„ის ქარიზმა, რაც გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ჰქონდა, ახლა ნამდვილად არ იგრძნობოდა“

„ის ქარიზმა, რაც გიორგი გახარიას პრემიერობის დროს ჰქონდა, ახლა ნამდვილად არ იგრძნობოდა“

„ხელისუფლებას რომ გადაეყენებინა გიორგი გახარია და ის დემარშით წასულიყო, მაშინ უფრო გახდებოდა მისაღები ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი, ვიდრე ახლა, როცა მელიას გამო გადადგა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე.

გიორგი გახარიას ყველა მხრიდან უხსნიან პოლიტიკურ ცეცხლს, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების ფლანგებიდან. უფრო მეტიც, პოლიტიკაში ახლადმობრუნებულ ექსპრემიერს მოკლევადიან პოლიტიკურ გააქტიურებას უწინასწარმეტყველებენ, თქვენ რას ფიქრობთ?

- ასე კატეგორიულად არ ვიტყოდი, რომ პოლიტიკაში გიორგი გახარიას შემობრუნება მოკლევადიანი იქნება, მაგრამ ერთ რამეში არ ვიზიარებ მის პოზიციას. კერძოდ, იგი არ გადადგა იმ მიზეზის გამო, რაც მის პოლიტიკურ რეიტინგს მაღლა აწევდა. მე არ ვთვლი გამართლებულად, რომ მელიას გამო საჭირო იყო გადადგომა, რადგან, ჯერ ერთი, ძალიან ბევრი ხალხი იყო დაზაფრული ამით. ელემენტარულად, ადამიანებს შეეშინდათ, სანამ არ გაიგეს, რომ ღარიბაშვილი მოვიდა პრემიერ-მინისტრად, მანამ საზოგადოებაში საშინელმა უარყოფითმა განწყობამ დაისადგურა. გიორგი გახარია ახლა გამოვიდა და, ფაქტობრივად, გვითხრა, რომ 20 ივნისის ქმედებებში თავის ნამოქმედარს ამართლებს. ამ აზრს მეც ვიზიარებ, რადგან არ შეიძლება არ აღკვეთო, როცა სახელმწიფო ინსტიტუტში დაგეგმილია შეჭრა. ამ დროს კი გახარია გადადგა იმის გამო, რომ მელიას დაჭერა იგეგმებოდა. ეს ნამდვილად მისი მხრიდან არაპოპულარული ნაბიჯი იყო.

გიორგი გახარია, ალბათ, მიხვდა, რომ მელიას თემასთან მისი გადადგომის დაკავშირება არ იქნებოდა მომგებიანი, ამიტომაც პარტიის პრეზენტაციისას სცადა ამ ფაქტის შელამაზება და მისგან მეორე ვერსია მოვისმინეთ, რომ ის გადადგა არა მელიას გამო, არამედ იმიტომ, რომ კედელს აწყდებოდა და პოზიტიური როლის შესრულება არ შეეძლო.

- თუკი გახარია კედელს შეეჯახა, ეს მის სისუსტეზე მეტყველებს. როგორც წესი, ადამიანებს არ მოსწონთ ასეთი სისუსტე. როდესაც ის იყო პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ ლიდერი, უდავოდ იყო ქარიზმატული და ხალხში ძალიან დიდი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი გადადგომა პოლიტიკურად მისთვის წამგებიანი იყო. პრესკონფერენციაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს თუ დავაკვირდებით, ეს ის არ არის, რაც უზრუნველყოფს, რომ გიორგი გახარია გახდეს ძირითადი პოლიტიკური ოპოზიციური ძალა. ის ქარიზმა, რაც მას პრემიერობის დროს ჰქონდა, ნამდვილად არ იგრძნობოდა პრესკონფერენციის დროს და, პირიქით, ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ეს იყო დემაგოგია.

თუკი დავუშვებთ იმ ვერსიას, რომ ხელისუფლება გახარიას პრემიერმინისტრობიდან გადაყენებას უპირებდა, ამიტომაც გახარიამ დროში დაასწრო და თავად გადადგა, მაშინაც არ იქნება გამართლებული მისი ნაბიჯი?

- ხელისუფლებას რომ გადაეყენებინა გიორგი გახარია და ის დემარშით წასულიყო, მაშინ უფრო მეტად გახდებოდა გაცილებით მისაღები ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერი, ვიდრე ახლა, როცა მელიას გამო გადადგა. კი, ახლა ამბობს, მელიას გამო არ გადავდექიო, მე არ ვიცი, რეალურად რის გამო გადადგა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურად კარგად არ იყო შეფუთული მისი ეს ნაბიჯი, რაც უზრუნველყოფდა მის კაშკაშა ოპოზიციურ ლიდერად ჩამოყალიბებას.

ის, რომ პარტიის პრეზენტაციისას გიორგი გახარია აკეთებდა არაფრისმთქმელ განცხადებებს, ირწმუნებოდა, რომ არავის წინააღმდეგ არ მოდიოდა, მოდიოდა მხოლოდ საქართველოს გადასარჩენად, ასეთი ტრაფარეტული განცხადებები ხომ არ გახდა იმის საფუძველი, რომ ყველა მხარემ იგი სამიზნედ გაიხადა?

- მისი განცხადებები არაფრისმთქმელია. დღემდე დაკვეთად რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და ქმედებები, რადგან საზოგადოების უდიდეს ნაწილში ეს მაინც ითვლება დესტრუქციულ ძალად, რომელიც დღესაც განვითარებულ დესტრუქციულ ქმედებებს უწყობს ხელს. ამიტომ გიორგი გახარიას ასეთი შემრიგებლური დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ მიმართ ქართველი ხალხის დაკვეთა ნამდვილად არ არის. თავის დროზეც მისი ქარიზმის უდიდესი ნაწილი განპირობებული იყო იმით, რომ იგი „ნაციონალურ მოძრაობას“ ემუქრებოდა: „მე თქვენ დაგამთავრებთ“. ხალხს იმედი ჰქონდა, რომ გახარია მართლაც იყო ისეთი ტიპის ლიდერი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა.

ხომ არ ფიქრობთ, რომ გახარია შეიძლება ისევ ეძებდეს გზებს ივანიშვილთან მისასვლელად, როგორც ამბობენ, ისევ ხომ არ სურს, იყოს ივანიშვილის „თვინიერი შვილი“, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილზე არაფერს ამბობს, არც ცუდს, არც კარგს?

- გახარიას ადგილას რომ ვიყო, მეც ზედმეტს არ ვიტყოდი ივანიშვილის შესახებ, რადგან გახარიას პოლიტიკური ფიგურის შექმნა-ჩამოყალიბება ივანიშვილთანაა დაკავშირებული და ახლა რომ გამოვიდეს და მის წინააღმდეგ რაიმე თქვას, ლამაზი არ იქნება. ესეც დაემატება მას უარყოფითი თვალსაზრისით.

მისი მცდელობა, მესამე ძალად ჩამოყალიბდეს, შედეგს ვერ მოიტანს?

- არა მგონია, რომ ის ჩამოყალიბდეს ძირითად მესამე ძალად, რომელიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“. შესაძლოა, „ქართულ ოცნებას“ წაართვას რამდენიმე პროცენტი, განსაკუთრებით, მეგრული ელექტორატის ხარჯზე, მაგრამ სერიოზული ელექტორატის წართმევის შესაძლებლობა მას არ აქვს.

 

Katana . მომწონს ეს ქალბატონი. მომწონს მისი მსჯელობა, რომელიც ყოველთვის ზუსტად მისდევს ლოგიკურ ხაზს.
კარგი ინტერვიუა.
2 წლის უკან
amo ყოველთვის ობიექტურია.
2 წლის უკან