ეკონომიკის გახსნამ და რაც მთავარია, ლარის მკვეთრმა გამყარებამ ინფლაციის შემცირების დიდი იმედი გააჩინა. მართალია, იგი მიზნობრივ 3%-მდე წელს ვერაფრით დავა, თუმცა ფასების კლების ტენდენციას უკვე ყველა ელის. ზაფხული ამ მხრივ გარდამტეხი უნდა იყოს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, შარშან გლობალური ტურიზმის ფაქტობრივად გაჩერების ფონზე, საგარეო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გაზარდა და ლარის ეფექტური კურსი მკვეთრად გააუფასურა. ეს კი საბოლოოდ ფასებზე აისახა.
„2020 წელს ინფლაციის მაჩვენებელმა პიკს - 6.9 პროცენტს აპრილში მიაღწია. მაღალი დოლარიზაციის გამო, კურსის გაუფასურებამ არაჰეჯირებული მწარმოებლების სესხის მომსახურების ხარჯებიც გაზარდა. გარდა ამისა, მკვეთრად იმატა ვირუსის გავრცელების ტემპმა, რასაც დამატებითი შეზღუდვები და, შედეგად, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით მოქმედი მიწოდების ფაქტორების შენარჩუნება მოჰყვა.
2020 წლის დეკემბერში ინფლაცია საგრძნობლად, 2.4 პროცენტამდე, შემცირდა, რაც, ძირითადად, მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით იყო გამოწვეული. შედეგად 2020 წლის განმავლობაში ინფლაციამ, საშუალოდ, 5.2 პროცენტი შეადგინა. მონეტარული პოლიტიკის შესაძლო შემდგომი გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზეა დამოკიდებული.
მიმდინარე პროგნოზით, ინფლაცია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში 3-პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება და, სხვა თანაბარ პირობებში, მომავალი წლის განმავლობაში მიზნობრივი მაჩვენებლისკენ იმოძრავებს, რასაც, მათ შორის, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს. თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ, რომ პროგნოზის სიზუსტე დამოკიდებულია გაურკვევლობაზე, რომელიც ამ ეტაპზე ორივე მიმართულებით ისევ მაღალია“, - განაცხადა გვენეტაძემ.
უფრო იმედიან პროგნოზს აკეთებს ფინანსთა მინისტრი. ლაშა ხუციშვილი ინფლაციის შემცირებას ელოდება.
„ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად გადადგამს ეროვნული ბანკი ნაბიჯებს, რაც აუცილებლად აისახება ფასების დონეზეც. მოლოდინი გვაქვს, რომ მომდევნო თვეებში და წლიურ ჭრილში ინფლაცია აჩვენებს შემცირების ტენდენციას“, - განცხადა ხუციშვილმა.
შედარებით დადებითი მოლოდინი გაუჩნდათ ეკონომისტებსაც. ლარის შეუქცევადი გამყარების ტენდენციამ, მათ პროგნოზიც უკეთესი გახადა. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ფასების კლების რეალური პერსპექტივა გამოჩნდა. ამის წინაპირობად ექსპერტი ეკონომიკის გახსნას და ლარის გამყარებას მიიჩნევს.
„იყო განცხადება, რომ ივნისიდან შეიძლება საერთოდ გაუქმდეს შეზღუდვები. უფრო ფართოდ გაიღება კარი ტურისტებისთვის, რესტორნებიც გააქტიურდებიან და მომხმარებელი მოიმატებს. ამ თვალსაზრისით, მეტი მომსახურება შეიქმნება. არ უნდა გამოვრიცხოთ ისიც, რომ ლარი მეტად გამყარდება ზაფხულში, რადგან იმპორტის საჭიროებაც დიდი არ არის, ბაზარზე სამამულო პროდუქცია შემოდის, საქონლისა და მომსახურების მიწოდება იზრდება, რაც ფასების შემცირებას გამოიწვევს. ახლა ამისთვის ბევრი შესაძლებლობაა.
ამჟამად ლარი ისეთ მდგომარეობაშია, როცა ახალი წონასწორობის წერტილს ეძებს. თუკი კურსი ახლანდელ დიაპაზონში საყრდენ წერტილს მოძებნის, ეს ნამდვილად გააჩენს ინფლაციის შემცირების შესაძლებლობას“, - განაცხადა შეშელიძემ.
ჯერჯერობით კი, 2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.