეკუთვნის. ორკესტრის სოლისტებია ედიშერ ლომაძე (გიტარა), ზურა ბაღდადიშვილი (დოლი და ტამტამები), გიორგი მალაყმაძე (დუდუკი). მთავარ პარტიებს ასრულებენ: თეა გელოვანი (ნანო), რამაზ ვარშანიძე (თავფარავნელი), პაატა აბესლამიძე (მტავარი), პაატა ფაცია (მთქმელი, მასხარა), ირაკლი გვარჯალაძე (სიკა), მარინა ჩაუშბა (იმედი), ლაშა მოისწრაფიშვილი (ბახუტა), ირაკლი გოგიტიძე, გივი გიგინეიშვილი (სიმართლე).