ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა გამყარებას განაგრძობს, ლარი მყარდება ყველა პარტნიორ ვალუტასთან მიმართებაში. აისახება თუ არა ეს პროდუქციის ღირებულებაზე და უნდა ველოდოთ თუ არა მომვალში კურსის კიდევ უფრო გამყრებას?
რასაკვირველია კურსის დადებითი ცვლილება კარგია, მაგრამ მოსახლეობას ყველაზე მეტად საშინლად გაძვირებული პროდუქტებზე ფასის კლება აინტერესებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში მთავარი გამოწვევა ინფლაცია და სამომხმარებლო ხარჯების მკვეთრი ზრდაა.
საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ივა ჭყონიას განცხადებით, უახლოეს მომავალში, თუ ლარის გამყარების ასეთი ტრენდი შენარჩუნდა, პირველადი საჭიროების პროდუქტების გაიაფება მოსალდნელია, რასაც ვერ ვიტყვით, სხვა ტიპის პროდუქციაზე.
„ლარის მიმართ ნდობა არის საკმაოდ დაბალი, არაერთხელ გვინახავს ანალოგიური, რომ ეროვნული ვალუტა იწყებს დასტაბილურებას და შემდეგ კრიტიკულ ნიშნულს უბრუნდება. ბიზნესი გაურკვეველობაშია, რადგან ბუნდოვანია რა ამყარებს ლარს. აქვე გასათვალისწინებელია ის ზარალი, რაც ბოლო პერიოდში მიიღო ბიზნესმა დევალვაციის გამო, მათ შორის საწვავზე ფასის ცვლილებაც საკმაოდ ნეგატიურად აისახებოდა პროდუქციის თვითღირებულებაზე.
ამ ეტაპისთვის, სწრაფად ფასის ცვლილებას შეიძლება ველოდოთ ისეთ პროდუქტზე, როგორიცაა პირველადი მოხმარების საქონელი, რომელიც ყოველდღიურ ბრუნვაშია და იმპორტირებულია. ეს იქნება ზეთი, შაქარი, ფქვილი, შემოტანილი ბოსტნეული თუ ხილი, თუმცა, ისეთი მეორე, მესამე ან მეოთხე კატეგორიის პროდუქტები, რაც უფრო გრძელვადიანია, ამაზე ჯერჯერობით კომპანიები ფასებს არ გადახედავენ. დააკვირდებიან რა იქნება, თუმცა, ვისაც ამის საშუალება ექნება, გამოიყენებს და გარკვეულ აქციებს გამოაცხადებს, სადაც კონკრეტული პროდუქტი სააქციო ფასით გაიყიდება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ჭყონიამ.
ეროვნული ვალუტა კი გამყარებას განაგრძობს. 4 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან - 7 თეთრით, ევროსთან კი 11 თეთრით გამყარდა. ბიზნეს კიდევ უფრო მეტის მოლოდინი აქვს. საქართველოს ბიზნესასოციაციის შეფასებით, ძალიან სასიხარულო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ლარის გამყარების პროცესი და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა გრძელდება, თუმცა იქვე აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ეროვნული ვალუტის ბოლოდროინდელი გამყარებისა, არაერთი ინდიკატორით ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება და მისი შემდგომი გამყარების რესურსი კიდევ არსებობს.
საქართველოს რეალობაში ლარის კურსი არის ეკონომიკის მდგომარეობის მთავარი ბარომეტრი და მისი გამყარება მყისიერად იწვევს ბიზნესისა და მოსახლეობის განწყობებისა და მოლოდინის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
„ლარის გამყარების პროცესი კიდევ უფრო გააუმჯობებებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის მოთოკავს მზარდ ინფლაციას, რაც ბოლო წლებში ნებისმიერი ადამიანისთვის და განსაკუთრებით მოსახლეობის დაუცველი ფენებისათვის საკმაოდ მწავე პრობლემად და გამოწვევად იქცა.
ასევე, ლარის გამყარებამ და კურსის სტაბილურობამ უნდა გამოიწვიოს ეროვნული ვალუტისადმი ნდობის თანდათანობითი აღდგენა. ეს კი შექმნის ძლიერ მუხტს ბიზნესსა და ეკონომიკაში და უფრო ეფექტიანს გახდის ფისკალურ, მონეტარულ და სავალუტო პოლიტიკას“, - აღნიშნულია ასოციციის განცხადებაში.
ეკონომისტმა აკაკი ცომაიამ კი ის ფაქტორები დაასახელა, რამაც ლარის ნახტომისებური გამყარება გამოიწვია. ექსპერტს უჭირს იმის პროგნოზი, თუ როგორ გაგრძელდება გაცვლითი კურსის დინამიკა ახლო მომავალში.
„ზოგადად, როდესაც კურსი ასე მერყეობს, ეს არ არის ჯანსაღი ეკონომიკის ნიშანი. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ბოლო თვის ეკონომიკური ზრდა, რომელიც 2019 წელთან შედარებითაც კი 20%-ს აღწევს, რომ არაფერი ვთქვათ პანდემიურ 2020 წელზე. ასევე, ნახტომი გვაქვს ფულადი გზავნილებში, გაზრდილია ექსპორტი და გამკაცრებულია მონეტარული პოლიტიკა. ასე რომ, ამ ფაქტორთა ერთობლიობა, აუცილებლად გამოიწვევდა ლარის გამყარებას.
ახლა, მკითხაობაა და ვერავინ იტყვის გაგრძელდება, ან შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია და რას იზამს ლარი ხვალ. ეს სრულადაა დამოკიდებული ადამიანების ეკონომიკურ ქცევაზე, რამაც სამომავლოდ ეკონომიკური ზრდის ტემპი უნდა განაპირობოს“, - განაცხადა ცომაიამ.
ეროვნული ბანკის მიერ 4 ივნისისთვის დადგენილი კურსით, ერთი დოლარი 3,15 ლარია. ცნობისთვის, ლარი დოლართან ასეთი გამყარებული 2020 წლის 16 სექტემბრის შემდეგ (3,1547) არ ყოფილა.
რეალურ საფუძველს მოკლებულია თითქოს "საქართველოს რეალობაში ლარის კურსი არის ეკონომიკის მდგომარეობის მთავარი ბარომეტრი და მისი გამყარება მყისიერად იწვევს ბიზნესისა და მოსახლეობის განწყობებისა და მოლოდინის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას."
ბიზნესს და მოსახლეობას ვალუტის სტაბილური კურსი სჭირდება. კურსის, ნებისმიერი მიმართულებით, მკვეთრი და მნიშვნელოვანი ცვლილება ანგრევს ეკონომიკას და ყვლეფს მოსახლეობას.