ვინ გახსნის ნინოწმინდის პანსიონატის ჩარაზულ კარს? - მეუფე სპირიდონი, შესაძლოა, პანსიონატს განარიდონ

ვინ გახსნის ნინოწმინდის პანსიონატის ჩარაზულ კარს? - მეუფე სპირიდონი, შესაძლოა, პანსიონატს განარიდონ

ოპოზიცია, ხელისუფლება, აქტივისტები, ომბუდსმენი თუ მოსამართლე - ვინ გახსნის ნინოწმინდის ჩარაზულ კარს? ნინოწამინდის ბავშვთა სახლის ირგვლივ აურზაური არ ცხრება და სულ უფრო დაძაბულ სახეს იღებს.

ნინოწმინდის პანსიონის გალავანთან თითქმის ორთვიანი ლოდინის შემდეგ ჭიშკარი მედიისთვის და სახალხო დამცველისთვის არა, თუმცა რეგულირების სააგენტოსთვის გაიხსნა. სოციალურ მუშაკებსა და ფსიქოლოგებს აღსაზრდელების მდგომარეობის შესწავლისა და ადგილზე არსებული სიტუაციის მონიტორინგის საშუალება მიეცათ.

რეგულირების სააგენტოს პანსიონში შესვლიდან რამდენიმე საათში ბენეფიციარების ნაწილმა შენობა დატოვა. მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს გაყვანის თხოვნით თავად მიმართეს.

პანსიონში მიმდინარე პროცესების პარალელურად სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა ნინოწმინდის სახლის ხელმძღვანელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა. მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესაუბრება ის ბავშვებს სოციალური მუშაკების თანდასწრებით და როგორ ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ ბენეფიციარები იქ თავს კარგად გრძნობენ და სხვა თავშესაფარში გადასვლა არ სურთ. საუბარში ტელეფონის საშუალებით ის ბავშვების მშობლებსაც რთავს და მათ ეკითხება სურთ თუ არა მათი შვილები სოციალურმა სამსახურმა პანსიონატიდან წაიყვანონ? დედა პასუხობს, რომ არა, რადგანაც მის შვილს ამ დაწესებულებაში პრობლემები არა აქვს.

მთავარეპისკოპოსი სპირიდონის გარდა ნინოწმინდაში სხვა სასულიერო პირებიც ჩავიდნენ. ახალციხისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი და საპატრიარქოს წარმომადგენლები პანსიონში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ, ცნობილი გახდა, რომ ვითარებას შეისწავლის საპატრიარქოს კომისიაც.

სავარაუდო სექსუალური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები გახდა მიზეზი, რის გამოც არასამთავრობო სექტორმა საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. უფლებადამცველი მოსამართლეს იმ განჩინების გამოტანას სთხოვს, რომლის მიხედვითაც ზრუნვის სააგენტო პანსიონის ყველა ბენეფიციარს დაუყოვნებლივ გაიყვანს ნინოწმინდიდან.

მედიაში გასული რეპორტაჟებისა და ყოფილი ბენეფიციარების ინტერვიუების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, უწყებამ ნინოწმინდის პანსიონის შესახებ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.

საქმეში ჩაერთო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიც, ამჯერად უწყება სოციალურ ქსელში იმ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების საკითხს შეისწავლის, რომელიც მეუფე სპირიდონმა გაავრცელა. ვიდეოში ბავშვების მაიდენტიფიცირებელი კადრები ჩანს, რაც ბავშვების უფლებების დარღვევას გულისხმობს. ექვსი ბენეფიციარი სააგენტომ მათი სურვილით გადაიყვანა პანსიონატიდან „ზრუნვის სხვა ფორმაში“. მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 10 ბენეფიციარის გადაყვანის საკითხზე. ამ დროისათვის, პანსიონატში 6-დან 18 წლამდე, 47 ბენეფიციარი ირიცხება.

პარალელურად, პანსიონატში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ სამართალდამცავები. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს:

„მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხვა. საქმეში ჩართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ჯანდაცვის სოციალური სამსახური - სოცმუშაკები და ფსიქოლოგები. მიმდინარეობს ამ ადამიანების გამოკითხვა. გუშინვე დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში, ახლაც მიმდინარეობს საპროცესო მოქმედებები, კონკრეტული პირების გამოკითხვა და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, - ამბობს დარახველიძე.

ნინოწმინდის პანსიონატი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2 ივნისს, სახალხო დამცველის კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში პანსიონატში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.

მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ლაპარაკობდა საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონატის კედლებს მიღმა სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, შეიძლება ითქვას, რომ ომბუდსმენის 2 ივნისის განცხადება იქცა საზოგადოების ნაწილის აღშფოთების მიზეზად. საპატრიარქო და შინაგან საქმეთა სამინისტრო კი იძულებულნი გახდნენ, ძალადობისა და გაუპატიურების მუხლებით მიმდინარე გამოძიებებზე განცხადებები გაეკეთებინათ.

4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები „უწყვეტ რეჟიმში“ მიმდინარეობს. შსს მედიას მიმართავს, თუ აქვთ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.

რეალურად რა ხდება პანსიონატში ორი სხვადასხვა რადიკალური ინფორმაცია გამოდის. ბავშვთა ერთი მხარე, რომლებმაც ნინოწმინდის პანისიონატი დაამთავრეს, ამბობენ, რომ მეუფე სპირიდონის და დაწესებულების ირგვლივ დაწყებული აჟიოტაჟი მცდარია და ამ თემის აგორება ვიღაცის ინტერესებში შედის. ნაწილი მათგანი კი მედიასთან შემზარავ და სასტიკ მოპყრობაზე საუბრობს. ისინი ამბობენ, რომ პანსიონატში ამღზრდელები მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, სცემდნენ და საკვების მიღების საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც მონებს ისე ექცეოდნენ და მათ განათლებაზეც არ ზრუნავდნენ. ხოლო მიცემულ შემოწირულობას ან საჩუქრებს მათ არავინ აძლევდათ.

მეუფე სპირიდონი, რომელსაც 2004 წელს, ჯერ კიდევ დეკანოზ გრიგოლის სახელით მოღვაწე სასულიერო პირს დაავალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჯავახეთში, ნინოწმინდაში, ბავშვთა სახლის შექმნა, უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ის მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ სახალხო დამცველი პანსიონატში ფეხს ვერ შედგამს და ამას მხოლოდ მის გვამზე გადაბიჯების შემდეგ მოახერხებს.

„ჩემი პირადი პოზიციაა – მე ამ ვიდეოში ვერაფერი საგანგაშო ვერ ვნახე, ბავშვს ეკითხებიან, პასუხობს. შეიძლება, მე კარგად არ მესმის, რა სტანდარტს გულისხმობს“, – ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ სხალთის ეპარქიის მიერ ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების ვიდეოს გავრცელების შესახებ კითხვას.

„მე გეტყვით, რომ ზეწოლა არის უშნოდ დასმული შეკითხვები. პატარა ბავშვს როდესაც ეკითხებიან, არის თუ არა სექსუალური ძალადობა თქვენზე, თუ მოგეცემათ საშუალება ოდესმე საშუალება და მათ გამოკითხავთ, რას განიცდიან როდესაც ამას ეკითხებიან, მიხვდებით, რა არის რეალურად ზეწოლა მათზე“, – თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა კომისია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებული მდგომარეობის გასაცნობად. ჯაღმაიძე ამბობს, რომ ისინი ესაუბრნენ პანსიონში მცხოვრებ არასრულწლოვანებს და იქ „სრულიად სიმშვიდეა“.

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის ნიკოლოზის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში სოცმუშაკები რამდენიმე დღე დარჩებიან.

როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი განმარტავს, იმისთვის, რომ ბავშვებს სტრესულ გარემოში არ ესაუბრონ, მათთან რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან და უკეთესად გაიცნობენ.

ამასთან, მიტროპოლიტის თქმით, დღეს საგანგებოდ შეიქმნა კომისია, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს.

„ზოგადად, ბავშვებთან გვაქვს შეხვედრა, როგორც გავესაუბრე სოცმუშაკებს, ამ წუთას ერთი ამოცანა აქვთ - გაარკვიონ, ადგილზე ვინც არიან, ვის აქვს სურვილი, რომ აქედან სადმე წავიდეს, თუ არ აქვთ ამის სურვილი. ოღონდ, ეს მარტო ბავშვის სურვილზე არ არის დამოკიდებული, თუ ბავშვს უნდა წასვლა, სად უნდა გააჩნია და სადაც უნდა, იქაც უნდა ჩავიდნენ სოცმუშაკები. მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვია, რომლის მშობელიც ცხოვრობს ერთ-ერთი ასეთი ტიპის დაწესებულებაში, სადაც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები და ამ ბავშვს უნდა, რომ მის მშობელთან იყოს. იმ მშობელს უნდა ჩააკითხონ, ჰკითხონ რამდენად შეუძლია და იმ დაწესებულებას რამდენად აქვს ამის რესურსი, რთული პროცესია. ამ შემთხვევაში გამოსავალს ამაში ვხედავ, რომ ამ სოცმუშაკებს რაღაცნაირი ნდობა გამოვუცხადოთ, პიროვნულად არ არიან ცუდი ადამიანები. სოცმუშაკები აქედან სავარაუდოდ, დღეს არ გამოვლენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, ასეთ სტრესულ ვითარებაში ბავშვებს რომ არ ელაპარაკონ, რამდენიმე დღე დარჩნენ ეს სოცმუშაკები, ღამე დარჩნენ, იყვნენ ამ ბავშვებთან, იცხოვრონ ცოტა ხანი, გაიცნონ“, - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის „ფეისბუკზე“ ბენეფიციარი არასრულწლოვნების ვიდეოების „ფეისბუკზე“ გავრცელების შემდეგ ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ მოითხოვა მთავარეპისკოპოს სპირიდონის შემაკავებელი ორდერის გამოწერა. როგორც ორგანიზაციის წევრი ანა აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რასაც ახლა ნინოწამინდაში ვუყურებთ, საგანგებო და სრულიად არაადეკვატური სიტუაციაა. სრულიად მივიწყებულია ბავშვი და მისი ინტერესები. ახლა მხოლოდ სახელმწიფოს და საპატრიარქოს ინტერესებს ვხედავთ. ორივეს ბავშვები დავიწყებული ჰყავს და თავის გასამართლებლად ახლა იმასაც არ ერიდებიან, რომ ატირებული ბავშვების სახეები სოციალურ ქსელებში გაავრცელონ. აჩვენონ გაუბედურებული დედები, რომლებსაც შვილის სახლში წაყვანის საშუალება არა აქვთ.

„შედის რაღაცა კომისია და მეუფეები, რომლებიც ვითომ კომისიას ქმიან და გამოძიებას აპირებენ. ვინ არიან ეს ხალხი და სად არის აქ კანონი, სახელმწიფო და რა ინდულგენციით სარგებლობენ ამდენს რომ ბედავენ? სახელმწიფო მათ მიერ კუთხეშია მიგდებული. მაგიდის კუთხეში ატუზული სოციალური მუშაკები სახელმწიფოს ნამდვილი სახეა. ამ საქმეში 15 წელია რაც ვარ და ასეთი რამ არ მინახავს. სასამართლოს მივმართეთ, რომ ბავშვები გაიყვანონ და კვლევა მერე ჩატარდეს რა ხდებოდა. აი, ამ კოშმარის თავიდან არიდება გვინდოდა, რასაც სოცილურ ქსელში ვუყურეთ. მეუფე სპირიდონი ცალკე აღებული მოძალადეა და ამის თქმის არ მეშინია. ამას სასამართლოთი დავამტკიცებთ. ის ამ წუთას ბავშვების წინააღმდეგ ძალადობს და ამაში ხელისუფლება ხელს უწყობს“, - ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ბავშვზე ზრუნვის სისტემა აღარ არსებობს. ქვეყანაში ბავშვზე ზრუნვის კოდექსი არ მოქმედებს. ახლა რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის საზარელი კოშმარი, რომლიც სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. აბაშიძე ამბობს, რომ ძალადობა მშობლებზეც მიდის. პირდაპირ მორალურად თრგუნავენ, ამიტომ ეს არის ბოლო ლურსმანი მოსამართლესთან შუამდგომლობის, რომელმაც სასწრაფოდ, მეუფე სპირიდონს შემაკავებელი ორდერი უნდა გამოუწეროს. ახლა ყველაფერი მოსამართლეზეა დამოკიდებული. ემოციურად ბავშვებს ნამდვილად ხორცის საკეპ მანქანაში ატარებენ და ვინც ეს პანსიონატი დაამთავრა, ამას არა ერთი ბავშვი ყვება.

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მეუფე სპირიდონის მსოფლმხედველობა და ე.წ. ცნობილი გამონათქვამები იქნება ეს რუსული პოლიტიკის, პუტინის მხარდამჭერი განცხადებები თუ ღიად ანტიდასავლური ქადაგებები ამბიონიდან, იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ის რაც ნინოწმინდის გარშემო ხდება, რეალურია. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ეს ადამიანი უკვე ძალადობის ფიგურაა. მეუფე ბავშვებზე და მის მშობლებზე ფიზიკურად რომც არ ძალადობდეს, ვიდეოში, რომელიც თავადვე გაავრცელა, კარგად ჩანს, რომ ფსიქოლოგიურად ძალადობს და მათით მანიპულირებს. მშობელს, რომელსაც შვილის მოვლის საშულება არა აქვს და გაჭირვების გამო პანსიონატში აბარებს, მის მანიპულირებას რა უნდა. ასევე ადვილია ბავშვების შეშინება, რომლებსაც ამ გარემოს გარდა სხვა არაფერი აქვთ ნანახი. რა თქმა უნდა, ასეთი ბავშვი ადვილად სამართავია.

„არ ვიცი, რა შეიძლება ითქვას, ეს არის ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოში ამკვიდრებს და ქადაგებს პუტინიზმს. ეს მეუფე გულმოდგინედ სტალინიზმს ქადაგებს და უკან არანაირი ძალადობის გამართლებაზე არ იხევს. მას იმხელა გავლენები აქვსს, რომ ვხედავთ ამხელა ინსტიტუტები არიან ჩართულები და ის ბავშვებით მანიპულირებას მაინც ახდენს. ვისაც ამ მეუფის ქადაგება ამბიონიდან მოუსმენია, ხედავს, როგორი ძალადობრივი რიტორიკა აქვს. ის, რომ ნინოწმინდის პანსიონატში ასეთი ძალადობები ხდებოდა, ყველამ კარგად იცოდა. თუმცა პანსიონატი იმდენად არის დახურული, რომ იქ რეალურად შესვლა არავის შეუძლია. საპატრიარქოც კი უძლურია და ამბობს, რომ არაფერი იციან“, - ამბობს თეოლოგი for.ge-სთან.

 

Aburjga Tasmanieli რა თქმა უნდა ეს ორკესტრირებული შეტავა ეკლესიის და პატრიარქისკენ არის მიმართული, ამაში ეჭვი არავის გვეპარება, მაგრამ მთავარი ვის წინააღმდეგაცაა მიმართული ქართველი ხალხია, მორწმუნე, უბით ჯვარის მატარებელი, ღვთის მოიმედე ხალხი!!! ჩემს წინააღმდეგა მათ შორის! ხოლო მეუფე სპირიდიონი ამოარჩიეს როგორც ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თანამოაზრე და გვერდში მდგომი ნამდვილ ეროვნულ მოძრაობაში! მაგათთვის ქრისტიანად ბავშვის აღზრდა იგივეა ვამპირს რომ ჯვარცმა აჩვენო და ნაკურთხი წყალი დაალევინო (როგორც ფილმებშია)! ნინოწმინდაში იმიტომ დაძვრება, რომ საქართველოს ეკლესიას ჩირქი მოსცხოს, დააკნინოს! ეს არის მისი სახალხო დაცველობის შინაარსი! ვერ ხედავთ იმდენად დაგვიმონეს "ჩვენმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა", რომ იმასაც თითონ გვისაზღვრავენ ვინ უნდა იყოს საქართველოში სახალხო დამცველი!!! აბა ლომჯარია (გაუთხოვარი გოგო) როგორ აჯობებდა 8 შვილის სანიმუშო მამას და უგანათლებულეს ქართველ პატრიოტს, დიმიტრი ლორთქიფანიძეს, როგორ-რა მექანიზმით გახდებოდა სახალხო დმცველი?!
3 წლის უკან