აშშ-ში, იუტას შტატში, 4 და 9 წლის გოგოებმა მშობლების ავტომობილი მოიპარეს და გადაწყვიტეს, ერთად წასულიყვნენ ოკეანის სანახავად, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, ბავშვებმა 03:00 საათზე, მაშინ გაიღვიძეს, როცა მათ მშობლებს ეძინათ. დების გეგმა იყო, წასულიყვნენ კალიფორნიაში, რომელიც მათი საცხოვრებლიდან 10 საათის სავალ გზაზე იყო.
პოლიციელები ჰყვებიან, რომ როდესაც მსუბუქი და მისაბმელიანი ავტომობილების ავარიის შესახებ მიიღეს შეტყობინება და ადგილზე გამოცხადდნენ, გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ავტომობილში ბავშვები ნახეს.
„გვინდოდა, ოკეანეში გვეცურავა“, - უთხრეს ბავშვებმა პოლიციელებს.
საჭესთან 9 წლის გოგო იჯდა. დებს ღვედები ჰქონდათ შეკრული და შეჯახების დროს არც ერთი არ დაშავებულა. ავარიამდე გოგოებმა ორი მთავარი გზის გავლა მოასწრეს. ირკვევა, რომ მშობლებს შემთხვევის დროს ეძინათ და პოლიციელებისგან შეიტყვეს შვილების მიერ ავტომობილის მოპარვის ამბავი.